2025 წლის 5 ნოემბერს ტელეკომპანია „იმედმა“ საკუთარ Facebook-გვერდზე გამოაქვეყნა ფოტო-პოსტი. ფოტო-პოსტის მარცხენა მხარეს მოყვანილია ციტატა ევროკომისიის 2025 წლის გაფართოების ანგარიშიდან, სადაც წერია, რომ არჩევნების შემდეგ „საქართველო ღრმა პოლიტიკურ კრიზისში შევიდა“, ხოლო მის საპასუხოდ, მარჯვენა მხარეს, არის წარწერა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიშზე: „2024 წლის საპარლამენტო არჩევნები მთავარმა სადამკვირვებლო მისიამ აღიარა, როდესაც მას კონკურენტული, ხოლო „ქართულ ოცნებას“ არჩეული ხელისუფლება უწოდა“ (არქივირებული ბმული).
ტელეკომპანია „იმედის“ მიერ მოყვანილი ციტატა ევროკავში

რის გაფართოების შესახებ 2025 წლის ანგარიშის შესავალშია მოცემული, სადაც კომისია აღნიშნავს, რომ 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რომელიც ხშირი დარღვევებით ხასიათდებოდა, პროტესტის მონაწილეების, დამოუკიდებელი მედიისა და პოლიტიკური ოპოზიციის წინააღმდეგ მზარდი რეპრესიული ქმედებებითა და კანონმდებლობით, ღრმა პოლიტიკურ კრიზისში აღმოჩნდა.
მოგვიანებით, ანგარიში უფრო დეტალურად მიმოიხილავს საქართველოში ჩატარებულ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს და ეუთო/ოდირის მიგნებებს: „არჩევნების ზოგადი ჩარჩო მოითხოვს ყოვლისმომცველ რეფორმებს, როგორც ეს ხაზგასმით აღნიშნა ეუთო/დემოკრატიული ინსტიტუტების ოფისმა, ვენეციის კომისიამ და ევროკომისიამ წარსულ რეკომენდაციებში, რომლებიც ჯერ კიდევ არ არის გათვალისწინებული. საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის 26 ოქტომბერს ჩატარდა. ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო)/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) სადამკვირვებლო მისიამ დაადგინა, რომ არჩევნები ჩატარდა მაღალპოლარიზებულ გარემოში, რომელიც ხასიათდებოდა დემოკრატიული უკუსვლით და რომელშიც წლის დასაწყისში მიღებულმა შემზღუდავმა კანონებმა ფუნდამენტურ უფლებებს ძირი გამოუთხარა. ცალკეული დარღვევები მოიცავდა ცნობებს დაშინების, იძულებისა და ამომრჩევლებზე ზეწოლის შესახებ, განსაკუთრებით საჯარო სექტორში დასაქმებულებსა და ეკონომიკურად მოწყვლად ჯგუფებზე. აღნიშნულმა შეშფოთება გამოიწვია ზოგიერთი ამომრჩევლის მიერ საკუთარი აზრის თავისუფლად ფორმირებისა და შიშის გარეშე ხმის მიცემის შესაძლებლობის შესახებ. სხვა დარღვევები აგრეთვე ეხებოდა არჩევნების დღის შემდგომ საჩივრების არასაკმარის დამუშავებას და ხმის ფარულობის დარღვევას“.
ამდენად, 2024 წლის არჩევნების შეფასებისას გაფართოების ანგარიში ძირითადად ეუთო/ოდირის დასკვნას ციტირებს. ტელეკომპანია „იმედის“ გამოქვეყნებული საინფორმაციო ბარათი კი, მკითხველს მიანიშნებს, თითქოს ევროკავშირის ანგარიშში მოცემული შეფასება ეუთო/ოდირის დასკვნასთან წინააღმდეგობრივია.
პირველ რიგში, ეუთო/ოდირის როგორც წინასწარ, ისე საბოლოო ანგარიშში აღნიშნულია, რომ სადამკვირვებლო მისიის მანდატი არის იმის დადგენა, თუ რამდენად შეესაბამება საარჩევნო პროცესი დემოკრატიული არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით ეუთოს წინაშე აღებულ ვალდებულებებს, სხვა საერთაშორისო სტანდარტებსა და ეროვნულ კანონმდებლობას. ეუთო/ოდირი არ ახდენს არჩევნების შედეგების აღიარება/არაღიარებას, რაც ცალსახად აღნიშნულია ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიშის თანმდევ პრესრელიზში, სადაც ვკითხულობთ, რომ „თავისი მანდატის შესაბამისად, ოდირი არ აღიარებს ან არ ამტკიცებს არჩევნებს, არამედ უზრუნველყოფს საარჩევნო პროცესის სრულყოფილ და მიუკერძოებელ შეფასებას უნივერსალური პრინციპების და საერთაშორისო ვალდებულებების საფუძველზე. ეს ამომრჩევლებს საშუალებას აძლევს, არჩევნების ხარისხი თავად განსაჯონ“. შესაბამისად, ეუთო/ოდირის მისიის დასკვნის ამგვარად ინტერპრეტაცია არაზუსტია.
