გადამოწმებული ფაქტები ნახევრად სიმართლე

ირაკლი კობახიძე: სიღარიბის მაჩვენებელი 21.3%-დან 9.4%-მდე არის ჩამოსული და ეს არის ეკონომიკური ზრდის შედეგი

ირაკლი კობახიძე: სიღარიბის მაჩვენებელი 21.3%-დან  9.4%-მდე არის ჩამოსული და ეს არის ეკონომიკური ზრდის შედეგი

ვერდიქტი: „ჯეოფაქტსის“ დასკვნით, ირაკლი კობახიძის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.

 

ოფიციალური სტატისტიკის თანახმად,  2021-2024 წლებში აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი 21.3%-დან 9.4%-მდე შემცირდა. პანდემიამდე პერიოდის – 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებითაც,  აბსოლუტური სიღარიბის დონე მართლაც განახევრებულია.

გრძელვადიან პერიოდში შემცირებულია სიღარიბის საერთაშორისო ზღვრებს მიღმა მცხოვრები მოსახლეობის წილიც, თუმცა საქართველოს მოსახლეობის თითქმის ნახევარი (49.1%) კვლავ ზოგად სიღარიბეში ცხოვრობს, რაც ქვეყნისთვის მნიშვნელოვან სოციალურ გამოწვევად რჩება.

აბსოლუტური სიღარიბის შემცირების პარალელურად, ქვეყანაში რეკორდულად გაიზარდა სოციალურად დაუცველთა რაოდენობა. სოციალური მომსახურების სააგენტოს 2025 წლის ოქტომბრის მონაცემებით, მოსახლეობის 19.1% საარსებო შემწეობას იღებს, ხოლო 2020-2025 წლებში სოციალურად დაუცველთა რაოდენობა დაახლოებით 66%-ით არის გაზრდილი. აღნიშნული ტენდენცია მიუთითებს, რომ სიღარიბის კლება ნაკლებად ასახავს ეკონომიკური კეთილდღეობის რეალურ გაუმჯობესებას და მეტწილად ეფუძნება სოციალურ ტრანსფერებს.

ამრიგად, ირაკლი კობახიძე სტატისტიკურ მონაცემებს სწორად ასახელებს, თუმცა მისი განცხადება საჭიროებს განმარტებას, რომ საუბარია მხოლოდ და მხოლოდ აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელზე. განცხადების კონტექსტი, რომ სიღარიბის შემცირება ეკონომიკური ზრდის შედეგია, არ ასახავს ობიექტურ რეალობას. სიღარიბის შემცირების პოზიტიური დინამიკა ბოლო წლებში დიდწილად განპირობებულია დროებითი სოციალური მხარდაჭერის მექანიზმებით. ამ გარემოებებიდან გამომდინარე, ირაკლი კობახიძის განცხადებას ვაფასებთ ვერდიქტით  ნახევრად სიმართლე.

 

ანალიზი

26 ნოემბერს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ირაკლი კობახიძემ განაცხადა: „რეალურად, სიღარიბის მაჩვენებელი, გასული ოთხი წლის განმავლობაში,  საქართველოში განახევრდა. იყო 20%-ზე მეტი, 21.3%, თუ არ ვცდები, სიღარიბის მაჩვენებელი და შარშანდელი მონაცემებით, ჩამოსულია ეს მაჩვენებელი 9.4%-მდე და ეს არის ეკონომიკური ზრდის შედეგი“.

ირაკლი კობახიძე ხშირად აღნიშნავს, რომ ქვეყანაში სიღარიბის დონე შემცირდა. „ჯეოფაქტსმა” კიდევ ერთხელ გადაამოწმა, რამდენად რეალურია ეს შემცირება და რა ფაქტორებმა განაპირობა ის.

ირაკლი კობახიძე აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელზე საუბრობს. აბსოლუტური სიღარიბე ასახავს, მოსახლეობის რა ნაწილი ცხოვრობს უკიდურეს პირობებში, როდესაც ადამიანებს არ გააჩნიათ არსებობისთვის აუცილებელი მინიმუმი. აბსოლუტური სიღარიბის შემცირება მნიშვნელოვანია, მაგრამ მხოლოდ ამ მაჩვენებლით ვერ შევაფასებთ ქვეყანაში არსებულ სიღარიბის სრულ სურათს. სიღარიბის დონის კომპლექსური შეფასებისთვის აუცილებელია სხვა ფაქტორების გათვალისწინება: სიღარიბის საერთაშორისო ზღვრებს მიღმა მყოფი მოსახლეობა (ეს მაჩვენებელი ასახავს, როგორც უკიდურეს, ასევე ზოგად სიღარიბეს); ოჯახების რეალური კეთილდღეობა და მათი სოციალური მოწყვლადობა. ასევე მნიშვნელოვანია ის გარემოებები, რაც სიღარიბის სტატისტიკურ მონაცემების შემცირებაზე მოქმედებს.

საქსტატის მონაცემებით, 2024 წელს აბსოლუტური სიღარიბის დონემ 9.4% შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 2.4 პროცენტული პუნქტით ნაკლებია. ოთხწლიან პერიოდში (2021–2024) აბსოლუტური სიღარიბის დონე მნიშვნელოვნად შემცირდა — 21.3%-დან 9.4%-მდე.

აღსანიშნავია, რომ 2020 წელს, პანდემიის პერიოდში, აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი გაიზარდა, რის გამოც მიმდინარე მონაცემები შედარებულია უკვე გაზრდილ მაჩვენებელთან. თუმცა, თუ 2019 წელს, პანდემიამდე პერიოდის მაჩვენებელს შევადარებთ, ამ შემთხვევაშიც ვხედავთ, რომ აბსოლუტური სიღარიბის დონე ფაქტობრივად განახევრებულია — 19.5%-დან 9.4%-მდე. შესაბამისად, ირაკლი კობახიძე აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებლებს სწორად ასახელებს.

