სოციალურ ქსელში ვრცელდება მტკიცება, რომ „ამერიკა NATO-დან გადის!“ (დაარქივებული ბმული). სინამდვილეში, ამ ეტაპზე აშშ-ს მხრიდან ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დატოვების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. მსგავსი ინიციატივა, რომელიც შეერთებული შტატების ნატოდან გასვლას ითვალისწინებს, რესპუბლიკელმა თომას მესიმ კონგრესში წარადგინა, თუმცა ჯერჯერობით კანონპროექტი არ არის მიღებული და მას იურიდიული ძალა არ აქვს. ამავდროულად, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ახალ სტრატეგიაში არაფერია ნათქვამი ალიანსის დაშლის ან აშშ-ის ალიანსიდან შესაძლო გასვლის შესახებ.

ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან მიმართებით დონალდ ტრამპისა და მისი ადმინისტრაციის მხრიდან კრიტიკა ხშირად წევრი ქვეყნების თავდაცვის ხარჯებს უკავშირდება. დონალდ ტრამპის განცხადებით, საჭიროა, რომ ყველა წევრმა ევროპის თავდაცვის ფინანსური ტვირთი გაიზიაროს. აშშ-ის პრეზიდენტს ისიც კი აღუნიშნავს, რომ თუკი წევრი ქვეყნების მხრიდან თავდაცვაზე დახარჯული სამიზნე მაჩვენებლები არ იქნება მიღწეული, აშშ ევროპელი წევრების დაცვაზე უარს იტყვის. 2025 წლის 5 ივნისს ნიდერლანდების ქალაქ ჰააგაში გამართულ NATO-ს სამიტზე წევრმა სახელმწიფოებმა საერთო დეკლარაცია მიიღეს და თავდაცვის ხარჯების მშპ-ს 5%-მდე გაზრდის შესახებ შეთანხმდნენ.
კრიტიკის მიუხედავად, არც დონალდ ტრამპსა და არც მის ადმინისტრაციას ალიანსის დატოვების შესახებ განცხადება არ გაუკეთებია.
მიმდინარე წლის 4 დეკემბერს აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის დოკუმენტი (NSS) გამოაქვეყნა. დოკუმენტი პრეზიდენტის ადმინისტრაციის სტრატეგიებსა და ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს განსაზღვრავს. 2025 წლის დოკუმენტი, რომელიც ტრამპის “ამერიკა უპირველეს ყოვლისა” პრინციპს ემყარება, აშშ-ის დასავლეთ ნახევარსფეროში პოზიციის გამყარებას, მონროს დოქტრინის[1] დაცვას და აღსრულებას მოიცავს.
რაც შეეხება NATO-სთან დაკავშირებულ პუნქტებს. ახალ სტრატეგიაში აღნიშნულია, რომ აშშ-ისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს “დასრულდეს აღქმა და აღიკვეთოს რეალობა, რომ „NATO მუდმივად გაფართოებადი ალიანსია“ (გვ.27). დოკუმენტში ასევე ვკითხულობთ, რომ მომდევნო ათწლეულების განმავლობაში ზოგიერთ NATO-ს წევრ ქვეყანაში უმრავლესობა არაევროპელი იქნება, რაც ბადებს კითხვას, „შეხედავენ, თუ – არა ისინი აშშ-სთან ალიანსს ისე, როგორც ამას თავდაპირველი ხელმომწერები ხედავდნენ” (გვ. 27). ტექსტში ხაზგასმულია, რომ ალიანსის წევრები დათანხმდნენ და ახლა უნდა შეასრულონ ნატოს ქვეყნების მიერ გასული წლის 25 ივნისს ჰააგის სამიტზე მიღწეული შეთანხმება თავდაცვის ბიუჯეტის მშპ-ს 5%-მდე გაზრდის შესახებ (გვ. 12). აშშ-ის ახალ სტრატეგიაში არაფერია ნათქვამი ალიანსის დაშლის ან აშშ-ის ალიანსიდან შესაძლო გასვლის შესახებ.