რაც შეეხება ეუთო/ოდირის მიერ 2024 წლის არჩევნების „კონკურენტულად“ შეფასებას, აღნიშნულ საკითხზე „ჯეოფაქტსი“ აქამდეც წერდა.
წინასწარი ანგარიშისგან განსხვავებით, სადაც მისია აღნიშნავდა, რომ „წინასაარჩევნო კამპანია კონკურენტულ გარემოში, მაგრამ ნაკლებად ინტენსიურად მიმდინარეობდა“, საბოლოო ანგარიშში სიტყვა „კონკურენტული“ აღარ გვხვდება.
2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შესახებ ეუთო/ოდირის წინასწარი ანგარიში „კონკურენტულობის“ კრიტერიუმს უშუალოდ პოლიტიკური სუბიექტების მიერ წინასაარჩევნო კამპანიის წარმართვის პირობებს უკავშირებდა – „წინასაარჩევნო კამპანია კონკურენტულ გარემოში, მაგრამ ნაკლებად ინტენსიურად წარიმართა. ზემოაღნიშნულ შეფასებას, წინასაარჩევნო კამპანიის კრიტიკა და პროცესების საერთაშორისო სტანდარტებსა და ეუთო/ოდირის მიერ გაცემულ რეკომენდაციებთან შეუსაბამობის თაობაზე მითითებები ერთვის.
წინასწარი ანგარიში მმართველი პარტიის ქმედებებზე, ინიციატივებსა და საკანონმდებლო ცვლილებებზე აპელირებს, რომლებმაც „უთანასწორო საასპარეზო პირობები კიდევ უფრო უთანასწორო გახადეს“. კერძოდ:
- მაღალი რანგის თანამდებობის პირების მიერ წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა მმართველ პარტიას შეუსაბამო თანამდებობრივ უპირატესობას ანიჭებდა და ზოგიერთ შემთხვევაში პარტიასა და სახელმწიფოს შორის გავლებულ ზღვარს შლიდა, რაც არ შეესაბამება ეუთოს წინაშე აღებულ ვალდებულებებსა და კარგ პრაქტიკას.
- მთავრობამ წინასაარჩევნო პერიოდის დაწყებამდე რამდენიმე თვის განმავლობაში სხვადასხვა სოციალური ჯგუფის წარმომადგენლებისთვის დიდი რაოდენობის ადამიანისთვის ფინანსური სტატუსის გაუმჯობესება გადაწყვიტა.
- სექტემბერში პარლამენტმა აამოქმედა კანონი სასჯელმისჯილთა ფართო სპექტრის ამნისტიის შესახებ.
- საარჩევნო ადმინისტრაციის მიუკერძოებლობის მიმართ საზოგადოებაში გავრცელებულ აღქმაზე უარყოფითად იმოქმედა ბოლოდროინდელმა საკანონმდებლო ცვლილებებმა, რომლებიც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში წევრთა შერჩევისა და წარდგენის პროცესზე კონტროლის უფლებამოსილება მმართველ პარტიას მიანიჭა, ოპოზიციის მიერ დასახელებული თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობის გაუქმებამ, გადაწყვეტილების მიღების პროცესმა და ასევე, არაპარტიულ წევრებსა და მმართველ პარტიას შორის სავარაუდო კავშირებმა.
- წინასაარჩევნო კამპანიის მარეგულირებელი ნორმები ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებისგან დაცვას სრულად ვერ უზრუნველყოფდა.
- წინასაარჩევნო კამპანიის რიტორიკისა და ვიზუალური მასალის ძალზე დიდი ნაწილი განხეთქილებას აღრმავებდა. კერძო მედიასაშუალებების პოლიტიკური პროპაგანდის ინსტრუმენტად გამოყენება ძირს უთხრიდა ახალი ამბების დამოუკიდებელ წარმოებას და ამძაფრებდა პოლიტიკურ განხეთქილების რიტორიკას.
- საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ყველა პოლიტიკური პარტია უპირატესად პოზიტიური ან ნეიტრალური კუთხით წარმოაჩინა, მაგრამ ახალი ამბების გაშუქებისას მნიშვნელოვნად მეტი დრო დაუთმო სახელისუფლებო პარტიას.
