სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი ავრცელებს პოსტს, რომლის თანახმად, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ვაშინგტონის შტატში საცხოვრებელი არეალი წყალდიდობის შედეგად წითელი ფერის სითხით დაიფარა. სინამდვილეში, ვაშინგტონში წითელი სითხით ქუჩების დატბორვა არ დასტურდება.

2025 წლის დეკემბერში აშშ-ში, ვაშინგტონის შტატში რამდენიმედღიანმა წვიმებმა წყალდიდობა გამოიწვია. გუბერნატორმა ფერგიუსონმა განაცხადა, რომ წყლის დონემ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და მისი გავლენა გარკვეული პერიოდის განმავლობაში შენარჩუნდებოდა. ვაშინგტონში სტიქიის შედეგად მდინარეები ადიდდა და საცხოვრებელი უბნები დაიტბორა და ხეებითა და მორებით გაივსო. 22 დეკემბრის მონაცემებით, ოფიციალური პირების თანახმად, მდინარეების დონემ თანდათან კლება დაიწყო და სამაშველო/აღდგენითი ოპერაციები კიდევ რამდენიმე კვირას გაგრძელდება.
ვაშინგტონში მომხდარი წყალდიდობის შესახებ ინფორმაცია არაერთ მედიაში გავრცელდა, თუმცა არც ერთ სანდო მედიასა თუ ღია წყაროში არ იძებნება განცხადებები იმის შესახებ, რომ აშშ-ში სტიქიის შედეგად ქუჩები წითელი ფერის წყლით/სითხით დაიფარა.
აღსანიშნავია, რომ 2010 წელს დასავლეთ უნგრეთში ქალაქ აიკის ალუმინის ქარხნის რეზერვუარი გასკდა და შედეგად ტოქსიკური ნივთიერება დაიღვარა. ტოქსიკური წითელი შლამით დაიტბორა სოფლები, რის შედეგადაც დაიღუპა – 4 და დაშავდა 120 ადამიანი. სწორედ აღნიშნული შემთხვევის შემდეგ ვრცელდებოდა სანდო მედიებში წითელი სითხით დატბორილი საცხოვრებელი სივრცეების ფოტოები. სავარაუდოა, რომ სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტოც სწორედ ქალაქ აიკის შემთხვევას უკავშირდება.

წყარო: The Guardian

წყარო: BBC

წყარო: Al Jazeera







