2025 წლის 11 დეკემბერს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ საქმეზე – „ცაავა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება გამოიტანა. საქმე ეხება 2019 წლის 20-21 ივნისს ანტისაოკუპაციო აქციის (ე.წ. „გავრილოვის ღამე“) დარბევის შედეგად დაზარალებულ მოქალაქეებს, დემონსტრანტებს და ჟურნალისტებს.[1]
თავდაპირველად სასამართლოს მე-5 პალატამ 2024 წლის 7 მაისს გადაწყვეტილება გამოაცხადა. 2024 წლის 1 აგვისტოს 4 საჩივრის აპლიკანტებმა საჩივრის განხილვის თხოვნით დიდ პალატას მიმართეს. 23 სექტემბერს დიდმა პალატამ მათი ეს მოთხოვნა დააკმაყოფილა. [2]
მე-5 პალატამ 7 მაისის გადაწყვეტილებაში ანტისაოკუპაციო აქციის დროს დაზარალებული მოქალაქეების საჩივრებზე (26 პირის საქმე) სახელმწიფო ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის (წამების აკრძალვა) პროცედურული ნაწილის (Procedural limb of Article 3)[3] დამრღვევად სცნო და დაადგინა, როგორც გამოძიების არაეფექტიანობა, ასევე, სპეციალური საშუალებების საკანონმდებლო რეგულირებასთან დაკავშირებული რიგი პრობლემები.
აღსანიშნავია, რომ პალატამ წარმოებაში არ მიიღო საჩივრები კონვენციის მე-3 მუხლის მატერიალური ნაწილის (Substantive limb of Article 3), ასევე, კონვენციის მე-10 (გამოხატვის თავისუფლება) და მე-11 მუხლების (შეკრების თავისუფლება) სავარაუდო დარღვევების შესახებ.[4] პალატამ ერთსულოვნად დაადგინა, რომ საქართველომ შეასრულა კონვენციის 38-ე მუხლით დადგენილი ვალდებულებები; ასევე, ერთსულოვნად მიიჩნია, რომ არ იყო საჭირო კონვენციის მე-13 მუხლის (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალებების უფლება) საფუძველზე წარმოდგენილი განცხადებების განხილვა.[5]
დიდმა პალატამ განცხადებები თითოეულ მუხლთან მიმართებით ხელახლა, დეტალურად შეაფასა.
უპირველეს ყოვლისა, დიდი პალატის შეფასებით, არ არსებობდა სამართლებრივი საფუძველი პალატისგან განსხვავებულად შეეფასებინა მე-3 მუხლის პროცედურული ნაწილის დარღვევა.[6] ამ ნაწილში დიდმა პალატამ, ფაქტობრივად, დაამოწმა რომ, როგორც კინეტიკური საშუალებების[7] გამოყენებასთან, ასევე, სამართალდამცავთა მხრიდან ფიზიკურ შეურაცხყოფასთან დაკავშირებული გამოძიებები არ იყო სიღრმისეული, საკმარისი და ეფექტური. [8]
რაც შეეხება, კონვენციის მე-3 მუხლის მატერიალურ ნაწილს, დიდმა პალატამ შეაფასა სამართალდამცავი ორგანოების მიერ კინეტიკური საშუალებების გამოყენების სამართალშესაბამისობა; ასევე, იყო თუ არა ეს საკითხი შიდა კანონმდებლობით რეგულირებული იმგვარად, რომ უზრუნველეყო ადეკვატური და ეფექტური გარანტიები თვითნებური ქმედებების, ძალის ბოროტად გამოყენებისა და აცილებადი უბედური შემთხვევების წინააღმდეგ. გარდა ამისა, 4 განმცხადებელთან მიმართებით, დიდმა პალატამ იმსჯელა სამართალდამცავთა მხრიდან სავარაუდო ფიზიკური შეურაცხყოფის შემთხვევებზე.[9]
