გადამოწმებული ფაქტები ტყუილი

სოციალურ ქსელში საქართველოში ჰაერის დაბინძურების შესახებ ყალბი მტკიცებები ვრცელდება

სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი ავრცელებს ვიდეოს (დაარქივებული ბმული), რომელშიც ნოემბრის თვეში თბილისში არსებული სმოგის შესახებ საუბრობს. მომხმარებელი თბილისში ჰაერის დაბინძურებას ე.წ. ქიმტრეილებს, ლუგარის ლაბორატორიასა და „ხელოვნური მოწამვლის მცდელობებს“ უკავშირებს, ამავდროულად კი დაბინძურების უდაბნოს მტვერთან კავშირს უარყოფს სმოგის თბილისში დიდი რაოდენობით კონცენტრაციის გამო: „[მტვერმა] ქართლი გამოიარა, გვირაბები გამოიარა, ვითომც არაფერი და თბილისს, რუსთავსა და მცხეთას დაეცა ხო მაინცდამაინც. აი, ამისი გჯერათ?!“

თბილისში ნოემბრის თვეში ჰაერის დაბინძურებას გარემოს ეროვნული სააგენტო  ტრანსსასაზღვრო უდაბნოს მტვერს უკავშირებს. დარგის ექსპერტები დაბინძურების შენარჩუნებაში ქალაქის ქაოსური განაშენიანების მნიშვნელოვან როლსაც აღნიშნავენ.

უფრო კონკრეტულად, 6 ნოემბერს სსიპ გარემოს ეროვნულმა სააგენტომ გამოაქვეყნა განცხადება: „06 ნოემბრიდან საქართველოს ტერიტორიაზე შეინიშნება მყარი ნაწილაკების (PM10 და PM2.5) კონცენტრაციის ზრდა ატმოსფერულ ჰაერში. აღნიშნული პროცესი, ტრანსსასაზღვრო ხასიათისაა და განპირობებულია სამხრეთიდან უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებით“.

დედაქალაქში 6 ნოემბრიდან შეინიშნებოდა ნისლი, ე.წ. სმოგი, რომელიც ჰაერის უკიდურესმა დაბინძურებამ გამოიწვია. სმოგი ჰაერის დაბინძურების ტიპს წარმოადგენს და კვამლისა და ნისლის, შეწონილი PM ნაწილაკებისა და ჰაერში არსებული ორგანული და არაორგანული ნაწილაკების  ერთობლიობას აღნიშნავს. PM10 და PM2.5 მტვრის უმცირესი ნაწილაკებია, რომელთა მიერ ჰაერის დაბინძურება ჯანმრთელობისთვის საზიანოა სასუნთქ სისტემასა და სისხლში შეღწევის თვალსაზრისით. თბილისში კი აღნიშნული სმოგი მთელი თვის განმავლობაში შეინიშნებოდა.

მაგალითად, 15 ნოემბრის მონაცემებით, თბილისის ჰაერში მყარი ნაწილაკების რაოდენობა დასაშვებ ნორმას ორჯერ აღემატებოდა. სააგენტომ 30 ნოემბერს ჰაერის ხარისხისა და მისი გაუმჯობესების ხელის შემშლელ ფაქტორებზეც გაავრცელა განცხადება: „…საქართველოს ტერიტორიაზე ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების (PM10 და PM2.5) მომატებული კონცენტრაცია კვლავ შეინიშნება, რაც განპირობებულია სამხრეთიდან და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან მტვრის მასების გავრცელებით. როგორც იცით, ბოლო პერიოდში არ დაფიქსირებულა ნალექი წვიმის ან თოვლის სახით, ასევე არ დაფიქსირებულა ქარი, რამაც განაპირობა დაბინძურების შენარჩუნება. საქართველოს ტერიტორიაზე უდაბნოს მტვერის მასების  გავრცელება წლის განმავლობაში პერიოდულად ფიქსირდება. სიტუაციის გაუმჯობესება დამოკიდებულია შესაბამისი მეტეოროლოგიური პროცესების (წვიმა, თოვლი, ქარი) განვითარებაზე“.

საბოლოდ, 2 დეკემბერს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საქართველოს ტერიტორიაზე ატმოსფერულ ჰაერში მტვრის ნაწილაკების კლების ტენდენცია დაფიქსირდა.

Facebook-მომხმარებელი ვიდეოში წარმოაჩენს, თითქოს სმოგი მხოლოდ თბილისში, რუსთავსა და მცხეთაში შეინიშნებოდა, რითაც უარყოფს უდაბნოს მტვერს, როგორც სმოგის გამომწვევ მიზეზს და მას „ხელოვნური მოწამვლის მცდელობებს“ უკავშირებს. რეალურად, სსიპ ეროვნული სააგენტოს პორტალის თანახმად, დაბინძურებული ჰაერი მთელ საქართველოში გავრცელდა. მაგალითად, 30 ნოემბრის მონაცემებით, ჰაერში PM10 ნაწილაკების ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციაზე გადაჭარბებული რაოდენობა შეინიშნებოდა თბილისში, რუსთავში, ბათუმში, ახალციხეში, თელავსა და ქუთაისში. ამრიგად, მტკიცება, რომ ტრანსსასაზღვრო დაბინძურება მხოლოდ თბილისს, რუსთავსა და მცხეთას შეეხო, უსაფუძვლოა. თუმცა დედაქალაქში სმოგის კონცენტრაციისა და ხანგრძლივობის დონის გამომწვევ მიზეზად დარგის ექსპერტები უდაბნოს მტვრის გარდა, კიდევ ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს – განაშენიანებას ასახელებენ.

