გადამოწმებული ფაქტები ტყუილი

სოციალურ ქსელში კოვიდვაქცინის შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდება

სოციალურ ქსელში ვრცელდება მტკიცება, რომლის თანახმადაც, კოვიდვაქცინებში გრაფენის ოქსიდის არსებობა დოკუმენტურად დადასტურებულია. პოსტს თან ერთვის ფრედ კორბინის ვიდეო, რომელშიც mRNA ვაქცინებში გრაფენის არსებობის შესახებ თეორიაა წარმოდგენილი და პოსტის ავტორი სწორედ აღნიშნულ ვიდეოს წარმოაჩენს მთავარ მტკიცებულებად. სინამდვილეში, mRNA ვაქცინებში გრაფენის ოქსიდის არსებობა არ დასტურდება და მსგავსი მტკიცებები წარსულში არაერთხელ იქნა გადამოწმებული.  

გრაფენი, რაზეც პოსტის ავტორი საუბრობს, წარმოადგენს ნანომასალას, ანუ მცირე ნაწილაკებისგან შემდგარ ნაერთს. გრაფენი ერთი ატომის სისქის, ყველაზე თხელი მასალაა, რომელიც გრაფიტის დაჟანგვის გზით მიიღება. მას ბიოტექნოლოგიასა და სხვა სფეროებში მრავალმხრივი გამოყენება აქვს, მაგალითად, ელექტრონულ მოწყობილობებში, ენერგიის შესანახ მოწყობილობებში, ბიოსამედიცინო ტექნოლოგიებში და ა.შ.  თუმცა არსებობს მტკიცებულებებიც, რომ გრაფენი შესაძლოა, გარკვეულ სიტუაციებში ტოქსიკური იყოს, მაგალითად, ბიოლოგიურ სისტემებში გრაფენის მაღალმა კონცენტრაციამ შეიძლება უჯრედის დაზიანება გამოიწვიოს. სავარაუდოდ, გრაფენის ოქსიდის გარშემო შეთქმულების თეორიები  სწორედ ამ მიზეზით არსებობს. ერთ-ერთი თეორიის მიხედვით, გრაფენის ოქსიდი კოვიდვაქცინებში ფიქსირდებოდა. ვრცელდებოდა ასევე მტკიცებები, თითქოს რნმ ტექნოლოგიის ვაქცინებს დნმ-ის მოდიფიკაცია შეუძლია. სინამდვილეში, ყველა მსგავსი მტკიცება ყალბია და რნმ ტექნოლოგიის ვაქცინებში გრაფინის ოქსიდის არსებობა ან მათი უჯრედის ბირთვთან შემხებლობა არ დასტურდება.

ჟურნალისტიკის გაძლიერებაზე, ფაქტების გადამოწმებაზე, ციფრულ წიგნიერებასა და ონლაინ სანდო ინფორმაციაზე წვდომაზე ორიენტირებული არაკომერციული ტექნოლოგიური ორგანიზაციის Meedan’s Health Desk-ის სამედიცინო ექსპერტების თანახმად, პოტენციურად გრაფენის ოქსიდის ვაქცინებში გამოყენება დასაშვებია, თუმცა იმდენად მცირე რაოდენობით, რომ ადამიანის ორგანიზმის უჯრედებს ტოქსიკური საფრთხე არ მიადგეს. სამედიცინო ექსპერტების თქმით, ჯერ კიდევ მრავალი კვლევა და ექსპერიმენტი მიმდინარეობს გრაფენის იმგვარი ნაერთის დასადგენად, რომელიც სამედიცინო გამოყენებისთვის სრულიად უსაფრთხო და ეფექტური იქნება. თუმცა დღემდე წარმოებულ და ავტორიზებულ ვაქცინებში გრაფენის ოქსიდის არსებობას მწარმოებლები უარყოფენ. აღნიშნული ნივთიერება აშშ-ის საკვებისა და წამლების მარეგულირებელი სააგენტოს (FDA) ვებგვერდზე (1, 2, 3, 4, 5, 6) გამოქვეყნებულ არც ერთ კოვიდვაქცინის (ფაიზერი, მოდერნა, ჯენსენი, ასტრაზენეკა, სინოვაკი, სპუტნიკი)  შემადგენლობაში არ გვხვდება.

დამატებით, Reuters-თან გაკეთებულ განცხადებაში Pfizer-ის მედიასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ხაზი გაუსვა, რომ „გრაფენის ოქსიდი Pfizer-BioNTech-ის წარმოების დროს არ გამოიყენება“, ხოლო Moderna-ს კორპორაციული საკითხების მთავარმა ოფიცერმა, რეი ჯორდანმა – „შემიძლია დავადასტურო, რომ ჩვენი პროდუქცია გრაფენის ოქსიდს არ შეიცავს“.

გაერთიანებული სამეფოს მედიკამენტებისა და ჯანდაცვის პროდუქტების მარეგულირებელი სააგენტოს (MHRA) განცხადებით „არც ერთ ავტორიზებულ ვაქცინაში არ არის გამოყენებული გრაფენის ოქსიდი“.

ამრიგად, Covid19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებში გრაფენის ოქსიდის არსებობა არ დასტურდება.

იხილეთ ყველა სტატია

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 info@geofact.ge