გადამოწმებული ფაქტები ტყუილი

ირაკლი კობახიძე: ჩვენ არ შეგვიჩერებია არავითარი ევროინტეგრაციის პროცესი. დოკუმენტურადაც დაადასტურა ევროკავშირმა, რომ 2024 წლის 27 ივნისს ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოსთან დიალოგი, რასაც არავითარი საფუძველი არ ჰქონდა

ირაკლი კობახიძე: ჩვენ არ შეგვიჩერებია არავითარი ევროინტეგრაციის პროცესი. დოკუმენტურადაც დაადასტურა ევროკავშირმა, რომ 2024 წლის 27 ივნისს ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოსთან დიალოგი, რასაც არავითარი საფუძველი არ ჰქონდა

ვერდიქტი: „ჯეოფაქტსის“ დასკვნით, ირაკლი კობახიძის განცხადება არის ტყუილი.

 

ანალიზი

2025 წლის 26 ნოემბერს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ქართულ“ ოცნებას“ ევროინტეგრაციის პროცესი არ შეუჩერებია. მისი თქმით, 2024 წლის 27 ივნისს საქართველოსთან დიალოგი თავად ევროკავშირმა შეაჩერა, რასაც არავითარი საფუძველი არ ჰქონდა.

„ჯეოფაქტსმა“ ირაკლი კობახიძის განცხადება გადაამოწმა.

აღსანიშნავია, რომ უკანასკნელ პერიოდში მსგავსი განცხადებები „ქართული ოცნების“ სხვადასხვა ლიდერის მხრიდან კეთდება, საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის გაგზავნილ წერილზე აპელირებით. მმართველი პარტიის მტკიცებით, წერილით დასტურდება, რომ ევროკავშირმა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი ჯერ კიდევ 2024 წლის 27 ივნისს, ირაკლი კობახიძის 28 ნოემბრის განცხადებამდე ხუთი თვით ადრე, შესაბამისი დასკვნების მიღებით შეაჩერა.

 

რა მოხდა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ?

2023 წლის 8 ნოემბერს, ევროკომისიამ რეკომენდაცია გაუწია საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ გადაიდგმებოდა ევროკომისიის მიერ განსაზღვრული ცხრა ნაბიჯი, რომლებიც ძირითადად დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების სფეროებში განსახორციელებელ რეფორმებს ეხებოდა. ევროკომისიის ამ რეკომენდაციის საფუძველზე, 2023 წლის 14 დეკემბერს ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა. ცხრა ნაბიჯის შესრულების პროცესში პროგრესის მიღწევის შემთხვევაში, საქართველო გაწევრიანების შემდგომ ეტაპზე გადავიდოდა, რაც ევროკავშირთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნას გულისხმობს.

მას შემდეგ, რაც 2024 წელს „ქართულმა ოცნებამ“ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის და სხვა საკანონმდებლო ინიციატივების ინიციირება მოახდინა, ევროკავშირმა სხვადასხვა დონეზე არაერთხელ განაცხადა, რომ მსგავსი ნაბიჯები შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან, წინააღმდეგობაში მოდის ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ ცხრა ნაბიჯთან და საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის დე ფაქტო შეჩერებას გამოიწვევს.

ასე, 2024 წლის 4 აპრილს გავრცელდა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის პრეს-სპიკერის ოფიციალური განცხადება, რომლითაც მან წუხილი გამოთქვა იმის გამო, რომ 2023 წელს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის „უპირობოდ გაწვევის“ მიუხედავად,  ის კვლავ განიხილება „ქართული ოცნების“ მიერ. ევროკავშირმა მოუწოდა საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს, განახორციელონ რეფორმები, რომლებიც ევროკავშირში გაწევრიანების გაცხადებულ და საქართველოს მოქალაქეების დიდი უმრავლესობის მიერ მხარდაჭერილ მიზანს შეესაბამება, ასევე შეასრულონ დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობის კუთხით ნაკისრი ვალდებულებები.

კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღების დღეს, 17 აპრილს, გავრცელდა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჯოზეფ ბორელისა და სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისრის ოლივერ ვარჰეის ერთობლივი განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ „ეს კანონი ევროკავშირის ძირითად ნორმებთან და ღირებულებებთან შეუთავსებელია“ და მისი „საბოლოო მიღება უარყოფითად იმოქმედებს საქართველოს წინსვლაზე ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე“.