ამრიგად, მართალია წინასწარ ანგარიშში საერთაშორისო დამკვირვებლებმა პოლიტიკური სუბიექტების მიერ წინასაარჩევნო კამპანიის წარმართვის პროცესი, ერთი მხრივ, კონკურენტულად შეაფასეს, თუმცა, ამასთან ერთად, ანგარიშში გაკრიტიკებულ იქნა რიგი პროცესები, რომლებმაც წინასაარჩევნო გარემო (მათ შორის, საარჩევნო სუბიექტთა კონკურენტულობის ნაწილში) მნიშვნელოვნად დააზიანა.
წინასწარ ანგარიშში ასახული შეფასებისგან განსხვავებით, რომლის მიხედვითაც „წინასაარჩევნო კამპანია კონკურენტულ გარემოში, მაგრამ ნაკლებად ინტენსიურად წარიმართა; კანდიდატებს ზოგადად შესაძლებლობა ჰქონდათ თავისუფლად წარემართათ წინასაარჩევნო კამპანიები“, საბოლოო ანგარიშში ზოგადი შეფასება იმის თაობაზე, რომ „წინასაარჩევნო კამპანია იყო კონკურენტული“, აღარ გვხვდება.
შეფასება პირდაპირ კანდიდატების მიერ კამპანიის თავისუფლად წარმართვის შესაძლებლობაზე საუბრით იწყება: „საარჩევნო სუბიექტებს, ზოგადად, თავისუფლად შეეძლოთ კამპანიის წარმოება, თუმცა ამომრჩეველთა დაშინების, მოსყიდვის და ზეწოლის მუდმივმა ცნობებმა, განსაკუთრებით საჯარო სექტორის თანამშრომლებსა და ეკონომიკურად დაუცველ ჯგუფებზე, გამოიწვია შეშფოთება ზოგიერთი ამომრჩევლის შესაძლებლობის შესახებ, თავისუფლად ჩამოეყალიბებინათ საკუთარი აზრი და შიშის გარეშე მიეცათ ხმა, რაც ეწინააღმდეგება ეუთოს ვალდებულებებსა და საერთაშორისო სტანდარტებს “ – ვკითხულობთ ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიშში.
საბოლოო ანგარიში დადებითად აფასებს არჩევნების ტექნიკურ ადმინისტრირებას, როგორც მომზადების პროცესში, ისე უშუალოდ არჩევნების დღეს. თუმცა, ანგარიშში დაფიქსირებულია ისეთი არსებითი დარღვევები, რაც მისიის შეფასებითვე, უარყოფითად აისახა საარჩევნო პროცესის სამართლიანობაზე და საზოგადოების ნდობაზე. სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, ოუენ მერფიმ პირდაპირ განაცხადა, რომ „ანგარიშში ასახულმა მრავალრიცხოვანმა პრობლემებმა უარყოფითი გავლენა მოახდინა ამ არჩევნების სამართლიანობაზე და პროცესისადმი საზოგადოების ნდობა შეარყია“. მისიის მერ გამოვლენილ შემთხვევებს შორის გახლავთ ხმის ფარულობის ხშირი კომპრომეტირება (დაკვირვების 30%-ზე მეტ შემთხვევაში); ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენება, საჯარო მოხელეებზე განხორციელებული ზეწოლა, მოწყვლადი ჯგუფების დაშინება და ხმების მოსყიდვა; მარკირების შემოწმების ან გამოყენების უგულებელყოფა (დაკვირვების შემთხვევათა 7% და 4%-ში); კამპანიის ფარგლებში მომხდარი ძალადობა, გამოყენებული ვიზუალური მასალა და რიტორიკა, მათ შორის, ხელისუფლების მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებები ოპოზიციური პარტიების გაუქმების თაობაზე; სამართლებრივი მექანიზმების გამოყენების უფლების შეზღუდვა და საჩივრების არასათანადო განხილვა და სხვ. დასკვნის სახით ეუთო/ოდირმა აღნიშნა, რომ დაკვირვების 1924 შემთხვევის 6%-ში, რაც მისივე შეფასებით, არსებითად დიდი რიცხვია, საარჩევნო „პროცესი უარყოფითად შეფასდა, ძირითადად ამომრჩევლებზე განხორციელებული ზეწოლის და დაშინების ნიშნების გამო, რომელსაც ზოგიერთ შემთხვევაში თან ახლდა დაძაბულობა, არეულობა და ხალხმრავლობა“.
აქედან გამომდინარე, სოციალურ ქსელში გავრცელებული მტკიცებები, თითქოს ევროკავშირისა და ეუთო/ოდირის შეფასებები საპარლამენტო არჩევნებზე წინააღმდეგობაშია ერთმანეთთან და მთავარმა სადამკვირვებლო მისიამ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები აღიარა, როდესაც კონკურენტული უწოდა, შეცდომაში შემყვანია.







