სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიშები ჟურნალისტ თეა ადეიშვილის ვიდეოს ავრცელებენ (1; 2), რომელშიც ის ამბობს: „ეს უნდა დასრულდეს, ეს ომი უნდა დასრულდეს, რომ დადგეს მშვიდობა ცივილიზებულ სამყაროში. რუსეთის დამარცხებით, მარცხდება მთელი მსოფლიო“. ამის შემდეგ ვიდეო წყდება. „ტვ ჭუტა ფორმაშია“, – წერენ Facebook-ანგარიშები.
რეალურად, ვიდეო წყდება, რამაც შესაძლოა, მაყურებელი შეცდომაში შეიყვანოს და აფიქრებინოს, რომ რუსეთ-უკრაინის ომში რუსეთის დამარცხება, ჟურნალისტის თქმით, მსოფლიოს მარცხს ნიშნავს.

ვიდეო ნაწყვეტია „ტვ პირველის“ გადაცემიდან „მთელი კვირა“, რომელიც ეთერში 2025 წლის 23 ნოემბერს გავიდა. გადაცემა რუსეთ-უკრაინის ომში დონალდ ტრამპის 28-პუნქტიან ე.წ. „სამშვიდობო გეგმას“ შეეხებოდა. ერთ-ერთ მონაკვეთში გადაცემის წამყვანი თეა ადეიშვილი ამბობს (იხილეთ ბმულზე 14:55 წთ-დან): „ეს უნდა დასრულდეს, ეს ომი უნდა დასრულდეს, რომ დადგეს მშვიდობა ცივილიზებულ სამყაროში. რუსეთის დამარცხებით მარცხდება მთელი მსოფლიო“. ამ მონაკვეთში ჟურნალისტი პაუზას აკეთებს და მის ნათქვამს ასწორებს: „უფრო სწორედ მარცხდება ავტოკრატიული რეჟიმები და რუსეთის დამარცხებით იმარჯვებს ჩვენი ქვეყანაც, საქართველო იმარჯვებს რუსეთის დამარცხებით ეს არის აქსიომა“.
ამგვარად, სრულ ვიდეოში ჩანს, რომ ადეიშვილმა სწრაფადვე შეასწორა მისი ნათქვამი. ვიდეო კი იმგვარადაა მოჭრილი, რომ არ ასახავს შესწორების მომენტს და შესაბამისად, შეცდომაში შემყვანია.
ცნობისთვის, გასულ კვირას რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით აშშ-ის 28-პუნქტიანი გეგმის პროექტი გამოქვეყნდა. დოკუმენტი, სხვა საკითხებთან ერთად, მოიცავდა უკრაინის მიერ ტერიტორიების დათმობას. კერძოდ, შეთანხმების შემთხვევაში, ყირიმი, ლუგანსკი და დონეცკი აღიარებული იქნება რუსეთის დე-ფაქტო ტერიტორიებად, მათ შორის შეერთებული შტატების მიერ. ხერსონი და ზაპოროჟიე გაიყინება შეხების ხაზის გასწვრივ, რაც ნიშნავს დე-ფაქტო აღიარებას შეხების ხაზის გასწვრივ. დოკუმენტის მიხედვით, სამომავლო ტერიტორიულ შეთანხმებებზე შეთანხმების შემდეგ, როგორც რუსეთის ფედერაცია, ასევე უკრაინა იღებენ ვალდებულებას, რომ არ შეცვალონ ეს შეთანხმებები ძალის გამოყენებით. ამ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, უსაფრთხოების არანაირი გარანტია არ გავრცელდება.
23 ნოემბერს ჟენევაში უკრაინისა და აშშ-ს დელეგაციებს შორის აღნიშნულ გეგმასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გაიმართა. მხარეების თქმით, დისკუსიების შედეგად „განახლებული და დახვეწილი“ დოკუმენტი შეიმუშავეს. „უკრაინა და აშშ შეთანხმდნენ, რომ მომდევნო დღეებში ინტენსიურ მუშაობას გააგრძელებენ ერთობლივ წინადადებაზე. პროცესის წინსვლის პარალელურად, ისინი ასევე მჭიდრო კონტაქტში რჩებიან მათ ევროპელ პარტნიორებთან. ამ სამუშაო ჩარჩოს ფარგლებში, საბოლოო გადაწყვეტილებას უკრაინისა და აშშ-ს პრეზიდენტები მიიღებენ“, – ვკითხულობთ ერთობლივ განცხადებაში.
24 ნოემბერს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა, რომ ჟენევაში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ აშშ-ის მიერ შეთავაზებული 28-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა შემცირდა. ზელენსკი ამბობს, რომ განახლებული დოკუმენტი უკრაინის პოზიციას უფრო მეტად შეესაბამება. „ჟენევის შემდეგ, ამ ეტაპზე ნაკლები პუნქტია, აღარ არის 28, და ამ გეგმაში ბევრი სწორი ელემენტია გათვალისწინებული“, – განაცხადა ზელენსკიმ. The Financial Times-ის ინფორმაციით, განახლებული გეგმა ახლა 19 პუნქტს შეიცავს. 25 ნოემბერს ამერიკულმა მედიებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ უკრაინა შეთანხმებას დათანხმდა. CBS News-ს ამერიკელმა მაღალჩინოსანმა განუცხადა, რომ უკრაინელებმა თანხმობა განაცხადეს სამშვიდობო შეთანხმებაზე, თუმცა ამ ეტაპზე რამდენიმე „უმნიშვნელო დეტალია“ დარჩენილი, რომელიც უნდა დაზუსტდეს.