გამომდინარე იქიდან, რომ ტრანსსასაზღვრო, იგივე უდაბნოს მტვრით ჰაერის დაბინძურებას ადგილი საქართველოში წარსულშიც ჰქონია, დარგის სპეციალისტები ამ ხარისხის დაბინძურების სხვა ფაქტორებსაც ასახელებენ. მაგალითად, თამარ ბაგრატიას, გარემოს ეროვნული სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელის, თანახმად: „ქალაქის ქაოსური განაშენიანება დღითიდღე გააუარესებს ვითარებას თბილისში. მტკვრის ორივე მხარეს კორპუსების აღმართვა და მდინარის ხეობის ამგვარი ჩარაზვა [მაგ. მარშალ გელოვანის გამზირზე, აკადემ. ქალაქი და სხვა] ასევე ართულებს ვითარებას (მალე გვექნება ბომბეისთან მიახლოებული ჰაერი)“.

ნოე მეგრელიშვილის,  გარემოს დაცვის სამინისტროს გარემოსა და კლიმატის ცვლილების დეპარტამენტის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილის მიხედვით, უდაბნოს მტვერი საქართველოში თითქმის ყოველ თვეში აღწევს. „რადიო თავისუფლებასთან“  მეგრელიშვილმა განაცხადა:

„თუკი რუკას დავხედავთ, უზარმაზარი ტერიტორია უჭირავს საჰარის უდაბნოს, არაბეთის ნახევარკუნძული თითქმის მთლიანად უდაბნოა, შუა აზიაში გვაქვს ძალიან დიდი უდაბნოები. იქ წარმოქმნილი შტორმები იმ ქვეყნებსაც ხომ საშინლად აბინძურებს და რა თქმა უნდა, მტვერი ძალიან დიდ ტერიტორიებზეც ვრცელდება.

ჩემი გამოცდილებით, თითქმის ყოველთვე ხდება ამგვარი მტვრის შემოჭრა. თუმცა გააჩნია, რა დოზით და რამდენი ხნით. ამ შემოჭრას მხოლოდ შუა აზიის მტვერს ვერ დავაბრალებთ. საჰარაც მონაწილეობს, არაბეთის ნახევარკუნძულიც, თუმცა ამჟამინდელი დაბინძურება გაგრძელდა ძალიან დიდხანს.

ჰაერი საით და როგორ წავა, ეს არავისზე დამოკიდებული არ არის და ამისგან პირდაპირ თავსაც ვერ დაიცავ. მაგრამ იმისათვის, რომ დაბინძურებული ჰაერი მალე გაიწმინდოს, ქალაქები ისე უნდა გაანაშენიანო, რომ ტერიტორია ადვილად ნიავდებოდეს და ეს მტვერი დიდხანს არ გაჩერდეს. მით უმეტეს, თბილისი, რომელიც ისედაც ქვაბულია და ისედაც ძნელია მისი განიავება, ამ ქაოტურმა განაშენიანებამ კიდევ უფრო გაართულა განიავების პროცესი.

ქალაქის განიავება პირდაპირ არის დამოკიდებული განაშენიანების ტიპზე. აი, მაგალითად, საბურთალო განაშენიანებულია კვადრატულად და ის ძალიან კარგად ნიავდებოდა. თუმცა, ბოლო წლებში, სადაც დაირღვა წყობის ეს სისტემა, იმ ადგილებში საკმაოდ გაუარესებულია მდგომარეობა“.

აღსანიშნავია, რომ ქაოსურ განაშენიანებას, როგორც სმოგის კონცენტრაციისა და ხანგრძლივობის მიზეზს ადასტურებს ის ფაქტიც, რომ იმავე 30 ნოემბრის მონაცემებით PM10 ნაწილაკების დაშვებული რაოდენობა მხოლოდ და მხოლოდ მესტიასა და ზუგდიდში აღინიშნებოდა, სადაც ქალაქის განაშენიანებისა და განიავების პრობლემებს ნაკლებად ვხვდებით.

დამატებით, ე.წ. „ქიმტრეილები“, რომელსაც Facebook-მომხმარებელი თბილისში ჰაერის დაბინძურებას აბრალებს, სინამდვილეში თვითმფრინავის მიერ დატოვებული „კვამლის ბილიკებია“, იგივე „კონტრეილები“ (contrail). ეს უკანასკნელი თვითმფრინავის გადაადგილებისას საწვავის წვის შედეგად დატოვებული კონდენსაციის პროდუქტია და მისი ხილვადობა არეალის ტენიანობის ხარისხზეა დამოკიდებული. დაბალი ტენიანობის პირობებში ჰაერში მტვრის ნაწილაკებთან ურთიერთქმედებით წარმოქმნილი კრისტალები იშლება, თუმცა მაღალტენიანობის დროს ცაში ნარჩუნდება და ხილული ხდება.

