საბიუჯეტო წლის ბოლოს ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესყიდვა უკვე ჩვეულებრივი პრაქტიკაა. გამონაკლისი არც 2025 წელი იყო. დეკემბერში, რამდენიმე კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ ასეულობით ავტოსატრანსპორტო საშუალება შეისყიდა. შესყიდვები, ძირითადად, 2025-2026 წლების სახსრებით ხორციელდება. ამ ავტოსატრანსპორტო საშუალებების უდიდესი ნაწილი განკუთვნილია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საჭიროებებისთვის, ასევე, საქართველოს პროკურატურისთვის, სპეციალური პენიტენციური სამსახურისა და დაცვის პოლიციის დეპარტამენტისთვის.
ცხრილი 1. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს კონსოლიდირებული ტენდერები, კლასიფიკატორის კოდით 34100000 – ავტოსატრანსპორტო საშუალებები
| ნომერი | სატრანსპორტო საშუალება | რაოდენობა | ერთის ღირებულება, ლ | ჯამური ღირებულება, ლ | მიმწოდებელი | შემსყიდველი ორგანიზაციები |
| CON250000704 | III კლასის მსუბუქი | 70 | 51 975 | 3 638 250 | ჰიუნდაი ავტო საქართველო | იუსტიციის სამინისტრო (48 ერთეული); თბილისის მერია (20 ერთეული); ზუგდიდის სახელმწიფო დრამატული თეატრი (1); სენაკის სახელმწიფო დრამატული თეატრი (1) |
| CON250000687 | ოპერატიული დანიშნულების პიკაპი | 221 | 90 399 | 19 978 179 | კავკასუს მოტორსი | საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საჭიროებისათვის |
| CON250000661 | ოპერატიული დანიშნულების | 75 | 58 965 | 4 422 375 | ჰიუნდაი ავტო საქართველო | საქართველოს პროკურატურისა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის საჭიროებისათვის |
| CON250000659 | ოპერატიული დანიშნულების | 457 | 57 875 | 26 448 875 | ჰიუნდაი ავტო საქართველო | საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საჭიროებისათვის |
| CON250000662 | III კლასის მაღალი გამავლობის მსუბუქი | 39 | 75 905 | 2 960 295 | ჰიუნდაი ავტო საქართველო | იუსტიციის სამინისტრო (13); შრომის ინსპექცია (7); გარემოს ეროვნული სააგენტო (6); მყარი ნარჩენების მართვის კომპანია (6); სახ. რწმუნებულის ადმინისტრაცია გურიაში (2); გურჯაანის საზოგადოებრივი ჯანდაცვა; ასპინძის მერია; სივრცითი და ქალაქმშენებლობითი განვითარების სააგენტო; თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო; სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო |
წყარო: სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო
ცხრილი 1 აჩვენებს, რომ, 2025 წლის დეკემბერში განხორციელებული კონსოლიდირებული ტენდერების ფარგლებში, სახელმწიფო ბიუჯეტის 2025-2026 წლის სახსრებით, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ შეისყიდა, ჯამში, 862 ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელთა საერთო ღირებულება 57 448 000 ლარს აღწევს (არსებული მდგომარეობით, ხელშეკრულებები ჯერ გაფორმებული არ არის და ჯამური მონაცემები, შესაძლოა, დაკორექტირდეს). აქედან, ყველაზე მეტი ავტოსატრანსპორტო საშუალება განკუთვნილია შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს საჭიროებებისთვის. ასევე მნიშვნელოვანია, რომ სააგენტო, ორი კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში, 61 ავტომობილს იუსტიციის სამინისტროსთვის ყიდულობს. ცხრილში მოცემული ყველა ტენდერის გამოცხადებისას, სავარაუდო ღირებულებად მითითებულია ერთი სატრანსპორტო საშუალების ფასი. რა რაოდენობის სატრანსპორტო საშუალებას ყიდულობს სააგენტო, ამის გაგება შესაძლებელია მხოლოდ კონკრეტული ტენდერის დოკუმენტაციის განყოფილებაში გადასვლის შემდეგ, რა დროსაც ირკვევა, რომ შესყიდვის ჯამური სავარაუდო ღირებულებაა არა, ვთქვათ, 57 875 ლარი, არამედ 26 448 875 ლარი, რადგან საუბარია 457 ერთეულ ავტომობილზე.
აღსანიშნავია, რომ კონსოლიდირებული ტენდერების გარდა, დეკემბერში არაერთი ავტოსატრანსპორტო საშუალება შეისყიდა (ხელშეკრულებები ჯერ არ გაფორმებულა) თავდაცვის სამინისტრომ. ეს პროცედურები ელექტრონულ ტენდერს არ წარმოადგენს. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გვერდზე განმარტებულია: „შესყიდვის სავარაუდო ღირებულება პირობითია და არ უკავშირდება რეალურ ფასს (რეალური ფასი დაზუსტდება დაინტერესებული პირის მიერ შესყიდვის ელექტრონულ პროცედურასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციაში, რომელიც დაინტერესებულ პირს გადაეცემა საიდუმლო წესით), პროცედურით ვლინდება დაბალი ფასის წარმომდგენი პრეტენდენტი, რომელთანაც საიდუმლო გრიფით გაფორმდება ხელშეკრულება. ამ ტიპის პროცედურით სატრანსპორტო საშუალებები შინაგან საქმეთა სამინისტრომაც შეისყიდა. რომელ და რამდენ სატრანსპორტო საშუალებაზეა საუბარი, საიდუმლოა.