24 აპრილს, ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე ჯოზეფ ბორელის სახელით სიტყვით გამოსვლისას, ევროკომისარმა კრიზისების მართვის საკითხებში, იანეზ ლენარჩიჩიმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ეს კანონპროექტი ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებთან შეუთავსებელია“ და საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს მისი გაწვევისკენ მოუწოდა. მისივე თქმით, კანონპროექტის მიღება „ევროკავშირის გზაზე საქართველოს წინსვლას საფრთხეს შეუქმნის“.

1 მაისს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით განცხადება ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა გააკეთა. განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ევროპულმა საბჭომ [2023 წლის] დეკემბერში საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა და დასახა მკაფიო გზა ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად. „მოველით, რომ საქართველოს მთავრობა დაუყოვნებლივ იმოქმედებს იმ ზომების მისაღებად, რომელთა გატარების ვალდებულება იკისრა, როგორც ევროკავშირის კანდიდატმა ქვეყანამ“.

კანონპროექტის მესამე მოსმენით დამტკიცების შემდეგ, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჯოზეფ ბორელის და ევროკომისიის სახელით კიდევ ერთი ერთობლივი განცხადება გამოქვეყნდა. განცხადებაში ვკითხულობთ: „ევროკავშირმა ნათლად და არაერთხელ განაცხადა, რომ კანონის სულისკვეთება და შინაარსი ევროკავშირის ძირითად ნორმებსა და ღირებულებებს არ შეესაბამება… ამ კანონის მიღება ევროკავშირის გზაზე საქართველოს წინსვლაზე უარყოფითად აისახება. არჩევანი თუ რა გზით გაგრძელდება სვლა, საქართველოს ხელშია. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას გაიწვიოს კანონი, შეინარჩუნოს ევროკავშირის გზის ერთგულება და 9 ნაბიჯში ასახული აუცილებელი რეფორმები განახორციელოს“.

ევროკავშირის მხრიდან არაერთგზის გაკეთებული მოწოდებისა და გაფრთხილების მიუხედავად, რომ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი საქართველოს ევროინტეგრაციის გზას საფრთხეს შეუქმნის და გაწევრიანების პროცესის დე ფაქტო შეჩერებას გამოიწვევს, „ქართულმა ოცნებამ“ მის საბოლოო დატკიცებაზე უარი არ თქვა და 28 მაისს პრეზიდენტის მიერ დადებული ვეტო დაძლია. აღსანიშნავია, რომ „ქართულ ოცნებას“ ასევე არ გაუთვალისწინებია ვენეციის კომისიის რეკომენდაცია, რომელმაც ხელისუფლებას კანონის არსებული ფორმით გაუქმება „კატეგორიულად“ ურჩია.

ამ მოვლენების შემდეგ, 2024 წლის 27 ივნისს ევროპულმა საბჭომ მიიღო დასკვნები, რომლითაც მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, „სიცხადე შეიტანოს თავის განზრახვებში არსებულ მოქმედებათა კურსის ცვლილების საშუალებით, რაც საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზას და გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად გაჩერებამდე მიჰყავს“. ევროპულმა საბჭოს გაიმეორა, რომ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ მიღებული კანონი კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ ევროკომისიის რეკომენდაციაში მითითებულ ნაბიჯებთან მიმართებაში უკუსვლას  წარმოადგენს“.

 

რა წერია ევროკავშირის ელჩის წერილში?

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის გაგზავნილ წერილში აღნიშნულია, რომ „საქართველოში არსებული განსაკუთრებული გარემოებების გათვალისწინებით და 2024 წლის 27 ივნისის ევროპული საბჭოს დასკვნების თანახმად, რამაც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის ფაქტობრივი შეჩერება გამოიწვია…, საქართველოს მონაწილეობა ევროკავშირის დაფინანსებულ რეგიონულ პროექტებში, უსაფრთხოებისა და ორგანიზებული დანაშაულის მიმართულებით, შეჩერებულია“.

საქართველოს ევროინტეგრაციის შეჩერების კონტექსტში 2024 წლის 27 ივნისის ევროპული საბჭოს დასკვნების ხსენება „ქართულმა ოცნებამ“ მანიპულაციურად წარმოაჩინა როგორც ევროკავშირის „აღიარება“, რომ გაწევრიანების პროცესი არა მმართველმა პარტიამ, არამედ თავად ევროკავშირმა შეაჩერა. გარდა ამისა, ისინი ამ გადაწყვეტილებას „საფუძველ მოკლებულს“ უწოდებენ.

