სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია (დაარქივებული ბმული), რომლის თანახმად: „ქალაქ გორში სტალინის ძეგლი ბრუნდება. გორის მუნიციპალიტეტმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ იოსებ სტალინის ძეგლი, რომელიც 2010 წელს ქალაქის ცენტრალური მოედნიდან იქნა დემონტაჟირებული, კვლავ დაბრუნდება გორის საზოგადოებრივ სივრცეში. გადაწყვეტილება ქალაქის საკრებულომ ხმათა უმრავლესობით მიიღო. მერის განცხადებით, ძეგლის დაბრუნება „ისტორიული მეხსიერების აღდგენის პროცესის ნაწილია“ და მისი მიზანი არა პიროვნების განდიდება, არამედ ქალაქის ისტორიის სრული სურათის წარმოჩენაა“. სინამდვილეში, ინფორმაცია რეალობას არ შეესაბამება და თავდაპირველად ის სატირული მიზნებისთვის გავრცელდა.

ინფორმაცია, რომ გორში იოსებ სტალინის ძეგლი ბრუნდება და ამის შესახებ გადაწყვეტილება გორის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ხმათა უმრავლესობით მიიღო, თავდაპირველად Facebook-ანგარიშმა Isari24 3 დეკემბერს გაავრცელა (დაარქივებული ბმული) და მიუთითა, რომ პოსტი სატირული შინაარსის იყო.

ქალაქ გორში სტალინის ძეგლის დაბრუნების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა არც ერთ სანდო მედიასა თუ ღია წყაროში. დამატებით, მსგავსი ინფორმაცია არც გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ განხილულ საკითხებსა და მიღებულ გადაწყვეტილებებში იძებნება.







