სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი მაია თვალთვაძე, რომლის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია (1, 2, 3, 4, 5) „ჯეოფაქტსს“ წარსულშიც გადაუმოწმებია, ფოტოს ავრცელებს (დაარქივებული ბმული) და ამტკიცებს, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის განცხადებით, ტრანსგენდერი ქალების რძე „ისეთივე სასარგებლოა“ ჩვილებისთვის, როგორც დედის რძე: „ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ოფიციალურად მიატოვა ბიოლოგია და დაჟინებით მოითხოვა, რომ სხვადასხვა სქესის ჰორმონების მიმღები მამაკაცების მკერდიდან გამოწურული ფარმაცევტული ფორმულა ისეთივე მკვებავია ჩვილებისთვის, როგორც დედის საკუთარი დედის რძე. სასექსის უნივერსიტეტის საავადმყოფოების NHS Foundation Trust-მა სიამაყით განაცხადა, რომ ის მიჰყვება „ჯანმო-ს მითითებებს“ და მამაკაცის დედის რძეს ნატურალურ დედის რძესთან ჩანაცვლებადს მიიჩნევს“, – წერს ანგარიში.
რეალურად, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას არ გამოუქვეყნებია მითითება, რომ ტრანსგენდერი ქალების მიერ ხელოვნურად გამომუშავებული რძე „ისეთივე სასარგებლოა“ ჩვილებისთვის, როგორც მშობიარობის შემდეგ ქალის მიერ გამომუშავებული რძე. აღნიშნული მტკიცება მედიაში 2024 წელს სასექსის უნივერსიტეტის საავადმყოფოების NHS Foundation Trust-ის წერილს მოჰყვა, რომელიც არასაკმარის მტკიცებულებებს ეყრდნობოდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ოფიციალურ საიტზე არ იძებნება კონკრეტული გაიდლაინი, ჩანაწერი, განცხადება ან კვლევა იმის შესახებ, რომ ტრანსგენდერი ქალების რძე ისეთივე სასარგებლოა ჩვილებისთვის, როგორც ბიოლოგიურად ქალი დედის რძე. ჯანმო-ს გაიდლაინები ზოგადად ძუძუთი კვებას/დამატებითი კვებას მოიცავს, მაგრამ კონკრეტულად ტრანსგენდერი ქალების ლაქტაციას არ ეხება.
მტკიცება, რომ ტრანსგენდერი ქალების რძე ისეთივე სასარგებლოა ჩვილებისთვის, როგორც ბიოლოგიურად ქალის რძე, მედიაში გასული წლის თებერვალში გაჩნდა. The Telegraph-მა 2024 წლის თებერვალში გაავრცელა ინფორმაცია, რომ სასექსის უნივერსიტეტის საავადმყოფოების NHS Foundation Trust-ის (ორგანიზაცია ბრიტანეთში, რომელიც ინგლისის ჯანდაცვის ეროვნულ სამსახურის (NHS) მიერ ფინანსდებოდა[1]) სამედიცინო დირექტორის პენი ჯეიმსის გაჟონილ წერილში ტრანსგენდერი ქალების მიერ მედიკამენტების მიღების შემდეგ წარმოებული რძეზე აღნიშნულია, რომ ის „შედარებადია ბავშვის დაბადების შემდეგ წარმოებულ რძესთან“.
ასევე, წერილი ახსენებდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს: „სასექსის უნივერსიტეტის საავადმყოფოების NHS Foundation Trust უთითებს კვლევებს და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს მათ შორის ერთ შემთხვევას, რომელშიც ინდუცირებული ლაქტაციით [არამშობიარობის შემდგომი ლაქტაცია] კვებაზე მყოფ ჩვილებში არ დაფიქსირებულა რაიმე დაკვირვებადი ეფექტი“. აღნიშნული წინადადება მომხმარებელს უქმნიდა არასწორ შთაბეჭდილებას, თითქოს ჯანმო მხარს უჭერდა მტკიცებას, რომ ტრანსგენდერი ქალების რძე კვებითი ღირებულების თვალსაზრისით შეიძლება ბიოლოგიურად ქალი დედის რძესთან იქნას შედარებული.
მანამდეც, 2021 წელს „სასექსის უნივერსიტეტის საავადმყოფოების NHS Foundation Trust ბრიტანეთის პირველი კლინიკური და ენობრივი სახელმძღვანელო პრინციპები შექმნა, სადაც ასევე საუბრობდა ტრანსგენდერი ქალების მიერ ბავშვებისთვის ძუძუთი კვების უნარის შესახებ.
