გადამოწმებული ფაქტები კონტექსტის გარეშე

სარეკლამო კომპანია „პანდას“ Facebook-ის წესების დარღვევა თავად კომპანია Facebook-მა დაუდგინა

სოციალურ ქსელში ანონიმურმა გვერდმა „ნაცებს რაა?“ პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ვკითხულობთ: „ეთო ბუზიაშვილი შავ სიაშია და ამერიკა მას კარს უხურავს!!!  ბუზიაშვილს, რომელიც მიზანმიმართულად ებრძოდა სარეკლამო კომპანია „პანდას“ და მასზე ბინძურ, ცილისმწამებლურ კამპანიას ეწეოდა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ქვეყანაში აღარ შეუშვებს!” (არქივირებული ბმული). პოსტში ასევე მცდარადაა მითითებული, თითქოს ბუზიაშვილი ფაქტების გადამმოწმებლად მუშაობდა.

სინამდვილეში, 2019 წელს „პანდასთან“ დაკავშირებული ქსელის თავად კომპანია Facebook-მა გამოიძია.

2019 წლის 20 დეკემბერს Facebook-მა გამოაქვეყნა გამოძიება, რომლის თანახმად, მათ კოორდინირებული არაავთენტური ქცევის გამო, 396 გვერდი წაშალეს. Facebook-ის მაშინდელი უსაფრთხოების პოლიტიკის ხელმძღვანელის, ნათანიელ გლიჩერის თანახმად, აღნიშნული ქსელი საქართველოში ოპერირებდა და ადგილობრივ შიდა აუდიტორიაზე ახდენდა გავლენას. კომპანიის თქმით, ამ აქტივობის უკან მდგომი პირები მათ კონტენტზე ჩართულობის გასაზრდელად და გვერდების სამართავად, იყენებდნენ ყალბ ანგარიშებს. შესწავლილი გვერდები საინფორმაციო ორგანიზაციებად წარმოაჩენდნენ და პოლიტიკურ პარტიებს, საჯარო პირებს, აქტივისტებსა და მედია სუბიექტებს იმიტირებდნენ. Facebook-ის თანახმად, „გვერდების ადმინისტრატორები და ანგარიშების მფლობელები, როგორც წესი, აქვეყნებდნენ ინფორმაციას ადგილობრივი ახალი ამბებისა და პოლიტიკური საკითხების შესახებ, როგორებიცაა: არჩევნები, მთავრობის პოლიტიკა, საჯარო მოხელეები, ოპოზიციისა და ადგილობრივი აქტივისტების კრიტიკა. მიუხედავად იმისა, რომ ამ აქტივობის უკან მდგომი პირები ცდილობდნენ დაეფარათ თავიანთი ვინაობა და კოორდინაცია, ჩვენმა გამოძიებამ ეს აქტივობა დაუკავშირა „პანდას“, სარეკლამო სააგენტოს საქართველოში და „ქართული ოცნების“ მთავრობას“.

აღნიშნულ გამოძიებას კომპანია „პანდა“ რამდენჯერმე გამოეხმაურა. 2019 წელს, Facebook-ის მიერ ანგარიშის გამოქვეყნებისა და სოციალური ქსელის ანგარიშების წაშლის შემდეგ, „პანდამ“ YouTube-ზე ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ამტკიცებდა, რომ „ქართველმა მიკერძოებულმა მკვლევრებმა“ უსაფუძვლოდ დაადანაშაულეს ისინი მავნე საქმიანობაში.

2025 წლის 8 იანვარს „პანდამ“ კიდევ გაავრცელა ვიდეო, რომლითაც Meta-ს გენერალური დირექტორის, მარკ ცუკერბერგის 2025 წლის 7 იანვრის განცხადებას ეხმაურებოდნენ. აღნიშნულ განცხადებით კომპანიის ხელმძღვანელმა აშშ-ში ფაქტების გადამოწმების პროგრამას შეწყვეტა გამოაცხადა და ნაცვლად ამ პროგრამისა, X-ის მსგავსი „საზოგადოების შენიშვნების“ პროგრამაზე გადასვლა დაანონსა. ვიდეოში „პანდა“ აცხადებდა, რომ ისინი ადრეც საუბრობდნენ „ფაქტ-ჩეკერების მიკერძოებულობაზე“, რაც, „პანდას“ თქმით, შემდგომში Meta-ს გენერალურმა დირექტორმა, მარკ ცუკერბერგმა თავის 7 იანვრის განცხადებაში დაადასტურა, სადაც ცუკერბერგი ფაქტების გადამმოწმებლებს „ზედმეტად პოლიტიკურად მიკერძოებულებს“ უწოდებს.

