გადამოწმებული ფაქტები ტყუილი

დეზინფორმაცია: თეთრი სახლი კენდის ოუენსის მკვლელობის ორგანიზებაში საფრანგეთის პრეზიდენტის ბრალეულობას ადასტურებს

სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში „ქართველი ქართველი“, რომლის მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციაზე „ჯეოფაქტს“ აქამდეც დაუწერია (1; 2), პოსტს აქვეყნებს (დაარქივებული ბმული). პოსტის მიხედვით, აშშ-ის თეთრმა სახლმა დაადასტურა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა მაკრონმა სცადა ამერიკელი ულტრამემარჯვენე ინფლუენსერის კენდის ოუენსის მკვლელობის ორგანიზება: „თეთრმა სახლმა და კონტრდაზვერვის სააგენტოებმა დაადასტურეს, რომ ემანუელ მაკრონმა სცადა კენდის ოუენსის მკვლელობის ორგანიზება. სააგენტოებში კენდისთან დაკავშირებული წყაროები აცხადებენ, რომ ჩარლი კირკის მკვლელობაში ფრანგი ლეგიონერები მონაწილეობდნენ და სინამდვილეში ის მარტო არ მოქმედებდა. უსაფრთხოების მიზნით, კენდის ოუენსი ამ კვირაში თავის შოუს არ აკეთებს. ეს ბევრად უფრო სერიოზულია, ვიდრე შეიძლება წარმოიდგინოთ“, – ვკითხულობთ პოსტის აღწერაში.

სინამდვილეში, მტკიცება, რომ თეთრმა სახლმა ინფლუენსერის მკვლელობის მცდელობის ორგანიზებაში საფრანგეთის პრეზიდენტის ჩართულობა დაადასტურა, სიმართლეს არ შეესაბამება. მკვლელობის მცდელობასთან დაკავშირებით აღნიშნული ბრალდება ულტრამემარჯვენე ინფლუენსერმა მის X პოსტში გამოაქვეყნა, თუმცა მისი დამადასტურებელი არც ერთი მტკიცებულება არ წარმოუდგენია.

 

ჟურნალისტმა მისი მკვლელობის მცდელობის შესახებ ინფორმაცია 22 ნოემბერს X-ზე გაავრცელა. პოსტში აღნიშნულია, რომ  მას „საფრანგეთის მთავრობის მაღალჩინოსანი“ დაუკავშირდა, რომელიც პრეზიდენტის ოჯახთან დაახლოებული პირია. ამ პირის ინფორმაციით, მაკრონების ოჯახმა ოუენსის მკვლელობა შეუკვეთეს: „უფრო კონკრეტულად, რომ მწვანე შუქი აუნთეს ეროვნული ჟანდარმერიის ინტერვენციული ჯგუფის მცირე გუნდს. მითხრეს, რომ ამ მკვლელობის რაზმში ერთი ისრაელელია და გეგმები უკვე ჩამოყალიბებულია“. ჟურნალისტი პოსტში აგრეთვე წერს, რომ მისი ინფორმაციით, ჩარლი კირკის მკვლელი ტრენინგს  ფრანგული ლეგიონის მე-13 ბრიგადაში გადიოდა.

 

ოუენსის მტკიცებით, მან ყველა საჭირო ინფორმაცია მაღალი თანამდებობის პირებს უკვე გადასცა, მისი თქმით „თეთრმა სახლმა დაადასტურა, რომ შეტყობინება პრეზიდენტ ტრამპის მაგიდასთან მიიტანეს. კონტრტერორისტულმა დანაყოფმაც დაადასტურა მიღება. თუმცა, FBI-მ ჩემი შეტყობინება განსახილველად დატოვა“. მისი თქმით, ჯერჯერობით ჩარლი კირკის მკვლელის ტაილერ რობინსონის ადვოკატიც არ დაკავშირებია“. ამ ეტაპზე, აღნიშნულ საქმეზე თეთრი სახლის ან ამერიკის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) კომენტარი არ  იძებნება. 

თავის მხრივ, პოსტში წარმოდგენილ ბრალდებებს ფრანგული მხარე გამოეხმაურა. საფრანგეთის ეროვნული ჟანდარმერიის ინტერვენციის ჯგუფმა, რომელიც ასევე ცნობილია თავისი აბრევიატურით GIGN (Groupe d’intervention de la Gendarmerie nationale), ფრანგულ მედიას განუცხადა, რომ ეს ბრალდებები ყალბია და მათი ოპერაციები   ანტიტერორისტულ ოპერაციებს, დანაშაულთან ბრძოლასა და მძევლების გადარჩენას მოიცავს.

მეტიც, იმავე X პოსტში ოუენსი ამტკიცებდა, რომ პირის  ინფორმაციით,  რომელიც მას დაუკავშირდა, ამერიკელი კონსერვატორი აქტივისტის ჩარლი კირკის სავარაუდო მკვლელი, ტაილერ რობინსონი, საფრანგეთის უცხოური ლეგიონის მე-13 ბრიგადაში გადიოდა წვრთნებს.  ოუენსი იმავეს ამტკიცებდა კიდევ ერთ პოსტში, რომელსაც თან Google-დან აღებული ფოტოანაბეჭდი დაურთო. ფოტოზე მიმდინარე წლის  4-დან 25 აგვისტომდე კალიფორნიაში, საზღვაო ქვეითთა ​​კორპუსის საჰაერო-სახმელეთო საბრძოლო ცენტრში, აშშ-ის საზღვაო ქვეითთა ​​და საფრანგეთის უცხოური ლეგიონის მიერ ჩატარებული ერთობლივი სასწავლო წვრთნების დეტალები იყო ასახული. ოუენსი წერდა: „დამთხვევა არ არის, რომ ფრანგი ლეგიონერები სამი კვირის განმავლობაში აშშ-ში ჩვენს საზღვაო ქვეითებთან ერთად გადიოდნენ წვრთნებს. როდესაც  კალიფორნიაში დასრულდა, მინესოტას შტატში, კემპ რაილიში, მშვიდობიან მოსახლეობასთან ერთად კიდევ ერთი სამხედრო წვრთნა დაიწყო. ფრანგი უცხოელი ლეგიონერები ჩარლი კირკის მკვლელობაში იყვნენ ჩართულნი“.

