ირაკლი ცეცხლაძე: მიმდინარე წელს გავხსენით სოფელ გვარაში 105 აღსაზრდელზე გათვლილი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღი. ასევე, წლის ბოლომდე იგეგმება სოფელ [ქვედა] კვირიკეს საბავშვო ბაღის გახსნა.
ვერდიქტი: Geofacts-ის დასკვნით, ირაკლი ცეცხლაძის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირეიკესა და სოფელ გვარაში ბაღებების მშენებლობაზე ხელშეკრულებები 2021 წლის სექტემბერში გაფორმდა. სამუშაოები ხელშეკრულების დადებიდან 360 კალენდარულ დღეში ანუ 2022 წლის ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე უნდა დასრულებულიყო. ორივე შემთხვევაში, სახელშეკრულებო პირობები რამდენჯერმე შეიცვალა. თუმცა შპს „ბილდ მენეჯმენტმა“ ვალდებულება ვერ შეასრულა და შემსყიდველმა მასთან ორივე კონტრაქტი 2022 წლის 27 დეკემბერს შეწყვიტა. შეუსრულებელი ხელშეკრულებების შემდეგ, გვარასა და ქვედა კვირიკეს საბავშვო ბაღის მშენებლობაზე შესყიდვა რამდენჯერმე გამოცხადდა. გვარას საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულდა, თუმცა გაიზარდა როგორც პროექტის ღირებულება, ისე ჩაბარების ვადა. გაზრდილია ქვედა კვირიკეს საბავშვო ბაღის მშენებლობის ფასი და ვადებიც. აღნიშნული ობიექტი 2025 წლის სექტემბერში უკვე დასრულებული უნდა ყოფილიყო, მაგრამ მშენებლობა ჯერაც მიმდინარეობს. ამდენად, განცხადების ავტორს მშრალი ფაქტები მოჰყავს და ბაღების მშენებლობაზე პოზიტიურ კონტექსტში საუბრობს, თუმცა მნიშვნელოვან პრობლემებს, რომლებიც ამ ინფრასტრუქტურულ პროექტებს დღემდე თან ახლავს, ყურადღების მიღმა ტოვებს. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, Geofacts-ი ირაკლი ცეცხლაძის განცხადებას აფასებს ვერდიქტით: ნახევრად სიმართლე.
ანალიზი:
ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი ცეცხლაძემ განაცხადა: „მიმდინარე წელს გავხსენით სოფელ გვარაში 105 აღსაზრდელზე გათვლილი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღი. ასევე, წლის ბოლომდე იგეგმება სოფელ [ქვედა] კვირიკეს საბავშვო ბაღის გახსნა.“
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვარასა და სოფელ ქვედა კვირიკეში საბავშვო ბაღების მშენებლობაზე ტენდერი 2021 წლის აგვისტოში გამოცხადდა. სექტემბრის ბოლოს კი ქობულეთის მუნიციპალიტეტმა შპს „ბილდ მენეჯმენტთან“ ორი ხელშეკრულება გააფორმა. კომპანიამ გვარაში საბავშვო ბაღის მშენებლობა 1 408 983 ლარად ითავა, ხოლო ქვედა კვირიკეში – 1 521 240 ლარად. ორივე შემთხვევაში, მიმწოდებელს სამუშაოები 360 კალენდარულ თვეში ანუ 2022 წლის სექტემბრამდე უნდა დაესრულებინა. მიუხედავად იმისა, რომ მხარეებმა ორივე ხელშეკრულების პირობები არაერთხელ შეცვალეს, კომპანიამ ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულა და შემსყიდველმა 2022 წლის 27 დეკემბერს მასთან ორივე კონტრაქტი შეწყვიტა. იხ. ფაქტ-მეტრის სტატია.