სინამდვილეში, „პანდა“ არასწორად აკავშირებს Facebook-ის მიერ 2019 წელს ანგარიშების წაშლას როგორც Meta-ს ფაქტების გადამოწმების პროგრამასთან, ასევე ეთო ბუზიაშვილთან.

Facebook-ის ოფიციალური ინფორმაციით, „პანდასთან“ დაკავშირებული ანგარიშების წაშლის მიზეზი მათი კოორდინირებული არაავთენტური ქცევა იყო, რაც კომპანიის წესებს ეწინააღმდეგება: „ეს გვერდები თავს წარმოაჩენდნენ, როგორც საინფორმაციო ორგანიზაციები და ახდენდნენ პოლიტიკური პარტიების, საჯარო პირების, აქტივისტური ჯგუფებისა და მედია სუბიექტების იმიტირებას. მიუხედავად იმისა, რომ ამ აქტივობის უკან მდგომი პირები ცდილობდნენ დაეფარათ თავიანთი ვინაობა და კოორდინაცია, ჩვენმა გამოძიებამ ეს აქტივობა დაუკავშირა „პანდას“, სარეკლამო სააგენტოს საქართველოში და ქართული ოცნების მთავრობას.“ Facebook-მა 2019 წელს ასევე განაცხადა, რომ მათ თავად გამოავლინეს ეს ანგარიშები და იქვე აღნიშნეს, რომ მათმა გამოძიებამ ასევე ისარგებლა საჯაროდ არსებული სხვა ანგარიშებით.

ეთო ბუზიაშვილმა და DFRlab-მა მართლაც გამოაქვეყნეს ანგარიში 2019 წელს, მაგრამ როგორც ისინი თავიანთ ანგარიშში აცხადებენ, მათ გამოძიებული ანგარიშებიდან 261-ზე ჰქონდათ წვდომა, თუმცა ვერ შეძლეს პირდაპირ დაედასტურებინათ Facebook-ის შეფასება მთავრობასთან კავშირის ან ქართულ სარეკლამო სააგენტო „პანდასთან“კავშირის შესახებ. ამდენად, ის რომ სწორედ Facebook-მა გამოავლინა, „პანდასთან“ დაკავშირებული კოორდინირებული არაავთენტური ქცევის ქსელი ატლანტიკური საბჭოს DFRlab-ის ანგარიშშიც იკითხება.

გარდა ამისა, „პანდას“ მტკიცება იმის შესახებ, რომ Facebook-ის გამოძიება დაფუძნებული იყო „მიკერძოებული ფაქტ-ჩექერების“ მიერ დაწერილ ანგარიშზე და რომ ეთო ბუზიაშვილი იყო ერთ-ერთი მათგანი, მცდარია. ეთო ბუზიაშვილი არის Atlantic Council-ის DFRLab-ის მკვლევარი და არ აქვს კავშირი Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის პარტნიორ ორგანიზაციებთან; შესაბამისად, მისი „ფაქტ-ჩეკერად“ მოხსენიება არასწორია.

Meta-ს ფაქტების გადამოწმების პროგრამამ საქართველოში მუშაობა 2020 წლის სექტემბერში დაიწყო, მაშინ როცა ზემოხსენებული გამოძიება 2019 წელს გამოქვეყნდა. აღსანიშნავია ისიც, რომ Meta-ს ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში არ იშლება არც გადამოწმებული მასალა და არც მისი გამომქვეყნებელი ანგარიში. ამდენად, ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში ვერც კომპანია „პანდასთან“ დაკავშირებული ანგარიშების წაშლა მოხდებოდა.

 

 

იხილეთ ყველა სტატია

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 info@geofact.ge