სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი ავრცელებს ვიდეოს (დაარქივებული ბმული), რომელშიც არაბულ სამოსში ჩაცმული მამაკაცი ქართულად მიმართავს საზოგადოებას. ვიდეოში სავარაუდოდ არაბი მამაკაცი ამბობს: „მინდა გითხრათ, რომ კარგი მხარე გაქვთ ქართველებს. ჩვენც დავეტევით უპრობლემოდ“. სინამდვილეში, ვიდეო ყალბია და ხელოვნური ინტელექტის მიერაა შექმნილი.

ვიდეო „ქართული ოცნების“ გამოცხადებული 6-მილიარდიანი არაბული ინვესტიციის კონტექსტში ვრცელდება. Eagle Hills-ის პროექტის წინააღმდეგ სოციალურ ქსელებში აქტიურად დაიწყო კამპანია, რომელიც პროექტის განხორციელებას ე.წ. „არაბიზაციის“ არგუმენტით უპირისპირდება. სავარაუდოა, რომ ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ვიდეოც, რომელშიც არაბულ სამოსში ჩაცმული მამაკაცი საქართველოში ჩასახლებაზე საუბრობს, ამ კამპანიას უკავშირდება.
„ჯეოფაქტსმა“ ვიდეო ხელოვნური ინტელექტის ამომცნობი ხელსაწყოებით გადაამოწმა. Hive Moderation-ის თანახმად, ვიდეო 99.9%-ით შეიცავს AI გენერირებულ მასალას.

დამატებით, InVID & WeVerify-ის ხელსაწყოში ჩაშენებული აუდიო დეტექტორის Hiya-ს დახმარებით მიღებული შედეგების მიხედვით, ვიდეო 98%-ით ხელოვნური ინტელექტის მიერაა შექმნილი.

ვიდეო რომ სიმართლეს არ შეესაბამება, ამაზე მიუთითებს ისიც, რომ იგი არც ერთ სანდო მედიაში არ გავრცელებულა. ამასთანავე, ხელოვნური ინტელექტის კვალზე ვიდეოში მამაკაცის არაბუნებრივი ხმა და საუბრის მანერაც მიუთითებს.







