25 ნოემბერს ტელეკომპანია „იმედმა“ და „პოსტივიმ“, ასევე ონლაინგამოცემა „ნიუსჰაბმა“ და „ინფო 9-მ“ გამოაქვეყნეს ფოტოპოსტები, რომლის მიხედვითაც „ევროკავშირის სასამართლო ყველა წევრ ქვეყანას ერთსქესიანთა ქორწინების კანონიერად აღიარებას ავალდებულებს“. მსგავსს ფორმულირებაში გამოტოვებული არის მნიშვნელოვანი კონტექსტი, რომ ევროკავშირის სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, გაერთიანების წევრმა სახელწმიფოებმა სამართლებრივად უნდა აღიარონ სხვა წევრ სახელმწიფოში სამართლებრივად გაფორმებული ერთნაირსქესიანთა ქორწინება. შედეგად, პოსტები შეცდომაში შემყვანია და ჰქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლო ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს მათ ეროვნულ კანონმდებლობაში ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებას ავალდებულებს. ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლო ხაზგასმით განმარტავს, რომ გადაწყვეტილება „არ მოთხოვს წევრ სახელმწიფოს, რომ თავის ეროვნულ კანონმდებლობაში გაითვალისწინოს ერთი და იგივე სქესის პირებს შორის ქორწინება. გარდა ამისა, წევრ სახელმწიფოებს აქვთ უფლება, თავად აირჩიონ ასეთი ქორწინების აღიარების პროცედურები. უცხოური ქორწინების მოწმობის პირდაპირ აღიარება მხოლოდ ერთ-ერთი შესაძლო პროცედურაა“.
ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილება ეფუძნება პოლონეთის ორი მოქალაქის საქმეს, რომლებიც 2018 წელს გერმანიაში დაქორწინდნენ. პოლონეთში საცხოვრებლად დაბრუნების შემდეგ მათ გერმანიაში გაცემული ქორწინების მოწმობის პოლონეთის სამოქალაქო რეესტრში რეგისტრაცია მოითხოვეს. აღნიშნული მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა იმ მიზეზით, რომ პოლონეთის კანონმდებლობა არ იძლევა ერთნაირსქესიანი წყვილის ქორწინების რეგისტრაციის უფლებას. გადაწყვეტილება წყვილმა სასამართლოში გაასაჩივრა. საბოლოოდ, საქმე პოლონეთის უზენაესს სასამართლომდე მივიდა, რომელმაც ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს რჩევის გაცემა სთხოვა.
ორწლიანი განხილვის შემდეგ, 2025 წლის 25 ნოემბერს ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ დაადგინა, რომ წევრ სახელმწიფოს აქვს ვალდებულება, აღიაროს ერთი და იგივე სქესის მქონე ორ ევროკავშირის მოქალაქეს შორის ქორწინება, რომელიც კანონიერად დაიდო სხვა წევრ სახელმწიფოში.
ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ ქორწინებასთან დაკავშირებული კანონები წევრი სახელმწიფოების კომპეტენციას წარმოადგენს, აღნიშნული კომპეტენციის განხორციელებისას წევრ სახელმწიფოებს მოეთხოვებათ ევროკავშირის კანონმდებლობის დაცვა. ერთნაირსქესიანი წყვილი, როგორც ევროკავშირის მოქალაქეები, სარგებლობენ ევროკავშირის ფუნქციონირების შესახებ ხელშეკრულების 21-ე მუხლით, რომლის მიხედვითაც გაერთიანების ყველა მოქალაქეს აქვს წევრი სახელმწიფოების ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილებისა და ცხოვრების უფლება. ისინი ასევე სარგებლობენ ევროპის კავშირის ძირითადი უფლებების ქარტიით გათვალისწინებული უფლებებით, რომლის მიხედვითაც „ყველას აქვს უფლება, პატივი სცენ მის პირად და ოჯახურ ცხოვრებას, საცხოვრებელსა და კომუნიკაციებს“ (მე-7 მუხლი) და „აკრძალულია დისკრიმინაცია განსაკუთრებით სქესის, რასის, კანის ფერის, ეთნიკური ან სოციალური წარმოშობის, გენეტიკური მახასიათებლების, ენის, რელიგიის ან რწმენის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების, ეროვნული უმცირესობის წევრობის, საკუთრების, დაბადების, შეზღუდული შესაძლებლობების, ასაკისა ან სექსუალური ორიენტაციის გამო“ (21-ე მუხლი). მართლმსაჯულების სასამართლოს მიხედვით, სხვა წევრ სახელმწიფოში რეგისტრირებული ქორწინების მოწმობის მიღებაზე უარის თქმით, სწორედ აღნიშნული უფლებები დაირღვა.
მართლმსაჯულების სასამართლო ხაზს უსვამს, რომ „როდესაც ისინი ქმნიან ოჯახურ ცხოვრებას მასპინძელ წევრ სახელმწიფოში, კერძოდ, ქორწინების გზით, მათ უნდა ჰქონდეთ იმის გარანტია, რომ შეძლებენ ამ ოჯახური ცხოვრების გაგრძელებას როცა დაბრუნდებიან იმ სახელმწიფოში, საიდანაც წარმოშობით არიან“.
მართლმსაჯულების სასამართლოს პრესრელიზში განმარტებულია, რომ ერთი და იგივე სქესის ორ ევროკავშირის მოქალაქეს შორის ქორწინების აღიარებაზე უარის თქმამ, რომელიც კანონიერად დაიდო სხვა წევრ სახელმწიფოში, სადაც მათ ისარგებლეს გადაადგილებისა და ცხოვრების თავისუფლებით, შეიძლება სერიოზული ხარვეზები გამოიწვიოს ადმინისტრაციულ, პროფესიულ და პირად დონეზე, რაც აიძულებს მეუღლეებს იცხოვრონ დაუქორწინებლად იმ წევრ სახელმწიფოში, საიდანაც წარმოშობით არიან.
მართლმსაჯულების სასამართლოს თანახმად, ის არ მოითხოვს, რომ წევრმა სახელმწიფოებმა თავიანთ ეროვნულ კანონმდებლობაში გაითვალისწინონ ერთნაირსქესიანთა წყვილებს შორის ქორწინება. გარდა ამისა, წევრ სახელმწიფოებს აქვთ უფლება, თავად აირჩიონ ასეთი ქორწინების აღიარების პროცედურები. სხვა წევრ სახელმწიფოში მიღებული ქორწინების მოწმობის აღიარება მხოლოდ ერთ-ერთი შესაძლო პროცედურაა. „მიუხედავად ამისა, სასამართლო ხაზს უსვამს, რომ ამ პროცედურებმა შეუძლებლად არ უნდა აქციონ ან ზედმეტად არ უნდა გაართულონ ასეთი აღიარება. არ უნდა მოახდინოს დისკრიმინაცია ერთნაირსქესიანთა წყვილების მიმართ მათი სექსუალური ორიენტაციის გამო, რაც იმ შემთხვევაში ხდება, თუ ეროვნული კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ერთი და იგივე სქესის წყვილებისთვის აღიარების პროცედურას, მაშინ როდესაც საპირისპირო სქესის წყვილებისთვის ეს პროცედურა ხელმისაწვდომია“, – ვკითხულობთ პრესრელიზში.
ამდენად, ინფორმაცია, ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ მნიშვნელოვანი კონტექსტის გარეშე გავრცელდა. პოსტებში გამოტოვებულია, რომ სახელწმიფოებმა სამართლებრივად უნდა აღიარონ სხვა წევრ სახელმწიფოში სამართლებრივად გაფორმებული ერთნაირსქესიანთა ქორწინება.