უკიდურესი სიღარიბის შემცირება ძირითადად მოსახლეობის შემოსავლების ზრდის შედეგად ხდება, რაც მოიცავს როგორც ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებულ შემოსავალს, ასევე სოციალურ დახმარებებსა და ემიგრაციიდან მიღებულ ფულად გზავნილებს. პანდემიის შემდგომ პერიოდში აბსოლუტური სიღარიბის შემცირებაზე მნიშვნელოვანი გავლენა სოციალური დახმარების პროგრამებმა მოახდინეს, მათ შორის – ბავშვთა ფულადი დახმარების, საარსებო შემწეობის, სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამებმა და სხვა. მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც აბსოლუტურ სიღარიბეს სოციალური შემწეობების მეშვეობით აღწევს თავს, კვლავ რჩება მოწყვლად მდგომარეობაში – ზოგად სიღარიბეში.

შესაბამისად, ირაკლი კობახიძის განცხადება, თითქოს სიღარიბის შემცირება ეკონომიკური ზრდის შედეგია, სიმართლეს არ შეესაბამება. ბოლო წლებში აბსოლუტური სიღარიბის შემცირების პოზიტიური დინამიკა დიდწილად განპირობებულია დროებითი სოციალური მხარდაჭერის მექანიზმებით.

გრაფიკი 1: სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის წილი  (%)

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

მსოფლიო ბანკის მონაცემებით, საქართველო იმ ქვეყნების რიგშია, რომელიც კლასიფიცირებულია როგორც საშუალოზე მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყანა (upper-middle-income), თუმცა,  უახლესი მონაცემები ცხადყოფს, რომ ქვეყანაში სიღარიბის დონე კვლავ უკიდურესად მაღალია. საქართველოს მოსახლეობის თითქმის ნახევარი სიღარიბეში ცხოვრობს. მსოფლიო ბანკის ბოლო, 2023 წლის მონაცემებით, საქართველოში მოსახლეობის 49.1% დღეში 8.30 PPP (მსყიდველუნარიანობის პარიტეტი) დოლარზე ნაკლებით ცხოვრობს, რაც ნიშნავს, რომ ისინი ვერ იღებენ სრულფასოვან კვებას, ჯანდაცვას და განათლებას ანუ სრულყოფილად ვერ უზრუნველყოფენ მინიმალურ ადამიანურ საჭიროებებს. გარდა ამისა, უკიდურეს სიღარიბის მაჩვენებლები, სადაც სიღარიბის ზედა ზღვრად აღებულია დღიური მოხმარების 4.20  PPP დოლარი და 3 PPP დოლარი, 14%-ს და 5.8%-ს შეადგენს. აქვე განვმარტავთ, რომ საქსტატის ცნობით, სიღარიბის საერთაშორისო ზღვარი დღეში – 8.30 PPP დოლარს, თვეში 310.8 ლარს შეესაბამება, 4.20 PPP დოლარი თვეში 157.3 ლარია, ხოლო 3 PPP დოლარი 112.3 ლარია.

გრძელვადიან პერიოდში სიღარიბის საერთაშორისო ზღვრებს მიღმა მცხოვრები მოსახლეობის წილი შემცირებულია, თუმცა მოსახლეობის თითქმის ნახევარი მაინც სიღარიბეში ცხოვრობს.

გრაფიკი 2: სიღარიბის საერთაშორისო ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის წილი (%)

წყარო: მსოფლიო ბანკი; საქსტატი

ბოლო წლებში, ქვეყანაში უკიდურესი სიღარიბის შემცირების პარალელურად, რეკორდულად გაიზარდა სოციალურად დაუცველთა, ანუ საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა. რაც მიუთითებს იმაზე, რომ აბსოლუტური სიღარიბის დონის შემცირება ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავლების ზრდასთან ნაკლებად არის დაკავშირებული და უფრო მეტად განპირობებულია სოციალური დახმარებებზე დამოკიდებულებით.

სოციალური მომსახურების სააგენტოს 2025 წლის ოქტომბრის მონაცემებით, ქვეყანაში სოციალურად დაუცველ პირთა (საარსებო შემწეობის მიმღებთა) რაოდენობა 708,245 ადამიანს (184,141 ოჯახს) შეადგენს, რაც ქვეყნის მთლიანი მოსახლეობის 19.1%-ია. მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 17,749 ადამიანით (4,589 ოჯახით) გაიზარდა. საყურადღებოა, რომ 2020-2025 წლებში სოციალურად დაუცველთა რაოდენობა ჯამში 280,872 ადამიანით, ანუ დაახლოებით 65.7%-ით გაიზარდა.

გრაფიკი 3: საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახებისა და მოსახლეობის რაოდენობა, საარსებო შემწეობის მიმღები მოსახლეობის წილი მთლიან მოსახლეობასთან (%)

წყარო: სოციალური მომსახურების სააგენტო

ის ფაქტი, რომ ყოველდღიურად სულ უფრო მეტი ადამიანი ხდება სოციალურ შემწეობებზე დამოკიდებული, არ მიუთითებს სიღარიბის დონის ჯანსაღ კლებაზე. პირიქით, ეს ტენდენცია მოსახლეობის გარკვეული ნაწილის ეკონომიკურ მოწყვლადობას უსვამს ხაზს – მათ დამოკიდებულებას სახელმწიფო დახმარებებზე, როგორც ძირითადი საარსებო წყაროზე.

იხილეთ ყველა სტატია

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 info@geofact.ge