სოციალურ ქსელში პროსახელისუფლებო მედიები რუსთავი 2; „პოსტვ“; Spnews სააგენტო სივრცეები და სხვა Facebook-ანგარიშები (1; 2; 3; 4) აქტივისტისა და Facebook-ჯგუფ “დაიტოვეს” დამფუძნებლის ნენსი ვოლანდის (ქრისტინე ბოტკოველი) ციტატით ქარდებს და ვიდეოს აქვეყნებენ. „რუსთავი-2“, ანუ რუს–თავი, ანუ რუსეთის თავი მეორე, ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ტელევიზია იმართება პირდაპირ რუსეთიდან და არის რუსეთის მეორე თავი!“, – ამბობს ვიდეოში ვოლანდი (დაარქივებული ბმული).
სინამდვილეში, ნენსი ვოლანდი ვიდეოში ბრიტანულ მაუწყებელსა და ბრომბენზილციანიდის შემოკლებულ აბრევიატურას შორის დამთხვევაზე ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტის ფრაზას სარკაზმით გამოეხმაურა. მოგვიანებით გამოქვეყნებულ პოსტში მან აღნიშნა, რომ ვიდეოში ხუმრობდა. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ პოსტებში აღნიშნული კონტექსტი არ ჩანს და ქმნის წარმოდგენას, რომ ეს განცხადება ნენსი ვოლანდმა ნამდვილად, ხუმრობის და სარკაზმის გარეშე, გააკეთა. შესაბამისად, პოსტები შეცდომაში შემყვანია.

ნენსი ვოლანდმა ვიდეო, რომელშიც რუსთავი 2-ის შესახებ საუბრობს, საკუთარ გვერდზე 5 დეკემბერს გამოაქვეყნა (დაარქივებული ბმული). მისი ვიდეოს დასაწყისში ჩასმულია რუსთავი 2-ის გადაცემა კურიერის წამყვანის დავით კაკულიას ფრაზა: „რა გამოიძია BBC-მ, რომლის აბრევიატურაც უცნაურად ემთხვევა ბრომბენზილციანიდის შემოკლებულ აბრევიატურას, ასევე BBC-ის“. მან აღნიშნული ფრაზა გადაცემა კურიერში 4 დეკემბერს გააჟღერა.
ამის შემდეგ ვიდეოში თავად ნენსი ვოლანდი ჩანს, რომელიც ამბობს: „რუსთავი-2″, ანუ რუს–თავი, ანუ რუსეთის თავი მეორე, ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ტელევიზია იმართება პირდაპირ რუსეთიდან და არის რუსეთის მეორე თავი!“. ვიდეოს დადებიდან რამდენიმე საათში, მან პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნა, რომ ვიდეოში ხუმრობდა: „ძაან იშვიათად ვშვრები მაგას, მაგრამ ჩემს ბოლო ვიდეოზე კომენტარები გავთიშე, მაგ ვიდეოს რო ვწერდი თითქმის დარწმუნებული ვიყავი, რომ ქოცები ვერ მიმიხვდებოდნენ ღადაობას და ასეც მოხდა. დამოუკიდებლად თასმებს როგორ იკრავთ ეგ მიკვირს“.

ცნობისთვის, BBC-მ მიმდინარე წლის 1-ელ დეკემბერს ჟურნალისტური გამოძიების ფარგლებში სტატია „ქართველ დემონსტრანტებს პირველი მსოფლიო ომის დროინდელ მომწამვლელ ნაერთს ასხამდნენ, ვარაუდობს BBC-ის მტკიცებულებები“ (WW1 toxic compound sprayed on Georgian protesters, BBC evidence suggests) და დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით „როდესაც წყალი წვავს: ბრძოლა საქართველოსთვის“ (When Water Burns: The Fight for Georgia) გამოაქვეყნა. BBC-ის თანახმად, მათ მიერ მოძიებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ შესაძლოა, საქართველოს ხელისუფლებამ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში დემონსტრაციების დასაშლელად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება „კამიტე“ – ბრომობენზილ ციანიდი, გამოიყენა.







