სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის თანახმად, (დაარქივებული ბმული), გაეროს გენერალურმა მდივანმა რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ომში ყველაზე დიდი სარგებელი რუსეთმა ნახა. პოსტის მტკიცებით, გუტერეშმა რუსეთის პრეზიდენტს „უძლიერესი ლიდერი“ უწოდა და მოუწოდა მსოფლიოს რუსეთ-უკრაინის ომს სპეცოპერაცია დაარქვან. სინამდვილეში, გაეროს გენერალურ მდივანს მსგავსი განცხადება არ გაუკეთებია.

ღია წყაროებში გუტერეშის მსგავსი განცხადება არ იძებნება.
გაეროს გენერალური მდივნის სახელით რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით ბოლო განცხადება მიმდინარე წლის 9 იანვარს გამოქვეყნდა. გენერალურმა მდივანმა მკაცრად დაგმო რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის კრიტიკულად მნიშვნელოვან სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე რაკეტებითა და დრონებით განხორციელებული მიზანმიმართული თავდასხმები. განცხადების თანახმად, აღნიშნულმა თავდასხმებმა მნიშვნელოვანი მსხვერპლი გამოიწვია და მილიონობით უკრაინელს წაართვა აუცილებელ სერვისებზე, მათ შორის, ელექტროენერგიაზე, გათბობასა და წყალზე წვდომა. „მოქალაქეებსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები არღვევს საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს. სადაც არ უნდა მოხდეს ისინი, ამგვარი ქმედებები მიუღებელია, გაუმართლებელია და დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს“, – ვკითხულობთ განცხადებაში.
ცნობისთვის, გაეროს ინფორმაციით, მხოლოდ 8 და 9 იანვარს, რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე 242 დრონი და 36 რაკეტა გაუშვა, რის შედეგადაც სულ მცირე ოთხი ადამიანი დაიღუპა და 25 დაშავდა. უკრაინის დედაქალაქის თითქმის ნახევარი გათბობის გარეშე დარჩა და ასობით ათასი მცხოვრები დაზარალდა. ასევე, დასავლეთ ლვოვის რეგიონში, პოლონეთის საზღვართან ახლოს ენერგო ობიექტები და საცხოვრებელი სახლები დაზიანდა.