რძის შესახებ NHS Foundation Trust-ის მტკიცება საჩივრის საგანი გახდა. საჩივრის ავტორი ორგანიზაცია სახელწოდებით „Children of Transitioners“ იყო. საპასუხოდ, NHS Foundation Trust-მა 2023 წლის აგვისტოში თავისი არგუმენტის გასამყარებლად 1977 წლით დათარიღებული ხუთ სამეცნიერო ნაშრომი და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მითითება მოიყვანა, რომლის მიხედვითაც, „ადამიანის რძე“ ბავშვისთვის უკეთესია, ვიდრე ხელოვნური რძე. მათ ასევე მტკიცებულად მოიყვანეს 2022 წლის კვლევა, რომლის შედეგების მიხედვით, ტრანსგენდერი ქალების რძეში ტესტოსტერონის კონცენტრაცია 1 პროცენტზე ნაკლები იყო და მისი მიღების შემდეგ ჩვილებში „გვერდითი მოვლენები არ დაფიქსირებულა“. საგულისხმოა, რომ კვლევა ხუთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და გრძელვადიან მონაცემებს არ ეყრდნობოდა.
იმისათვის, რომ მამრობითი სქესის ადამიანმა ძუძუთი კვება შეძლოს, მას ჰორმონ პროგესტინის მიღებით რძის წარმომქმნელი ჯირკვლები უნდა განუვითარდეს. ლაქტაციისთვის ხშირად ინიშნება პრეპარატი, მაგალითად დომპერიდონი ასევე ცნობილი სავაჭრო სახელით Motilum, რომელიც მართალია ლაქტაციისთვის არ არის განკუთვნილი, ის საჭმლის მომნელებელი სისტემის სამკურნალო საშუალებაა, თუმცა მისი გვერდითი ეფექტი პროლაქტინის (ჰორმონი, რომელიც პასუხისმგებელია ლაქტაციაზე) ზრდაა. შესაბამისად, ექიმები მას რეცეპტის გარეშე უნიშნავენ ქალებს, რომლებსაც ბავშვების ძუძუთი კვება უჭირთ, მიუხედავად იმისა, რომ მწარმოებელი კომპანია Janssen თავად არ გასცემს მის გამოყენების რეკომენდაციას ლაქტაციის დროს, ბავშვის გულზე შესაძლო გვერდითი ეფექტის გამო. წამლის ინსტრუქციაში ვკითხულობთ: „დედის რძეში მცირე რაოდენობით აღმოჩენილმა მოტილიუმმა შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი გვერდითი მოვლენები, რომლებიც გავლენას ახდენს ძუძუთი კვებაზე მყოფ ბავშვის გულზე. ძუძუთი კვების დროს წამალი მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა იქნას მიღებული, თუ ექიმი ამას აუცილებლობად მიიჩნევს“.
პენი ჯეიმსის წერილი თავდაპირველად ბრიტანული ორგანიზაციის Policy Exchange-ის წარმომადგენელმა, ლოტი მურმა აღმოაჩინა. მან The Telegraph -თან განაცხადა, რომ NHS Foundation Trust-ის „არაბალანსირებული და გულუბრყვილოა იმაში, რომ მამაკაცის მიერ ჰორმონებით გამოყოფილი სეკრეტები შეიძლება ისევე კვებავდეს ჩვილს, როგორც დედის რძე“. ასევე, ქალთა უფლებების დამცველმა აქტივისტმა მილი ჰილმა მედიასთან აღნიშნა, რომ „მამაკაცებს, როგორც არ უნდა აღწერდნენ თავიანთ თავს, არ შეუძლიათ ძუძუთი კვება“. მაია ფორსტატერმა ჯგუფ „Sex Matters“-ის დირექტორმა განაცხადა: „ძალიან შემაშფოთებელია, რომ NHS-ის აღმასრულებელი დირექტორი და სამედიცინო დირექტორი ტრანსგენდერ იდენტობებს დედებისა და მათი შვილების საუკეთესო ინტერესებზე მაღლა აყენებს“.
აღნიშნული წერილის შესახებ ინფორმაცია 2024 წლის თებერვლის ეთერში BBC-მაც გააშუქა. სიუჟეტში განიხილეს NHS Foundation Trust-ის წერილი და მასში წარმოდგენილი ინფორმაცია ტრანსგენდერი ქალების მიერ რძის გამომუშავების შესახებ. ასევე, წერილში აღნიშნული ჩანაწერი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციაზე. სიუჟეტში გავიდა ინტერვიუ ქეით ლუქსიონთან, რომელიც BBC-ის თანახმად, ლონდონის უნივერსიტეტის კოლეჯის შემოქმედებითი გლობალური ჯანდაცვის მკვლევარი და ლაქტაციის კონსულტაციის პრაქტიკოსი იყო. ის აცხადებდა, რომ არსებობდა დამაჯერებელი მტკიცებულებები ტრანსგენდერი ქალების რძის კვებითი ღირებულების დასადასტურებლად და უარყოფდა ნებისმიერ მტკიცებას ტრანსგენდერი ქალების მიერ წარმოებულ რძეში მამაკაცის ჰორმონების პოტენციურ არსებობასთან დაკავშირებით.