დიდი პალატის შეფასებით, 2019 წლის 20–21 ივნისის დემონსტრაცია თავდაპირველად მშვიდობიან სამოქალაქო და პოლიტიკურ პროტესტს წარმოადგენდა. თუმცა, ვითარება დაიძაბა მას შემდეგ, რაც დემონსტრანტების ნაწილმა პოლიციის კორდონის გარღვევა და პარლამენტის შენობაში ძალით შეღწევა სცადა, რის შემდეგაც პოლიციამ დემონსტრაცია ძალის გამოყენებით დაშალა. ამ კონტექსტში, საქართველოს ხელისუფლება არ უარყოფდა, რომ 20 განმცხადებლის მიერ მიღებული დაზიანებები გამოწვეული იყო პოლიციის მიერ გამოყენებული კინეტიკური ზემოქმედების მქონე ჭურვებით. დიდი პალატის შეფასებით, განმცხადებელთა მიერ მიღებული ყველა დაზიანება, და არა მხოლოდ ყველაზე მძიმე, საკმარისი იყო კონვენციის მე-3 მუხლის გამოყენების ზღვრის მისაღწევად.[10]
დიდი პალატის შეფასებით, მართალია, თავდაპირველად მშვიდობიანი დემონსტრაცია გადაიზარდა ძალადობრივ დაპირისპირებაში დემონსტრანტების ერთ ნაწილსა და პოლიციას შორის, ასევე, არეულობის მასშტაბისა და ზოგიერთი დემონსტრანტის ძალადობრივი ქცევის გათვალისწინებით, ცალკეულ პოლიციელებს შესაძლოა ჰქონოდათ გამართლება, ვითარების სიმწვავის პირობებში, კინეტიკური ზემოქმედების მქონე ჭურვების გამოყენებისთვის, ძალადობრივი დემონსტრანტების შესაკავებლად და საკუთარი ან სხვათა სიცოცხლის მიმართ კეთილსინდისიერად აღქმული საფრთხის თავიდან ასაცილებლად, თუმცა, პალატამ ვერ დაინახა ვერცერთი მტკიცებულება, რომელიც წარმოაჩენდა, რომ 20 განმცხადებლის დაზიანებები იყო მათი საკუთარი ქცევის გარდაუვალი შედეგი. პირიქით, ზოგიერთი განმცხადებლის მიერ შსს-ის წინააღმდეგ დაწყებულ პროცესებში, ეროვნულმა სასამართლოებმა დაადგინეს, რომ პოლიციას ძალის გამოყენება ნებადართული ჰქონდა მხოლოდ იმ პირების მიმართ, რომლებიც საფრთხეს წარმოადგენდნენ და რომ მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ გამოყენებული ძალა იყო არააუცილებელი და არაპროპორციული. შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლებამ ვერ დაადასტურა, რომ კინეტიკური ზემოქმედების მქონე ჭურვების გამოყენება იყო მკაცრად აუცილებელი და პროპორციული.[11]
რაც შეეხება, კინეტიკური ზემოქმედების მქონე ჭურვების და ზოგადად, ნაკლებად ლეტალური იარაღის გამოყენების შიდა კანონმდებლობაში რეგულირების ნაწილს, დიდი პალატა აღწერს დემონსტრაციის გარემოებებს, რომლებმაც არაერთი კითხვა გააჩინა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ამ ვალდებულების პირნათლად შესრულების თაობაზე. მაგალითად, პალატის შეფასებით:
- პოლიციამ კინეტიკური ზემოქმედების მქონე ჭურვები გამოიყენა ზოგადი მასის კონტროლის იარაღად და არა მიზნობრივად (იხ. პუნქტი 130).
- პოლიციელები ხშირად ისროდნენ ისე, რომ ჭურვები ადამიანებს ხვდებოდა თავისა და ზედა ტანის არეში. (იხ. პუნქტი 175).
