გადამოწმებული ფაქტები რედაქტირებული

სოციალურ ქსელში გავრცელებული გია ჯაფარიძის და გიორგი ბოტკოველის საუბრის ჩანაწერის ნამდვილობა არ დასტურდება

2025 წლის 10 დეკემბერს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერმა გვერდებმა და ანგარიშებმა (1, 2) გაავრცელეს საუბრის ჩანაწერი, რომელშიც, მათ მიხედვით, უცნობი პირები საუბრობენ BBC-ის ჟურნალისტური გამოძიების შესახებ, რომლის თანახმადაც 2024 წლის დეკემბერში საპროტესტო აქციებისას გამოყენებულ წყლის ჭავლში სავარაუდოდ შერეული იყო ტოქსიკური ქიმიური აგენტი „კამიტი“. ჩანაწერში ისმის ორი პირის საუბარი, რომლის შინაარსიდან გამომდინარეობს დასკვნა, რომ BBC-ის ჟურნალისტური გამოძიება ფულის სანაცვლოდ მომზადდა და წყლის ჭავლში „კამიტის“ გარევის შესახებ ბრალდება განზრახ შეთხზული იყო. 11 დეკემბერს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერმა ანგარიშებმა (1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10) და „ქართული ოცნების“ ოპონენტების მადესკრიდიტებელმა ანონიმურმა გვერდებმა (1, 2) კოორდინირებულად გაავრცელეს იგივე ჩანაწერი. მათ თანახმად, ჩანაწერში 2024 წლის არჩევნებისთვის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული სიის წევრი, გია ჯაფარიძე და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, გიორგი ბოტკოველი ფიგურირებენ.

რამდენიმე მნიშვნელოვანი გარემოება მიუთითებს, რომ აუდიო ჩანაწერი ყალბია. ის, სავარაუდოდ, ხელოვნური ინტელექტით არის შექმნილი.

პირველ რიგში, პრობლემურია ჩანაწერის ტექნიკური მახასიათებლები, რომელიც ხელოვნური ინტელექტის კვალზე შეიძლება მიუთითებდეს. გია ჯაფარიძის და გიორგი ბოტკოველის ჩანაწერში საუბრის ტემბრი და ხმის სიმაღლე ერთგვაროვანია და არ იცვლება. მხარეები ხმის სიმაღლეს არ იცვლიან, მონოტონურ ტემბრში საუბრობენ და ნაკლებ ემოციას ამჟღავნებენ. რეალური საუბრის დროს ადამიანები, როგორც წესი, საუბრის ტემბრს ცვლიან, ხმას მაღლა ან დაბლა წევენ და მეტ ემოციას გამოხატავენ. მოცემულ ჩანაწერში ფონური ხმაც ერთგვაროვანია. რეალურ აუდიო ჩანაწერებს, როგორც წესი, ახასიათებთ ოთახის მცირე ექო და გარედან შემოსული ხმები. გია ჯაფარიძის და გიორგი ბოტკოველის ჩანაწერი სუფთაა და ფონური ხმა არ იცვლება, რაც ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილ ან სტუდიაში ჩაწერილ აუდიოს ახასიათებს.

„ჯეოფაქტსმა“ ჩანაწერი ხელოვნური ინტელექტის ამომცნობი ხელსაწყოებით გადაამოწმა. InVID & WeVerify-ის ხელსაწყოში ჩაშენებული აუდიო დეტექტორის Hiya-ს დახმარებით მიღებული შედეგების მიხედვით, აუდიო ჩანაწერი 58%-ით ხელოვნური ინტელექტის მიერ არის შექმნილი. ხელსაწყო აუდიო მასალას 3-წამიან მონაკვეთებად ჰყოფს და ცალ-ცალკე აანალიზებს, 58% კი მთლიანი ჩანაწერის საშუალო მაჩვენებელია. მაგალითად, ჩანაწერის მონაკვეთი 9 წამიდან 12 წამამდე 90%-ით ხელოვნური ინტელექტის მიერ არის შექმნილი, ხოლო მონაკვეთი 30-დან 36 წამამდე – 20%.