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირს არასდროს უარუყვია, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია. ზემოხსენებული დასკვნებიდან რამდენიმე დღეში, 9 ივლისს, პაველ ჰერჩინსკიმ პირდაპირ განაცხადა, რომ „სამწუხაროდ, ამ დროისთვის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია“. მისივე განცხადებით, „ევროკავშირის ლიდერებისთვის გაუგებარია საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების განზრახვები. უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი აშკარად უკუსვლაა ცხრა ნაბიჯისგან, ხოლო ანტიდასავლური, ანტიევროპული რიტორიკა სრულიად შეუთავსებელია ევროკავშირში გაწევრიანების გაცხადებულ მიზნებთან“.

ევროკავშირის ოფიციალური პირების განცხადებებისა და თავად ევროპული საბჭოს დასკვნებიდან ნათლად იკვეთება, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის დე ფაქტო შეჩერება სწორედ „ქართული ოცნების“ პოლიტიკის შედეგი გახდა.

 

როგორია ევროკავშირის დამოკიდებულება საქართველოს მიმართ

ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების მხრიდან მაღალ დონეზე არაერთი განცხადება გაკეთდა იმასთან დაკავშირებით, რომ ევროკავშირის კარი ღიაა საქართველოსთვის, მაგრამ ქვეყანას დემოკრატიული განვითარების გზაზე დაბრუნება სჭირდება. 2024 წლის 28 მაისს, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის დღეს გავრცელებულ განცხადებაში, ჯოზეფ ბორელმა და ევროკომისიამ მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას არსებული ტენდენცია შეცვალოს და ევროკავშირის გზაზე მტკიცედ დაბრუნდეს. განცხადებაში ხაზგასმულია, რომ „ჯერ კიდევ არის დრო დინამიკის შესაცვლელად – მაგრამ მმართველი ხელისუფლების ძლიერი ერთგულებაა საჭირო”.

2024 წლის 27 ივნისის დასკვნების მიღების შემდეგ პაველ ჰერჩინსკიმაც დაადასტურა, რომ „თუ [„ქართული ოცნების“] ეს კურსი შეიცვლება, საქართველო კვლავ შეძლებს მოწინავეთა შორის იყოს“.

ის, რომ „ქართულ ოცნებას“ პოლიტიკის შეცვლისა და ევროინტეგრაციის გზაზე დაბრუნების შესაძლებლობა ჰქონდა, 2024 წლის 30 ოქტომბერს ევროკომისიის კომუნიკაციაშიცაა დადასტურებული. კერძოდ, დოკუმენტში, ერთი მხრივ,  აღნიშნულია საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის დე ფაქტო შეჩერება, თუმცა მეორე მხრივ, ჩამოთვლილია 9 ნაბიჯიდან გამომდინარე მთელი რიგი ქმედებებისა, რომელთა განხორციელება „ქართულ ოცნებას“ შეუძლია ევროინტეგრაციის გზაზე დასაბრუნებლად. გარდა ამისა, ევროკომისიამ ხაზი გაუსვა, რომ „თუ საქართველო არ შეცვლის მოქმედების არსებულ კურსს, რომელიც საფრთხეს უქმნის მის ევროკავშირისკენ მიმავალ გზას და არ გამოიჩენს ხელშესახებ ძალისხმევას, გადაუწყვეტელი პრობლემური საკითხების გადაჭრასა და ძირითადი რეფორმების გატარებასთან დაკავშირებით, ევროკომისია საქართველოსთან მოლაპარაკებების დაწყების თაობაზე რეკომენდაციის გაცემის განხილვას ვერ შეძლებს“.

