სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში Shalva Qavtaradze, რომლის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია „ჯეოფაქტსს“ წარსულშიც გადაუმოწმებია (1, 2, 3, 4, 5), აქვეყნებს ვიდეოს, რომელშიც ქუჩაში მიმავალი ხალხის დიდი რაოდენობა ჩანს, ხოლო თანდართული აღწერის თანახმად, ვიდეოში თურქმენეთში რუსეთის მხარდასაჭერად გამოსული ახალგაზრდები ჩანან. სინამდვილეში, აღნიშნული მტკიცება ტყუილია. ვიდეო არა თურქმენეთში, არამედ რუმინეთშია გადაღებული და ის რუსეთის მხარდამჭერების აქციას არ ასახავს. (არქივირებული ბმული)

გავრცელებულ ვიდეოს მარცხენა ზედა კუთხეში სოციალური ქსელის TikTok-ის ლოგო აქვს, მის ქვემოთ კი TikTok ანგარიშის სახელი – @antenasport. აღნიშნული გვერდის მოძებნისას აღმოჩნდა, რომ ის რუმინული სპორტული არხია, რომელიც კომპანია Antena TV Group-ს ეკუთვნის. აღნიშნული ვიდეო მათ სოციალურ ქსელებში, როგორც TikTok-ზე, ასევე YouTube-სა და ოფიციალურ ვებგვერდზეც გამოაქვეყნეს.

ოფიციალური გვერდის მიერ გავრცელებული ვიდეოს აღწერაში ვკითხულობთ: „სპარტა პრაღის“ გულშემატკივრებს შვებით შეუძლიათ ამოისუნთქონ — ისინი კონფერენს ლიგის მატჩამდე კრაიოვაში ჩავიდნენ“ (Fanii Spartei Praga pot răsufla uşuraţi! Au ajuns la Craiova înaintea meciului din Conference League).
ამგვარად, მტკიცება, რომლის თანახმადაც ვიდეო თურქმენეთშია გადაღებული, სადაც რუსეთის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა, ტყუილია. რეალურად, ის რუმინეთშია გადაღებული და ფეხბურთის ფანების მარშს ასახავს.