სოფელ გვარაში საბავშვო ბაღის მშენებლობაზე მეორე ტენდერი, უკვე გაზრდილი – 2 065 000 ლარის – სავარაუდო ღირებულებით, ქობულეთის მუნიციპალიტეტმა 2023 წლის 7 სექტემბერს გამოაცხადა, მაგრამ არ შედგა. ერთ თვეში შესყიდვა მესამედ გამოცხადდა. ერთადერთი მონაწილე იყო შპს „გზა“, რომელმაც სავარაუდო ღირებულება უცვლელი დატოვა და მასთან 2 0650 000-ლარიანი ხელშეკრულება 2023 წლის 24 ნოემბერს გაფორმდა. პროექტის ჩაბარების ვადა იყო 480 კალენდარული დღე, ხელშეკრულების გაფორმების მომდევნო დღიდან, რაც ნიშნავს, რომ სამუშაოები 2025 წლის გაზაფხულზე უნდა დასრულებულიყო. სახელშეკრულებო პირობები ხუთჯერ შეიცვალა. მეორე ცვლილებითვე სამუშაოების ფასი გაიზარდა და 2 268 481 ლარი გახდა. მესამე ცვლილებით, ვადა კიდევ გახანგრძლივდა და 534 დღით განისაზღვრა. საბოლოოდ, მუნიციპალიტეტმა სამუშაოები მიმდინარე წლის აგვისტოში ჩაიბარა და კომპანიას 2 257 756 ლარი აუნაზღაურა. ამდენად, თუ 2022 წელს გვარას საბავშვო ბაღის მშენებლობა ბიუჯეტს 1 408 983 ლარი დაუჯდებოდა, პირველი ხელშეკრულების შეუსრულებლობისა და სხვა ცვლილებების გამო, პროექტზე 848 773 ლარით მეტი დაიხარჯა.
რაც შეეხება სოფელ ქვედა კვირიკეს საბავშვო ბაღის მშენებლობას, ამ შემთხვევაში საქმე უფრო რთულადაა, რადგან 2024 წლის 12 იანვრამდე, სანამ ქობულეთის მუნიციპალიტეტი ტენდერში მონაწილე ერთადერთ კომპანია შპს „მშენებელთან“ 1 949 889-ლარიან ხელშეკრულებას გააფორმებდა, სახელმწიფო შესყიდვა სამჯერ გამოცხადდა (NAT230015352; NAT230017824; NAT230020131). აქედან ერთი უარყოფითი შედეგით დასრულდა, ხოლო ორი არ შედგა.
„მშენებელთან“ გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ობიექტის მიწოდების საბოლოო ვადაა 480 კალენდარული დღე, ხელშეკრულების გაფორმების მეორე დღიდან. გამოდის, რომ 2025 წლის ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე, ქვედა კვირიკეს საბავშვო ბაღის მშენებლობა უნდა დასრულებულიყო. თუმცა სახელშეკრულებო პირობები რვაჯერ შეიცვალა. რამდენიმე ცვლილება სამუშაოების გეგმა-გრაფიკს შეეხო და ვადა გახანგრძლივდა. მაგალითად, მეშვიდე ეტაპის ხანგრძლივობა გაორმაგდა და 60 დღის ნაცვლად, 120 დღით განისაზღვრა. ამ ვადის ამოწურვიდან 60 დღეში კი მერვე, ბოლო, ეტაპის სამუშაოები უნდა დასრულდეს. გაზრდილია პროექტის ღირებულებაც და 2 138 204 ლარს შეადგენს. არსებული მდგომარეობით, მთლიანი ღირებულების 87% ანუ 1 850 655 ლარი უკვე ანაზღაურებულია. აქედან 603 500 ლარი გადახდილია ავანსის სახით. ამდენად, ქვედა კვირიკეში საბავშვო ბაღის მშენებლობა, ამ მოცემულობით, ბიუჯეტს 616 964 ლარით უფრო ძვირი უჯდება, ვიდრე 2022 წელს გადაიხდიდა, პროექტი რომ განხორციელებულიყო.
ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნები, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე საუბრისას, მნიშვნელოვან დეტალებს ყურადღების მიღმა ტოვებენ და ვადის დარღვევით ან სხვა პრობლემებით მიმდინარე სამუშაოებს მხოლოდ პოზიტიურ კონტექსტში მოიხსენიებენ, რაც მოქალაქეებს მცდარ წარმოდგენას უქმნის. Geofacts-ი, განცხადებების გადამოწმებისას, ყოველთვის ითვალისწინებს კონტექსტსა და ფაქტობრივ მოცემულობას. აქედან გამომდინარე, ირაკლი ცეცხლაძის განცხადებას ვაფასებთ ვერდიქტით: ნახევრად სიმართლე.