- არ იკვეთება, რომ პოლიციელებმა კინეტიკური ზემოქმედების მქონე ჭურვების გამოყენებამდე გააკეთეს გაფრთხილება, პირიქით, შინაგან საქმეთა მინისტრმა შემდგომ გამოძიების ფარგლებში განაცხადა, რომ მოცემულ ვითარებაში გაფრთხილება აუცილებელი არ იყო (იხ. პუნქტი 123).
- მიმდინარე წარმოებაში არ დადასტურდა, რომ კინეტიკური ზემოქმედების მქონე ჭურვების მსროლელი პოლიციელები სპეციალურად იყვნენ მომზადებულნი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის არსებული რისკების თაობაზე (იხ. პუნქტები 123 და 126).
- წინა ხაზზე მყოფი პოლიციელები, მთლიანობაში, როგორც ჩანს, დამოუკიდებლად და საკუთარი ინიციატივით მოქმედებდნენ კინეტიკური ზემოქმედების მქონე ჭურვების გამოყენებისას (იხ. პუნქტი 126), რაც აჩენს ეჭვს, ექვემდებარებოდა, თუ – არა მათი გამოყენება მკაცრ იერარქიას. [12]
ამრიგად, ხელისუფლებამ ვერ შეძლო ლეტალური იარაღის გამოყენების შიდა კანონმდებლობაში იმგვარი რეგულირება, რომელიც ადეკვატურ და ეფექტურ გარანტიებს შექმნიდა თვითნებური ქმედებების, ძალის ბოროტად გამოყენებისა და აცილებადი უბედური შემთხვევების წინააღმდეგ.
დიდმა პალატამ, მე-3 მუხლის მატერიალური ნაწილის დარღვევა დაადგინა, ასევე, იმ 4 განმცხადებელთან მიმართებითაც, რომლებიც პოლიციელების მხრიდან სავარაუდო ძალადობაზე მიუთითებდნენ. პალატის შეფასებით, ყველა ეს დაზიანება საკმარისად სერიოზული იყო იმისთვის, რომ მიეღწია კონვენციის მე-3 მუხლის გამოყენების ზღვრისთვის.[13] ამასთან, ხელისუფლებამ ვერ წარმოადგინა არგუმენტები იმის დასადასტურებლად, რომ ძალის გამოყენება იყო მკაცრად აუცილებელი და პროპორციული, მეტიც, მას არც ერთი განმცხადებლის ინდივიდუალური მდგომარეობა განუხილავს. [14]
კონვენციის მე-10 მუხლთან მიმართებით (გამოხატვის თავისუფლება) დიდმა პალატამ დაადგინა, რომ განმცხადებლების მიმართ პოლიციის მიერ გამოყენებული ძალა – ცამეტი განმცხადებლის შემთხვევაში კინეტიკური საშუალებების გამოყენება (ყველა მათგანი დაზიანდა მოვლენების გაშუქებისას ჟურნალისტის სტატუსით) და ერთი ჟურნალისტის მიმართ ფიზიკური ძალის გამოყენება პარლამენტის შენობის ეზოდან მისი იძულებით გაყვანის მიზნით იმ დროს, როდესაც იგი პირდაპირ ეთერში აშუქებდა მოვლენებს – წარმოადგენდა ჩარევას კონვენციის აღნიშნული დებულებით დაცულ მათ უფლებებში.[15]
ამ კონტექსტში სასამართლომ ხაზი გაუსვა, რომ სახელმწიფოებს აქვთ ვალდებულება მე-10 მუხლის ფარგლებში უზრუნველყონ ეფექტიანი სისტემა ჟურნალისტების დაცვისთვის. ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაცია CM/Rec(2016)4-ისა და ევროპის საბჭოს პარლამენტის ასამბლეის რეზოლუციის – 2532 (2024) მიხედვით, ამ სისტემაში გათვალისწინებული უნდა იყოს ღონისძიებები, რომლებიც უზრუნველყოფენ ჟურნალისტების უსაფრთხოებას მასშტაბური ძალადობის დროს, რომელიც შესაძლოა გაჩაღდეს საჯარო პროტესტების დროს. სასამართლოს მითითებით, ამ საკითხთან დაკავშირებით, რეკომენდაციები ვენეციის კომისიამაც წარმოადგინა. [16]
