გადამოწმებული ფაქტები ტყუილი

დეზინფორმაცია: ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკელი შოუმენისგან სასახლე შეიძინა

სოციალურ ქსელში ვრცელდება მტკიცება, რომლის თანახმადაც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკელი შოუმენისგან ბილ კოსბისგან სასახლე 29 მილიონ დოლარად შეიძინა. პოსტში ასევე ვკითხულობთ, რომ აღნიშნული უძრავი ქონება ზელენსკიმ ოფშორული კომპანია Film Heritage Inc.-ის მეშვეობით შეიძინა. სინამდვილეში, გავრცელებული მტკიცება ტყუილია (არქივირებული ბმული).

საგულისხმოა, რომ პოსტს თან ახალავს ინგლისურენოვანი ვიდეოც (არქივირებული ბმული) რუსული სუბტიტრებით, რომელზეც ამერიკული გამოცემა PageSix-ის ლოგოა დატანილი. გამოცემა PageSix ძირითადად ცნობილი ადამიანების შესახებ ამბებს აშუქებს და ტაბლოიდ New York Post-ს ეკუთვნის.

ვიდეოში გადაცემა Page Six Headline-ს ქუდია გამოყენებული, თუმცა გამოცემის YouTube გვერდზე, სადაც მსგავსი ეპიზოდებია ატვირთული, ზელენსკისთან დაკავშირებული ეს ვიდეო არ იძებნება.

მტკიცება ვირუსულად გაავრცელეს რუსულმა პროსახელისუფლებო მედია საშუალებებმაც (rg.ru; ИноСМИ; Царьград). ზოგიერთი მათგანი ციტირებს გამოცემა Page Six-ის სტატიას. გამოცემის ვებგვერდი რუსული მედიების თანახმად კი შემდეგია: Pagesix.now, სადაც სტატია ნამდვილადაა გამოქვეყნებული და ის 2025 წლის 2 დეკემბრით თარიღდება. თუმცა რეალურად, აღნიშნული ვებგვერდი ყალბია. Page Six-ის ნამდვილი ვებსაიტი კი Pagesix.com არის. გარდა დომეინის მისამართის მსგავსებისა, ყალბი ვებგვერდი ვიზუალურად ძალიან ჰგავს ნამდვილს.

ვებგვერდის whois.com-ის თანახმად (Whois არის საჯარო მონაცემთა ბაზა, რომელიც დომენის რეგისტრაციის შესახებ ინფორმაციას აგროვებს), აღნიშნული მედიასაშუალების ყალბი ვებგვერდი – pagesix.now 2025 წლის 27 ნოემბერს, სტატიის გამოქვეყნებამდე რამდენიმე დღით ადრე შეიქმნა.

ხოლო გამოცემის ნამდვილი ვებგვერდი Pagesix.com 1996 წლის 13 სექტემბერსაა რეგისტრირებული.

რუსული მედიების მიერ მითითებულ ყალბ ვებგვერდზე გამოქვეყნებული სტატია 2025 წლის 2 დეკემბრით თარიღდება, მის ავტორად კი ვინმე Antoinette Bueno-ა მითითებული. გამოცემის ნამდვილ ვებგვერდზე აღნიშნული ავტორი ნამდვილად იძებნება, თუმცა მის გამოქვეყნებულ სტატიებში ზელენსკის მიერ შეძენილ სასახლეზე მასალა არ იძებნება. შესაბამისად, ხსენებული სტატია ზოგადად Page Six-ის რეალურ ვებგვერდზეც არაა განთავსებული.

რაც შეეხება კოსბის სახლს. 2025 წლის 15 სექტემბერს გამოცემა Realtor.com-მა გამოაქვეყნა სტატია, სადაც წერდნენ, რომ კოსბი თავის მრავალსართულიან სახლს ნიუ-იორკში 29 მილიონ დოლარად ყიდდა. გავრცელებული ინფორმაციით, მსახიობმა ეს გაკოტრების გამო გააკეთა, რადგან საკრედიტო ვალდებულებებს ვეღარ ასრულებდა. ოქტომბერში კი როგორც realtor.com, ასევე New York Post წერდნენ, რომ კოსბიმ მყიდველი იპოვა, თუმცა თანხა არ გასაჯაროვებულა. მოგვიანებით, იგივე გამოცემები წერდნენ, რომ გარიგება ნოემბერში შედგა და სახლი 28 მილიონ დოლარად გაიყიდა, მაგრამ მყიდველის ვინაობა არ დასახელებულა. კიდევ ერთი ვებგვერდის homes.com-ის თანახმად კი სახლს 2025 წლის ნოემბრიდან კომპანია Seven Manor Holding LLC ფლობს. შესაბამისად, ქონების Film Heritage Inc.-ის მიერ შეძენის შესახებ ამბავიც არ დასტურდება.

საგულისხმოა, რომ რუსული პროპაგანდა აქტიურად ავრცელებს სხვადასხვა ყალბ მტკიცებას, რომელთა მიხედვით, უკრაინის პრეზიდენტი ომის მიმდინარების პარალელურად მდიდრულ უძრავ ქონებას ყიდულობს. „ჯეოფაქტსს“ წარსულში არაერთხელ გადაუმოწმებია მსგავსი მტკიცება. დეტალური ინფორმაციისთვის გაეცანით „ჯეოფაქტსის“ სტატიებს (1; 2; 3; 4; 5).

იხილეთ ყველა სტატია

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 info@geofact.ge