გადამოწმებული ფაქტები რედაქტირებული

სოციალურ ქსელში სამოქალაქო აქტივისტების რედაქტირებული ვიდეოები ვრცელდება

Facebook-ზე ანგარიშები ჯგუფ „დაიტოვეს“ თანადამფუძნებლის, ნენსი ვოლანდის (ქრისტინე ბოტკოველი) ვიდეოს ავრცელებენ, (1; 2; 3; არქივირებული ბმული) რომელშიც თითქოს ის ამბობს: „ქვემოთ ჩავედი სადღაც, ტაქსი გამოვიძახე და რო ჩავჯექი, ფანჯრები ამოვწიე, იმიტომ, რომ ძალიან ციოდა – მეც ძალიან მციოდა, იმიტომ, რომ გალუმპული ვიყავი, მაგრამ ისეთი სუნი დადგა მანქანაში, რომ მომერიდა, ეხლა ეს კაციც ამ სუნით ამეყროლებინა, და ჩამოწეული ფანჯრებით ვიმგზავრე. ტაქსისტიც…“ სინამდვილეში, ვიდეო, რომელიც შეურაცხმყოფელი აღწერებითა და კომენტარებით გავრცელდა, რედაქტირებულია და მასში არსებული ხმა ნენსი ვოლანდს არ ეკუთვნის. მანიპულაციურად და კონტექსტის გარეშე ვრცელდება ასევე აქტივისტ ნინო კალანდიას ინტერვიუც (1; 2; არქივირებული ბმული).

გავრცელებული ვიდეოს უკანა ფონზე ტელეკომპანია „ფორმულას“ ლოგო ჩანს, რაც მიანიშნებს, რომ აქტივისტი ამ ტელეარხის ეთერში საუბრობდა. ვიდეო ნაწყვეტია გადაცემიდან „ფორმულას დღე“, რომელიც ეთერში 2025 წლის 7 თებერვალს გავიდა. ინტერვიუში ნენსი ვოლანდი მის საცხოვრებელ სახლში ჩატარებულ ჩხრეკაზე საუბრობდა და ზემოაღნიშნული ტექსტი, რაც სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს ადევს, ნენსი ვოლანდის ინტერვიუს სრულ ვერსიაში არ ფიგურირებს. რეალურად, ხმა მას არც ეკუთვნის.

ნენსი ვოლანდის ვიდეოზე დართული კომენტარი სინამდვილეში „ფორმულას“ გადაცემაში „ყოველდღე“ აქტივისტმა ნინო კალანდიამ 2025 წლის 8 დეკემბერს გააკეთა, სადაც ის BBC-ის გამოძიებაზე საუბრობდა.

თავის მხრივ, Facebook-ზე ნინო კალანდიას ვიდეოც მანიპულაციურად ვრცელდება (1; 2; არქივირებული ბმული). ამოჭრილია მხოლოდ მცირე მონაკვეთი, რაც კონტექსტიდან ამოგლეჯილი და შეცდომაში შემყვანია.

ვიდეოში აქტივისტი ნინო კალანდია სტუმრად ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემაში – „ყოველდღე“ იმყოფებოდა. კალანდიამ ამ კომენტარით უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, გაეხსენებინა, როგორ დააზიანა ის წყლის ჭავლმა და ცრემლსადენმა გაზმა, რაზეც სრული პასუხი შემდეგი შინაარსისაა: „რაც შეეხება იმ დღეებს, ჩვენ ვერ წარმოგვედგინა, რომ ასეთი ნივთიერება იყო წყალში გარეული, რომელსაც შეეძლო ჯანმრთელობის ასეთი სერიოზული პრობლემები გამოეწვია ადამიანებში, თორემ ჩვენ მაშინვე ვხვდებოდით, რომ რაღაცა ხდებოდა ისეთი, რაც არ უნდა მომხდარიყო, იმიტომ რომ ეხლა წყალი, წყლით არაერთხელ დავუშლივართ, ხო, ანუ ეგ ხო არ იყო პირველი შემთხვევა, როცა ჩვენ აქციაზე გამოვედით და დაგვშალეს. მაგრამ ეს წყალი, რომლითაც გალუმპულები ვიყავით, გარდა იმისა, რომ იმ სიცივეში და ყინვაში დასველებულები ვიყავით წყლით, მართლა ცეცხლი გვეკიდა ყველას, ვინც მოვყევით იმ დღეებში აი ამ წყლის ჭავლით დაშლის დროს, ანუ კანზე გვეკიდა ცეცხლი. და ეს არ იყო ბუნებრივი და ეს არ იყო ნორმალური, და მაშინვე გაჩნდა კითხვები, რომ რა არის გარეული ამ წყალში ისეთი, რომ დასველების შემდეგ რაღაცა საშინელი ეფექტი აქვს და საშინელი სუნი, რომელსაც ვერ ვიშორებდით. მე მახსოვს, ერთ-ერთი დარბევის შემდეგ გალუმპულმა, ქვემოთ ჩავედი სადღაც, ტაქსი გამოვიძახე და რომ ჩავჯექი, ნუ ფანჯრები ამოვწიე იმიტომ, რომ ნუ ძალიან ციოდა, მეც ძალიან მციოდა იმიტომ, რომ გალუმპული ვიყავი. მაგრამ ისეთი სუნი დადგა მანქანაში, რომ ნუ მომერიდა, რომ ეხლა ეს კაციც ამ სუნით ამეყროლებინა, და ჩამოწეული ფანჯრებით ვიმგზავრე და ეს ტაქსისტიც, ანუ ისეთი სუნი დადგა, რომ ტაქსისტმა მკითხა, რომ რა სუნი აგდითო? ამას ამბობდა ყველა — ეს რანაირად შეიძლებოდა ეხლა, რომ ეს შეგვეთანხმებინა ერთმანეთთან, ხო? ანუ ყველა ადამიანი მეორე დღეს, ან იქვე სანამ გავშრებოდით, მანამდეც, ხო ვგრძნობდით ამ წვას, მაგრამ მერე კიდევ უფრო და უფრო ძლიერდებოდა და აი დაბანის შემდეგ კიდევ უფრო მეტად ძლიერდებოდა, აი ეს წყლის შეხება ამ მოწამლულ კანს კიდევ უფრო უარეს დღეში აგდებდა. და ასეთ მდგომარეობაში იყო აბსოლუტურად ყველა ადამიანი, ვინც ამ წყლის ჭავლის ქვეშ მოყვა“.

შესაბამისად, აქტივისტი დარბევის დროს გამოყენებული წყლის ჭავლისა და ცრემლსადენი გაზის შემდგომ ეფექტებზე საუბრობდა, რომელსაც, მისი თქმით, სპეციფიკური სუნი ახასიათებდა. ამდენად, სრული ვიდეოდან ჩანს, რომ რესპონდენტი არა ჰიგიენის ნაკლებობით გამოწვეულ სუნზე, არამედ აქციების დაშლის დროს გამოყენებული სპეცსაშუალებების ეფექტზე საუბრობს.

ცნობისთვის, 2025 წლის 1 დეკემბერს BBC-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათ მიერ შეგროვებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს საპროტესტო აქციების წინააღმდეგ შესაძლოა პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა.

 

იხილეთ ყველა სტატია

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 info@geofact.ge