შეჯამების სახით, დიდმა პალატამ დაადგინა, რომ ჩარევა განმცხადებლების გამოხატვის თავისუფლების უფლებაში არ იყო გამართლებული და პროპორციული და შესაბამისად, ვერ ჩაითვალა „დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელ“ ღონისძიებად.[17]
კონვენციის მე-11 მუხლის (შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება) სავარაუდო დარღვევაზე მსჯელობის დროს სასამართლომ, უპირველეს ყოვლისა, დემონსტრაციის მიმდინარეობა შეაფასა. გადაწყვეტილების მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ დემონსტრაცია მშვიდობიანად დაიწყო, საღამოს მოხდა სიტუაციის ესკალაცია, როდესაც დემონსტრანტთა ნაწილი პოლიციის კორდონის გარღვევას და პარლამენტის შენობაში შეჭრას შეეცადა. მათსა და პოლიციას შორის დაძაბულობა გაგრძელდა ორი საათის განმავლობაში, სხვადასხვა ინტენსივობით, და, როგორც ჩანს, დემონსტრაციის წინ მდგომი რიგების მუდმივი და ძალადობრივი ქმედებები გახდა მიზეზი, რის გამოც ხელისუფლებამ დემონსტრაციის დაშლის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.[18]
პალატის შეფასებით, ეს მოვლენები შეიძლება განიხილებოდეს როგორც დემონსტრაციის დაშლის გადაწყვეტილების საფუძველი – განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როცა დემონსტრაცია პირდაპირ პარლამენტის შენობის გარეთ იმართებოდა, რამეთუ სასამართლო სრულად აღიარებს პარლამენტის ეფექტური ფუნქციონირების უზრუნველყოფის მნიშვნელობას დემოკრატიაში. მიუხედავად ამისა, პალატა აღნიშნავს, რომ თუნდაც დაშლის გადაწყვეტილება გამართლებული და პროპორციული ყოფილიყო, მისი განხორციელების გზა არ იყო გამართლებული.[19]
დიდმა პალატამ აღნიშნა, რომ არსებული მასალები არ იძლეოდა დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ აქციას დაწყებამდე ჰყავდა მკაფიოდ იდენტიფიცირებადი ორგანიზატორები, რომ იგი თავიდანვე ძალადობრივი უნდა ყოფილიყო ან რომ მისი მონაწილეები – განსაკუთრებით კი განმცხადებლები – აქციაში ჩართვისას ძალადობრივი განზრახვით მოქმედებდნენ.[20]
სასამართლო აღნიშნავს, რომ თუნდაც დავუშვათ, რომ ადგილზე მყოფი ზოგიერთი პოლიტიკოსის განცხადებებს უარყოფითი გავლენა ჰქონდა მოვლენების შემდგომ განვითარებაზე, ეს გარემოება – როგორც ცალკე აღებული, ისე პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობის მქონე პროტესტის მონაწილეთა შედარებით მცირე ჯგუფთან ერთად განხილვის შემთხვევაშიც – ვერ ართმევდა რამდენიმე ათას მშვიდობიან დემონსტრანტს, მათ შორის მოცემულ განმცხადებლებს, კონვენციის მე-11 მუხლით დაცულ უფლებებს.[21]
დემონსტრაციის მიმდინარეობისა და მისი დაშლის დროს განმცხადებლების მიმართ ძალის გამოყენება – რვა განმცხადებლის შემთხვევაში კინეტიკური საშუალებებით დაზიანება და სამი განმცხადებლის შემთხვევაში ფიზიკური ძალადობა – წარმოადგენდა ჩარევას შეკრების თავისუფლების განხორციელებაში.[22]