გასულ სიუჟეტს მაყურებლის მხრიდან არა ერთი საჩივარი მოჰყვა. საჩივრები ძირითადად ეხებოდა მასში წარმოდგენილი ინფორმაციის სანდოობას და იმ ფაქტს, რომ წერილში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რჩევებზე მითითება არაზუსტი და შეცდომაში შემყვანი იყო. საჩივრების საპასუხოდ, BBC-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალის თანახმად, BBC-ის სარედაქციო საჩივრების განყოფილებამ (ECU) მცირე მტკიცებულებები აღმოაჩინა NHS-ის სამედიცინო დირექტორ ჯეიმსის მტკიცების დასადასტურებლად, რომ „ტრანსგენდერი ქალის რძე ისეთივე კარგია ჩვილებისთვის, როგორც დედის რძე“; კერძოდ, ხუთი კვლევიდან, რომლებიც ჯეიმსმა თავის წერილში მოიხსენია, როგორც „ინფორმაციული რესურსები“ „ინდუცირებული ლაქტაციის (არამშობიარობის შემდგომი ლაქტაცია) და მშობიარობის შემდგომი ლაქტაციის“ შესახებ, მხოლოდ ერთი ეხებოდა კონკრეტულად ტრანსგენდერ ქალებს და ეფუძნებოდა ერთ კონკრეტულ შემთხვევას. შესაბამისად, წარმოდგენილი მტკიცებულების რაოდენობიდან გამომდინარე, ECU-ს შეფასებით დასკვნა ბუნდოვანი და შეცდომაში შემყვანია.
რაც შეეხება სიუჟეტში ქეით ლუქსიონთან ინტერვიუს და მის მტკიცებებს, მათ შორის, ნებისმიერი ვარაუდის უარყოფას, ტრანსგენდერი ქალების მიერ წარმოებულ რძეში მამაკაცის ჰორმონების პოტენციურ არსებობასთან დაკავშირებით. BBC-ის ECU-ს მიხედვით, მის მიერ გამოთქმული შეხედულების დასადასტურებლად არსებული მტკიცებულებების ნაკლებობის და ადამიანის რძის კვებითი ღირებულების შესახებ სპეციალიზებული ცოდნის არარსებობის გათვალისწინებით, BBC-ის აუდიტორიისთვის ნათლად უნდა ეთქვა, რომ ასეთი დასკვნების გამოტანამდე, საჭირო იყო მეტი კვლევა. ECU-ს თანახმად, წამყვანი გარკვეულწილად შეეწინააღმდეგა ლუქსიონის მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს, მაგრამ გადაცემამ სათანადო ყურადღება არ დაუთმო საკამათო საკითხთან დაკავშირებით არსებულ განსხვავებულ შეხედულებებს და პერსპექტივებს.
აგრეთვე, საჩივრების ნაწილი ეხებოდა ტერმინოლოგიასაც. კერძოდ, ჯეიმსის წერილში მოხსენიებული იყო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გაიდლაინები, რაც მაყურებელს აფიქრებინებდა, რომ ჯანმო-ს მითითებები ადასტურებდა დოქტორ ჯეიმსის მტკიცებას „ტრანსგენდერი ქალის რძის“ შესახებ. ECU-ს მიხედვით, სინამდვილეში, ჯანმო-ს გაიდლაინები არ ეხება ტრანსგენდერ ქალებს და შესაბამისად, აუდიტორია შეცდომაში შეჰყავს.
ამდენად, მტკიცება, რომ ჯანმოს განცხადებით, ტრანსგენდერი ქალების რძე „ისეთივე სასარგებლოა“ ჩვილებისთვის, როგორც დედის რძე, არ დასტურდება.
[1] 2025 წლის მარტში გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრმა კირ სტარმერმა ინგლისის ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის (NHS) გაუქმების შესახებ განაცხადა. მისი თქმით, ამ გადაწყვეტილების შემდეგ ჯანდაცვის სისტემის მენეჯმენტი “დემოკრატიულ კონტროლს” დაუბრუნდება.