ევროკავშირის მოწოდების გაზიარებისა და 9 ნაბიჯის შესრულების ნაცვლად, 2024 წლის 28 ნოემბერს „ქართულმა ოცნებამ“ გაწევრიანების მოლაპარაკებების 2028 წლამდე გადავადების თაობაზე განაცხადა, რითაც საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებული ევროინტეგრაციის პროცესი უკვე ოფიციალურად შეაჩერა. პარალელურად, მნიშვნელოვნად გაძლიერდა ანტიდასავლური რიტორიკა და მიღებულ იქნა ევროკავშირის პრინციპებსა და ღირებულებებთან შეუთავსებელი სხვა კანონები, რომელთა შორის იყო უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი და პოლიტიკური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ამ ღიად ანტიდასავლური ნაბიჯების ფონზე, ევროკავშირი საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე დაბრუნების შესაძლებლობაზე კვლავ საუბრობდა.  ასე, 2025 წლის 31 მაისს, „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის“ ძალაში შესვლასთან დაკავშირებით ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა მარტა კოსმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც ნათქვამია, რომ „ევროკავშირი მზადაა განიხილოს საქართველოს დაბრუნება ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, თუკი ხელისუფლება დემოკრატიული უკუსვლის საპირისპირო სარწმუნო ნაბიჯებს გადადგამს”. დამატებით, “Euroscope”-თან ინტერვიუში მარტა კოსმა განმარტა, რომ „[ევროპულმა] საბჭომ შეაჩერა მოლაპარაკებები და როგორც კი მთავრობა აჩვენებს მზაობას, დაუბრუნდეს ევროპულ გზას, მაშინ შეგვიძლია, ვილაპარაკოთ“.

მეტიც, ეს სულისკვეთება კიდევ ერთხელ დადასტურდა ევროკომისიის 2025 წლის 4 ნოემბრის კომუნიკაციაში. დოკუმენტის თანახმად, „საქართველომ სასწრაფოდ უნდა შეცვალოს დემოკრატიული უკუსვლის კურსი და მიიღოს ყოვლისმომცველი და ხელშესახები ზომები საბაზისო პრობლემების გადასაჭრელად, საკვანძო რეფორმების განსახორციელებლად, – პარტიათაშორისი მხარდაჭერითა და ეფექტიანი სამოქალაქო მონაწილეობით, კანდიდატი ქვეყნისთვის დადგენილი ცხრა ნაბიჯის შესაბამისად, იმ ღირებულებებისა და პრინციპების სრული პატივისცემით, რომელზეც ევროკავშირია დაფუძნებული. ევროპული საბჭოს 2024 წლის დეკემბრის დასკვნების შემდეგ, – რამაც დაადგინა, რომ საქართველოს მთავრობის ქმედებებმა ფაქტობრივად გამოიწვია გაწევრების წინა პროცესის შეჩერება, – საქართველო ფუნდამენტურ პრინციპებთან დაკავშირებით უკუსვლას განაგრძობს და ამის გათვალისწინებით კომისია მიიჩნევს, რომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის მხოლოდ სახელი შერჩა.  საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გამოავლინოს მტკიცე ერთგულება კურსის შეცვლის მიმართ და ევროკავშირში გაწევრიანების გზას დაბრუნდეს“.

 

დასკვნა

საკუთარი განცხადებით ირაკლი კობახიძე ცდილობს წარმოაჩინოს, თითქოს ევროკავშირმა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი თვითნებურად, ყოველგვარი მიზეზის გარეშე შეაჩერა. სინამდვილეში, გაწევრიანების დე ფაქტო შეჩერება სწორედ „ქართული ოცნების“ ბოლოდროინდელმა პოლიტიკამ გამოიწვია, რასაც ევროკავშირის არაერთი ოფიციალური დოკუმენტი და განცხადება მოწმობს. ქმედებათა კურსის შეცვლის შემთხვევაში, საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე დაბრუნების შესაძლებლობა ექნებოდა. თუმცა ირაკლი კობახიძის 2024 წლის 28 ნოემბრის განცხადება იმის მკაფიო დემონსტრირება და დასტური იყო, რომ მმართველი პარტია, ანტიდასავლური კურსის შეცვლასა და ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებას, სულ მცირე 2028 წლამდე, არ აპირებს, რის შემდეგაც პროცესი ფორმალურადაც შეჩერდა.

ზემოხსენებულიდან გამომდინარე, ირაკლი კობახიძის განცხადებას, თითქოს „ქართულ ოცნებას“ ევროინტეგრაციის პროცესი არ შეუჩერებია და ეს თავად ევროკავშირმა „უსაფუძვლოდ“ გააკეთა, „ჯეოფაქტსი“ აფასებს ვერდიქტით ტყუილი.

იხილეთ ყველა სტატია

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 info@geofact.ge