დიდმა პალატამ კვლავ არ მიიღო წარმოებაში განცხადებების ნაწილი კონვენციის მე-13 მუხლთან მიმართებით, რომელიც სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლებას გულისხმობს. დიდი პალატის შეფასებით, ამ მუხლთან დაკავშირებულ ხუთივე განაცხადში წარმოდგენილი საჩივრები სრულად უკავშირდება სისხლის სამართლის გამოძიების ეფექტიანობის საკითხს, რაზეც სასამართლომ დარღვევა ისედაც დაადგინა, შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა საჭიროება ამ საჩივრების დასაშვებობისა და არსებითი განხილვისათვის.[23] გარდა ამისა, სასამართლომ მიიჩნია, რომ სახელმწიფოს არ დაურღვევია კონვენციის 38-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულება, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფოებს ევალებათ საქმის წარმოების ქმედითი წარმართვისთვის სასამართლო უზრუნველყონ ყველა აუცილებელი საშუალებით. სასამართლოს განმარტებით, მთავრობის მიერ პალატისთვის თავდაპირველ შენიშვნებში ამნისტიის აქტის მიუთითებლობა, რაც მოგვიანებით, გამოსწორებულ იქნა საპასუხო შენიშვნებში, ვერ ჩაითვლება სასამართლოსთვის „ყველა აუცილებელი ხელშემწყობი საშუალების მიწოდების“ ვალდებულების შეუსრულებლობად. ანალოგიურად, სასამართლომ მიიჩნია, რომ შსს-ს დემონსტრაციასთან დაკავშირებულ გეგმის ასლში განხორციელებული რედაქტირებები, არ იყო და არც არის ისეთი ხასიათის, რომელიც სასამართლოს მიერ საქმის განხილვას გადამეტებულად შეუშლიდა ხელს.[24]
განმცხადებლებისთვის მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად სასამართლომ სახელმწიფოს ჯამში 646 000 ევროს ოდენობით თანხის გადახდა დააკისრა, მათ შორის, 320 000 ევრო მატერიალური კომპენსაციის სახით, ხოლო 26-ვე განმცხადებლისთვის 5 000-დან 30 000 ევრომდე ოდენობის თანხა არამატერიალური კომპენსაციის სახით.
[1] https://www.gyla.ge/post/strasburgissasamartlo-20ivnisissaqmeze-GYLA
[2] ცაავა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ, 2025 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილება, პარ. 8.
[3] კონვენციის მე-3 მუხლის პროცედურული ნაწილის დარღვევაზე მსჯელობის დროს სასამართლო აფასებს ჩატარდა თუ-არა, ეფექტიანი გამოძიება ძალის გამოყენებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე.
[4] მთავარი არგუმენტი ეროვნულ დონეზე მიმდინარე სასამართლო პროცესები გახლდათ.
[5] იხ. პარ. 7.
[6] პარ. 276.
[7] კინეტიკური საშუალებები წარმოადგენს საპოლიციო ძალების მიერ მასობრივ დემონსტრაციებზე გამოყენებად ნაკლებად ლეტალურ შეიარაღებას, მაგალითად, რეზინის ტყვიებს.
[8] პარ. 277-284.
[9] პარ. 302- 353
[10] პარ. 305
[11] პარ. 335
[12] პარ. 344.
[13] პარ. 350.
[14] პარ. 351.
[15] Tsaava and Others v. Georgia [GC] Legal Summary
[16] იქვე.
[17] იქვე.
[18] პარ. 436-439
[19] იქვე.
[20] Tsaava and Others v. Georgia [GC]
[21] იქვე.
[22] იქვე.
[23] პარ. 450
[24] პარ. 459