გერმანული კიბერუსაფრთხოების კომპანია „Fraunhofer AISEC-ის“ მიერ შექმნილი ხელსაწყო DeepFake Total-ის მიხედვით, ჩანაწერი 92.7%-ით ხელოვნური ინტელექტის მიერ არის შექმნილი.

„ჯეოფაქტსმა“ იგივე ხელსაწყოებში გია ჯაფარიძის და გიორგი ბოტკოველის ნამდვილი ჩანაწერებიც გაანალიზა. ხელსაწყოებმა ჩანაწერები შეაფასეს როგორც ნამდვილი.

„ჯეოფაქტსმა“ აუდიო მასალა სხვა ისეთი ხელსაწყოებითაც გაანალიზა, როგორც არის Hive Moderation და ბუფალოს უნივერსიტეტის მიერ შექმნილი DeepFake-o-meter, თუმცა გამოცდის შემდეგ აღმოჩნდა, რომ აღნიშნულ ხელსაწყოებს სანდო დასკვნები არ გამოაქვთ – ხელსაწყოებმა დადასტურებულად ყალბი აუდიო მასალა ავთენტურად შეაფასეს, ხოლო დადასტურებულად ავთენტური მასალა – ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილად. გასათვალისწინებელია, რომ ხელოვნური ინტელექტი უფრო სწრაფად ვითარდება ვიდრე მისი ამომცნობი ხელსაწყოები. ამავდროულად, ინგლისურენოვან ამომცნობ ხელსაწყოებს უფრო მეტად უჭირთ ქართულენოვანი აუდიოს გაანალიზება. ხელოვნური ინტელექტის ამოცნობის ხელსაწყოები ყოველთვის არ იძლევა ზუსტ შედეგებს, თუმცა Hiya-ს და DeepFake Total-ის ხელსაწყოების საშუალებით სტატიაში განხილული აუდიო მასალის ანალიზის შედეგები ამყარებს ეჭვს, რომ გავრცელებული ჩანაწერი ხელოვნური ინტელექტის მიერ არის შექმნილი.

დამატებით, „ჯეოფაქტსმა“ აუდიო მასალის ანალიზის დახმარების თხოვნით ორგანიზაცია WITNESS-ის “დიფფეიკებზე სწრაფი რეაგირების გუნდს” (Deepfakes Rapid Response Force, DRRF) მიმართა, რომელიც დიფფეიკების ექსპერტებისგან შედგება. როგორც წესი, მასალას DDRF-ში რამდენიმე გუნდი განიხილავს და დასკვნები ერთმანეთისგან დამოუკიდებლად გამოაქვთ. ამ შემთხვევაში, შეზღუდული რესურსების გამო, აუდიო მასალის ანალიზი მხოლოდ ერთმა გუნდმა შეძლო, რომელმაც დაასკვნა, რომ ჩანაწერი დიდი ალბათობით ხელოვნური ინტელექტის მიერ არის შექმნილი. ხელსაწყოს სიზუსტის გადასამოწმებლად, გუნდმა შედარებისთვის იმავე ხელსაწყოში გაანალიზა გია ჯაფარიძის და გიორგი ბოტკოველის ნამდვილი საუბრის ჩანაწერები. ხელსაწყომ დაადასტურა, რომ ჩანაწერები ნამდვილია და შესაბამისად, ხელსაწყო გამართული. გამომდინარე იქედან, რომ მასალის ანალიზი მხოლოდ ერთმა გუნდმა შეძლო, მათ გადამოწმების სხვა მეთოდების გამოყენების რეკომენდაცია გასცეს. შესაბამისად, „ჯეოფაქტსმა“ ტექნიკური ანალიზის გარდა ფაქტების გადამოწმების ტრადიციული მეთოდებიც გამოიყენა, რაც გულისხმობს წყაროების და მტკიცებულებების შესწავლას, შინაარსობრივ და კონტექსტის ანალიზს.