რობინსონსა და საფრანგეთის შეიარაღებულ ძალებს შორის კავშირთან დაკავშირებით, The Cube, Euronews-ის ფაქტების გადამმოწმებელი გუნდი,  საფრანგეთის შეიარაღებული ძალების სამინისტროს წარმომადგენელს დაუკავშირდა.  მისი თქმით,   რობინსონი არასდროს ყოფილა უცხოური ლეგიონის წევრი. შეიარაღებული ძალების სამინისტროს წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ „2025 წლის 25 აგვისტოდან 10 სექტემბრამდე, მინესოტას შტატში, კემპ რაილიში უცხოური ლეგიონის წვრთნები არ ჩატარებულა. კალიფორნიაში ჩატარებული წვრთნები 2025 წლის 25 აგვისტოს დასრულდა“.

ცნობისთვის, ჩარლი კირკს, ცნობილ ამერიკელ კონსერვატორ აქტივისტს, 10 სექტემბერს  იუტა ველის უნივერსიტეტში, სტუდენტებთან შეხვედრისას, ტყვია ყელში ესროლეს. კირკი, საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ, მალევე გარდაიცვალა. კირკის  მკვლელობაში ბრალდებული  ტაილერ რობინსონი დაკავებულია.

შესაბამისად, ამერიკელ ინფლუენსერს  ბრალდებების დამადასტურებელი არანაირი მტკიცებულება არ წარმოუდგენია. თავის მხრივ, ფრანგული მხარე აღნიშნულ ბრალდებებს უარყოფს. ხოლო, აშშ-ის თეთრი სახლი ან საგამოძიებო ბიურო პოსტს არ გამოხმაურებიან.

ოუენსმა საზოგადოების ყურადღება  2024 წელს  მას შემდეგ მიიქცია, რაც  საკუთარ გადაცემაში გააჟღერა, რომ ემანუელ მაკრონის მეუღლე, ბრიჯიტ მაკრონი რეალურად ტრანსგენდერია. ოუენსის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია რუსული პროპაგანდისტული მედიის ყურადღების ცენტრშიც მოექცა. რუსული სამთავრობო მედია Московский комсомолец თავის სტატიაში კენდის ოუენსის დასკვნებს ეყრდნობოდა. РИА Новости კი წერდა, რომ  ბრიჯიტის გენდერის შესახებ ინფორმაცია პირველად ნატაშა რეიმ და ჟურნალისტმა ხავიერ პუსარმა 2021 წელს წამოაყენეს. ივლისში მაკრონებმა კენდის ოუენსის წინააღმდეგ ცილისწამების ბრალდებით სარჩელი შეიტანეს.

საგულისხმოა, რომ იდენტური მტკიცება ბრიჯიტ მაკრონის შესახებ წარსულშიც აქტიურად ვრცელდებოდა. დეზინფორმაციის გავრცელება 2022 წლის საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების წინ დაიწყო, როდესაც ემანუელ მაკრონი კენჭს იყრიდა. მტკიცების თანახმად, ბრიჯიტ მაკრონი ტრანსგენდერი, ხოლო ემანუელ მაკრონი ჰომოსექსუალი იყო. აღნიშნულ ინფორმაციას ძირითადად ულტრამემარჯვენე ჯგუფები, ანტივაქსერული მოძრაობები, ჰომოფობიური და ტრანსფობიური ჯგუფები ავრცელებდნენ (დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ „ჯეოფაქტსის“ სტატია).

„შეთქმულების თეორიამ საერთაშორისო მასშტაბები 2024 წელს პოვა, როდესაც კენდის ოუენსმა მტკიცება აიტაცა და ძალები ამ შეთქმულების თეორიის გავრცელების ერთ-ერთ მთავარ მოთამაშესთან, ქსავიე პუსარდთან გააერთიანა [ულტრამემარჯვენე ჟურნალ „Faits et documents“-ის ყოფილი რედაქტორი და ბრიჯიტ მაკრონის შესახებ ტრანსგენდერობის კონსპირაციის გამავრცელებელი ერთ-ერთი მთავარი ფიგურა]“, – განუცხადა The Cube-ს, კონსპირაციული თეორიების შემსწავლელი ორგანიზაციის, Conspiracy Watch-ის დირექტორმა, რუდი რაიხშტადტმა. მისი თქმით, კონსპიროლოგები მსგავს კონსპირაციას  პოლიტიკური ან იდეოლოგიური მიზეზების გამო ავრცელებენ, რადგან თვლიან, რომ ამით თავიანთ პოლიტიკურ ოპონენტებს აღიზიანებენ. ამერიკელ ინფლუენსერთან დაკავშირებით, რაუხშტადტი მის სხვა კონსპირაციულ თეორიებსაც იხსენებს: „ის [კენდის ოუენსი] ამტკიცებდა, რომ დინოზავრები არ  არსებობდნენ, რომ ადამიანებს ფეხი არ დაუდგამთ მთვარეზე. მან ასევე გაავრცელა მთელი რიგი გიჟური თეორიები ჩარლი კირკის მკვლელობისა და ჯეფრი ეფშტეინის საქმის შესახებ“.

იხილეთ ყველა სტატია

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 info@geofact.ge