მედიაში გავრცელდა არასწორი ინფორმაცია, თითქოს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით ვეღარ ისარგებლებენ საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებიც 6 თვეს საზღვარგარეთ გაატარებენ (იხილეთ ბმული 1, ბმული 2).
გავრცელებული ინფორმაცია ეყრდნობა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2025 წლის 31 დეკემბრის ბრძანებას. „2026 წლის 1 ივნისიდან ყოველთვიურად, განმახორციელებლის მიერ განხორციელდეს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის გეგმური ამბულატორიული მომსახურების ფარგლებში ბენეფიციართა რეგისტრაციის მოდულიდან იმ ბენეფიციართა რეგისტრაციის შეჩერება, რომლებიც იმყოფებიან ქვეყნის ფარგლებს გარეთ 6 თვე და მეტი ვადით უწყვეტად“, – წერია ბრძანებაში.
რეალურად, აღნიშნული ბრძანების არასწორად ინტერპრეტაცია მოხდა. კერძოდ, საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც სარგებლობენ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით და ამავდროულად იმყოფებიან საზღვარგარეთ 6 თვის და მეტი ხნით, დროებით უჩერდებათ მხოლოდ ამბულატორიულ დაწესებულებაში რეგისტრაცია. საქართველოში დაბრუნებული მოქალაქე ამბულატორიულ დაწესებულებაში თავიდან დარეგისტრირდება. აღსანიშნავია, რომ ცვლილება არ ეხება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით გათვალისწინებულ გადაუდებელ სამედიცინო ან/და სტაციონარულ მომსახურებას.
გავრცელებულ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო გამოეხმაურა, მათი განმარტებით: „მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, საქართველოს ფარგლებს გარეთ, 6 თვეზე მეტი ვადით მყოფი მოქალაქეები ვერ ისარგებლებენ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის სერვისებით, არ შეესაბამება სიმართლეს და მიზანმიმართულად, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას წარმოადგენს.
საზოგადოების ინფორმირებისთვის განვმარტავთ: საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, იღებდა სამედიცინო მომსახურებას, ყოველგვარი ცვლილების გარეშე, გააგრძელებს პროგრამით სარგებლობას. სამედიცინო მომსახურება არ ეზღუდება, არც საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეს.
ცვლილება მხოლოდ ამბულატორიული დაწესებულების დაფინანსებას ეხება. სახელმწიფო, ფიქსირებულ ანაზღაურებას უხდიდა კლინიკას, იმ შემთხვევაშიც, როცა საქართველოს მოქალაქე არ იმყოფებოდა ქვეყანაში და შესაბამისად, არ იღებდა სამედიცინო მომსახურებას.
ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ჯანდაცვის მინისტრის 2025 წლის 31 დეკემბრის ბრძანებით, ცვლილება ეხება მხოლოდ ამბულატორიული მომსახურების ნაწილში სამედიცინო დაწესებულებების დაფინანსების ე.წ. კაპიტაციის მექანიზმს და არ ვრცელდება საყოველთაო ჯანდაცვის სხვა რომელიმე კომპონენტებზე, მათ შორის – გადაუდებელ ამბულატორიასა და სტაციონარულ სერვისებზე.
მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში დაბრუნებისთანავე, მოქალაქეს შეუძლია, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, დარეგისტრირდეს ამბულატორიულ დაწესებულებაში და სრულად მიიღოს პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება.
აღნიშნული გადაწყვეტილება ემსახურება საყოველთაო ჯანმრთელობის სახელმწიფო დაცვის პროგრამის გაძლიერებას, არამიზნობრივი ხარჯების თავიდან არიდებასა და ბენეფიციარების ინტერესების დაცვას“.
ამრიგად, საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც უწყვეტად, 6 თვეზე მეტი ვადით იმყოფებიან საზღვარგარეთ, დროებით უჩერდებათ ამბულატორიული რეგისტრაცია, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ისინი რეგისტრაციას ხელახლა გაივლიან. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით გათვალისწინებული სხვა სერვისები კი არსებული ფორმით უნარჩუნდებათ. შესაბამისად, მტკიცება, თითქოს საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეები „საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით ვეღარ ისარგებლებენ“ ან/და „სახელმწიფო დაზღვევა უჩერდებათ“, სიმართლეს არ შეესაბამება.