აღსანიშნავია, რომ არ არსებობს ჩანაწერის გამოკვეთილი პირველწყარო, შესაბამისად, უცნობია თუ ვინ და როგორ მოიპოვა და გაავრცელა საუბრის ჩანაწერი, რაც მის ნამდვილობას ეჭვქვეშ ასევე აყენებს. საეჭვოა ასევე ის ფაქტიც, რომ ჩანაწერი კოორდინირებულად, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი გვერდების და ანგარიშების მიერ 11 დეკემბერს ერთსაათიან შუალედში გავრცელდა.

ასევე ნიშანდობლივია, რომ ჩანაწერი ქართულ მედია სივრცეში, მათ შორის არც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი სარედაქციო პოლიტიკის მქონე მედიებში გავრცელებულა. მას არც „ქართული ოცნების“ წევრები გამოხმაურებიან. აუდიო ჩანაწერი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების მსგავსად 11 დეკემბრის საღამოს 6 საათის ფარგლებში გამოაქვეყნა ონლაინგამოცემა „პრაიმ ტაიმმა“, თუმცა სტატიაში მხოლოდ ანტი-ოპოზიციური და ანონიმური ტიკტოკ-გვერდის მიერ გამოქვეყნებული ვიდეო არის მითითებული, რომელიც სანდო წყაროს არ წარმოადგენს. „პრაიმ ტაიმის“ სტატიას გამოეხმაურა გიორგი ბოტკოველი, რომელმაც სოციალურ მედიაში დაწერა, რომ ჩანაწერი ხელოვნური ინტელექტის მიერ არის შექმნილი. პოსტი გამოაქვეყნა გია ჯაფარიძემ, რომელმაც ჩანაწერს „ფაბრიკაცია და ფეიკი“ უწოდა. მისი მტკიცებით, გიორგი ბოტკოველთან სატელეფონო საუბარი არასდროს ჰქონია.

ეჭვს აჩენს თავად საუბრის ჩანაწერიდან გამომდინარე მტკიცება, რომ BBC ფულის სანაცვლოდ საქართველოს შესახებ ყალბ გამოძიებებს და სტატიებს აქვეყნებს. არ არსებობს რაიმე მტკიცებულება, რომ BBC-ის ოდესმე რომელიმე გარე აქტორისგან, ბიზნესისგან ან მთავრობისგან, მათ შორის ბრიტანეთის მთავრობისგან, კონკრეტული პოლიტიკური სტატიის ან გამოძიების სანაცვლოდ ფული აუღია.

„ჯეოფაქტსმა“ BBC-ის გავრცელებულ აუდიო ჩანაწერთან დაკავშირებით კითხვით მიმართა. BBC-მ უარყო ბრალდება გამოძიების სანაცვლოდ მაუწყებლის მიერ ფული აღების შესახებ და დასძინა, რომ „აღნიშნული გამოძიება საზოგადოების ინტერესებს ემსახურება და თანხვედრაშია BBC-ის სარედაქციო წესებთან. BBC არის დამოუკიდებელი და ინფორმაციას შიშის, მიკერძოების და კონკრეტული დღის წესრიგის გარეშე ავრცელებს“.

ნიშანდობლივია ასევე, რომ ის მტკიცებები, რომლებიც ჩანაწერის შინაარსიდან გამომდინარეობს, ჩანაწერის გამოქვეყნებამდე ვრცელდებოდა „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნების მიერ.

საბოლოო ჯამში, „ჯეოფაქტსის“ მიერ ხელოვნური ინტელექტის ამომცნობი ხელსაწყოების დამოუკიდებლად გამოცდისას მიღებული შედეგები, WITNESS-ის “დიფფეიკებზე სწრაფი რეაგირების გუნდის” ანალიზი და ჩანაწერის გამავრცელებლებისა და შინაარსის ირგვლივ არსებული გარემოებები მიუთითებს, რომ გია ჯაფარიძის და გიორგი ბოტკოველის საუბრის ჩანაწერი ხელოვნური ინტელექტის მიერ არის შექმნილი და არ არის ნამდვილი.

იხილეთ ყველა სტატია

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 info@geofact.ge