აშშ-ის მიერ ალიანსის დატოვებასთან დაკავშირებით მტკიცება შესაძლოა, მას შემდეგ გაჩნდა, რაც მიმდინარე წლის 9 დეკემბერს რესპუბლიკელმა თომას მესიმ კანონპროექტი HR 6508 (იგივე „ნატოს აქტი“) წარადგინა, რომელიც შეერთებულ შტატების ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციიდან გაყვანას გულისხმობს. აღნიშნული კანონპროექტის შესახებ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წარმომადგენლის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული. „ნატო ცივი ომის რელიკვიაა. ჩვენ უნდა გამოვიდეთ ნატოდან და ეს ფული გამოვიყენოთ ჩვენი ქვეყნის დასაცავად“, – განაცხადა თომას მესიმ. მისი თქმით, „ნატო შეიქმნა საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ საბრძოლველად, რომელიც 30 წელზე მეტი ხნის წინ დაიშალა. მას შემდეგ აშშ-ის მონაწილეობა გადასახადის გადამხდელებს ტრილიონობით დოლარი დაუჯდა და კვლავაც შეიცავს აშშ-ის უცხო ქვეყნების ომებში ჩართვის რისკს“. „ამერიკა არ უნდა იყოს მსოფლიოს უსაფრთხოების საბანი – განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მდიდარი ქვეყნები უარს ამბობენ საკუთარი თავდაცვის დაფინანსებაზე“.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ვებგვერდზე ვკითხულობთ, რომ „ნატოს აქტი“:
- მოითხოვს, რომ პრეზიდენტმა ოფიციალურად აცნობოს ნატოს აშშ-ის გასვლის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მე-13 მუხლის შესაბამისად;
- ასკვნის, რომ ნატოს ცივი ომის თავდაპირველი მიზანი აღარ შეესაბამება აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ამჟამინდელ ინტერესებს;
- ადგენს, რომ ნატოს ევროპელ წევრებს აქვთ საკმარისი ეკონომიკური და სამხედრო შესაძლებლობები საკუთარი თავდაცვის უზრუნველსაყოფად;
- ხელს უშლის აშშ-ის გადასახადის გადამხდელთა სახსრების გამოყენებას ნატოს საერთო ბიუჯეტებისთვის, მათ შორის მისი სამოქალაქო ბიუჯეტისთვის, სამხედრო ბიუჯეტისთვის და უსაფრთხოების ინვესტიციების პროგრამისთვის.
საგულისხმოა, რომ ალიანსის მე-13 მუხლის მიხედვით, ნებისმიერ წევრ ქვეყანას ნატოს შექმნიდან 20 წლის გასვლის შემდეგ, შეუძლია, დატოვოს ალიანსი, აშშ-ის მთავრობისთვის შეტყობინების მიწოდებიდან ერთი წლის თავზე. თუმცა, წევრი ქვეყნის ალიანსიდან სრულად გასვლის პრეცედენტი აქამდე არ არსებობს. საფრანგეთმა (1966 წელს) და საბერძნეთი (1974 წელს) დროებით დატოვეს ნატოს ინტეგრირებული სამხედრო სამეთაურო სტრუქტურა პოლიტიკური მიზეზების გამო, მაგრამ დარჩნენ ხელშეკრულების მხარეებად და საბოლოოდ, მოგვიანებით სრულად რეინტეგრირდნენ.
შეერთებულ შტატებში დებატების საგანს წარმოადგენს პრეზიდენტის უფლებამოსილება ალიანსიდან ცალმხრივად გასვლის შესახებ. კონგრესმა 2024 ფისკალური წლის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტში შეიტანა დებულება (იხილეთ ფოტო), რომელშიც ნათქვამია, რომ პრეზიდენტს არ შეუძლია შეაჩეროს, შეწყვიტოს ან გააუქმოს აშშ-ის წევრობა სენატის ორი მესამედის უმრავლესობის რჩევისა და თანხმობის ან კონგრესის აქტის გარეშე. თეორიულად, ზოგიერთი კონსტიტუციონალისტი მიიჩნევს, რომ ამ დებულებამ შესაძლებელია, ვერ შეძლოს პრეზიდენტის აღმასრულებელი ხელისუფლების საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების იურიდიული შეზღუდვა, მაგრამ მსგავსი გადაწყვეტილება პრეზიდენტის მხრიდან, კონსტიტუციურ კონფლიქტს გამოიწვევს. ასეთი ნაბიჯი შესაძლოა, ხანგრძლივი სასამართლო დავების საგანიც გახდეს.

ამდენად, მტკიცება, რომ აშშ ალიანსს ტოვებს, სიმართლეს არ შეესაბამება.
[1] დოქტრინა შემუშავდა ამერიკის მეხუთე პრეზიდენტის, ჯეიმზ მონროს მიერ. დოქტრინა დასავლეთ ნახევარსფეროში აშშ-ის პოზიციის განმტკიცებას და ევროპული ერების გაფრთხილებას მოიცავდა, რომ შეერთებული შტატები არ შეეგუებოდა მათი მხრიდან შემდგომ კოლონიზაციას. დოქტრინა მალევე დასავლეთ ნახევარსფეროში აშშ-ის პოლიტიკის დევიზად იქცა.