თვითმფრინავის ხილული „კონტრეილების“ შესახებ არსებული კონსპირაციული თეორიების გამო მათი ქიმიური საფრთხის შესაფასებლად კვლევაც ჩატარდა, რომელშიც ატმოსფეროს კვლევებში სპეციალიზებული 77 მეცნიერი მონაწილეობდა სხვადასხვა უნივერსიტეტიდან. კვლევით დადასტურდა, რომ თვითმფრინავების „ქიმტრეილების“, ანუ ქიმიური ნივთიერებების გასავრცელებლად გამოყენება რეალობას არ შეესაბამება. კერძოდ, 77-დან 76-მა მეცნიერმა დაადასტურა თვითმფრინავის მიერ დატოვებული „კონტრეილების“ გამომწვევი მარტივი, ფიზიკასა და ქიმიაში კარგად ცნობილი მიზეზები და ვერ აღმოაჩინა „ქიმტრეილების“ კვალი. ის 1 კოლეგა, რომელიც თეორიის სიყალბეს არ დაეთანხმა, არც „ქიმტრეილის“ არსებობას არ ადასტურებდა. მისი თქმით, ატმოსფეროს ერთ-ერთ არეალში ბარიუმის მაღალი შემცველობა ნამდვილად დაფიქსირდა, ამავე არეალში კი ხმელეთზე – დაბალი შემცველობა.

დამატებით, აშშ-ის გარემოს დაცვის სააგენტომ (EPA) ანგარიშში აღნიშნა, რომ „კონტრეილები“ ადამიანის ჯანმრთელობისთვის პირდაპირ საფრთხეს არ წარმოადგენს. ისინი შესაძლოა კლიმატის ცვლილებებზე უარყოფითად ზემოქმედებენ, რაც, თავის მხრივ, ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხის ქვეშ აყენებს გრძელვადიან პერიოდში, თუმცა „კონტრეილებში“ მომწამვლელი ქიმიური ნივთიერებების არსებობა არ დასტურდება.

ამრიგად, „ქიმტრეილების“ საშუალებით ადამიანების ხელოვნურად მოწამვლის მცდელობები და მათი თბილისის დაბინძურებულ ჰაერთან კავშირი არ დასტურდება.

ვიდეოში Facebook-მომხმარებელი თბილისში ჰაერის დაბინძურებას ლუგარის ლაბორატორიის საქმიანობასაც უკავშირებს. ლუგარის ლაბორატორია სოციალურ ქსელში დეზინფორმაციული თუ კონსპირაციული მტკიცებების ობიექტი ხშირად გამხდარა. თუმცა, რეალურად, მტკიცებები იმის შესახებ, რომ ლაბორატორიაში ბიოლოგიურ იარაღზე მუშაობენ, ატარებენ უკანონო ექსპერიმენტებს ადამიანებზე ან ხელოვნურად ქმნიან ინფექციებს,  არც ერთი კვლევითა თუ სანდო წყაროთი არ დასტურდება.

ლუგარის ლაბორატორია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მიზნებს ემსახურება და ყველა საერთაშორისო სტანდარტის დაცვით მუშაობს. ლუგარის ლაბორატორიის გამჭვირვალობასა და ღია აქტივობებს ადასტურებს უცხოელი ექსპერტებისგან (ავსტრიიდან, აშშ-დან, უნგრეთიდან, გერმანიიდან, მალიდან და სხვა) შემდგარი ჯგუფის ვიზიტის ფარგლებში მიღებული ანგარიშიც, რომლის მიხედვით, ლუგარის ლაბორატორია გამჭვირვალეა თავის საქმიანობაში და ლაბორატორიის საქმიანობა არ მოიცავს არც ერთ ისეთ კომპონენტს, რომელიც შეუსაბამობაშია პრევენციულ, დამცველობით და სხვა მშვიდობიან მიზნებთან, ბიოუსაფრთხოების ზომები კი თანხვედრაშია საერთაშორისო სტანდარტებთან.

ლუგარის ლაბორატორიის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის გაეცანით სტატიებს: 1, 2.

ამრიგად, საქართველოში სმოგი უდაბნოს მტვერმა გამოიწვია. თუმცა მისი დიდი ხნით და კონცენტრაციით შენარჩუნება, დარგის ექსპერტების მტკიცებით, ქაოსური განაშენიანებითაც აიხსნება (განსაკუთრებით თბილისში). „ქიმტრეილებისა“ და ლუგარის ლაბორატორიის საქმიანობის გავლენა კი ჰაერის დაბინძურებაზე არ დასტურდება.

იხილეთ ყველა სტატია

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 info@geofact.ge