ცხრილი 2. თავდაცვის სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ელექტრონული პროცედურები, საიდუმლო გრიფით, კლასიფიკატორის კოდით 34100000 – ავტოსატრანსპორტო საშუალებები
| პროცედურის ნომერი | შემსყიდველი | სავარაუდო ღირებულება, ლ | შენიშვნა |
| GEO250000635 | საქართველოს თავდაცვის სამინისტრო | 49 503 | პრეტენდენტი: ტოიოტა ცენტრი თეგეტა |
| GEO250000634 | საქართველოს თავდაცვის სამინისტრო | 89 105 | პრეტენდენტი: ავტო ცენტრი თბილისი |
| GEO250000628 | საქართველოს თავდაცვის სამინისტრო | 206 325 | პრეტენდენტი: ტრანსპორტერი |
| GEO250000618 | საქართველოს თავდაცვის სამინისტრო | 112 314 | პრეტენდენტი: ავტო ცენტრი თბილისი |
| GEO250000617 | საქართველოს თავდაცვის სამინისტრო | 132 970 | პრეტენდენტი: ავტო ცენტრი თბილისი |
| GEO250000616 | საქართველოს თავდაცვის სამინისტრო | 149 105 | პრეტენდენტები: ტოიოტა ცენტრი თბილისი – 149 105 ლ; ტოიოტა ცენტრი თეგეტა – 148 509 ლ. |
| GEO250000615 | საქართველოს თავდაცვის სამინისტრო | 193 955 | პრეტენდენტი: კია საქართველო |
| GEO250000614 | საქართველოს თავდაცვის სამინისტრო | 124 644 | პრეტენდენტი: ტოიოტა ცენტრი თბილისი – 124 644 ლ; ტოიოტა ცენტრი თეგეტა – 124 644 ლ. |
| GEO250000620 | შინაგან საქმეთა სამინისტრო | 263 050 | პრეტენდენტი: ტოიოტა ცენტრი თეგეტა |
წყარო: სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო
ვინაიდან საიდუმლოა ცხრილ 2-ში მოცემული პროცედურების დეტალები, ჩვენ ვერ გთავაზობთ სატრანსპორტო საშუალებების ვერც ჯამურ რაოდენობას და ვერც ღირებულებას.
ზემოთ ჩამოთვლილის გარდა, 2025 წლის დეკემბერში რამდენიმე ელექტრონული ტენდერიც გამოცხადდა. კერძოდ: სპორტის სამინისტრო 2026 წლის საბიუჯეტო სახსრებით შეიძენს (NAT250024804) სამ ერთეულ III კლასის მსუბუქ ჰიბრიდულ ავტომობილს, რომელთა სავარაუდო ღირებულება 218 160 ლარს შეადგენს. ასევე, შპს „საქართველოს მელიორაცია“ შეისყიდის (NAT250022697) სპეციალიზებული (პიკაპი) ტიპის 20 ერთეულ სატრანსპორტო საშუალებას, რომელთა სავარაუდო ღირებულება 1 879 548 ლარია. დაფინანსების წყაროა 2025 წლის ბიუჯეტი. გასული წლის 31 დეკემბერს გაფორმდა ხელშეკრულება ა(ა)იპ „თრუსოს დაცული ლანდშაფტის მართვის ცენტრსა“ და შპს „კავკასუს მოტორსს“ შორის (NAT250023612), რომლის თანახმადაც, შემსყიდველმა ერთი პიკაპი 69 560 ლარად შეიძინა და მიმწოდებელს თანხა უკვე გადაუხადა. ანაზღაურებულია ასევე 117 720 ლარი „ჰიუნდაი ავტოსთვის“, რომელმაც განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას (NAT250022515), ორი ერთეული III კლასის მსუბუქი ჰიბრიდული (სრულად ჰიბრიდი) ავტომობილი მიაწოდა. რაც შეეხება აჭარის კულტურის სამინისტროს, ის 2026 წლის საბიუჯეტო სახსრებით შეიძენს (NAT250024313) II კლასის მაღალი გამავლობის მსუბუქ სატრანსპორტო საშუალებას, რომლის მიწოდებასაც შპს „სენა ავტო“ 75 930 ლარად ჰპირდება.
ამ სტატიაში საუბარია მხოლოდ გასული წლის დეკემბრიდან შესყიდულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე. თუმცა მილიონობით ლარის ავტომობილის შესყიდვაზე ტენდერები სხვადასხვა უწყებამ თუ ორგანომ ნოემბერშიც გამოაცხადა. მაგალითად, საქართველოს პარლამენტის აპარატმა 2025 წლის 14 ნოემბერს გამოაცხადა ტენდერი, ხოლო 24 დეკემბერს შპს „ტოიოტა ცენტრ თეგეტასთან“ გააფორმა 2 554 837 ლარის ღირებულების ხელშეკრულება (NAT250020391) და 25 ერთეული Toyota Camry Hybrid შეისყიდა. მიმწოდებლისთვის უკვე ანაზღაურებულია 2 299 354 ლარი. ახალი ავტომობილების შესყიდვამდე, პარლამენტის ბალანსზე უკვე არსებობდა 106 ერთეული სატრანსპორტო საშუალება. აქედან 2024 წელს გამოშვებული 60 ერთეული Toyota Camry Hybrid პარლამენტმა 2024 წელს, საპარლამენტო არჩევნებამდე, 5 576 605 ლარად შეიძინა. ამდენად, წევრნაკლულ პარლამენტს (პარტიის „გახარია-საქართველოსთვის“ წევრების შესვლის შემდეგ, პარლამენტში 101 დეპუტატია) უკვე 2024-2025 წლებში გამოშვებული 85 ავტომანქანა ემსახურება, ოთხის გამოშვების წელია 2019, ხოლო 21 ავტომანქანა გამოშვებულია 2018 წელს. დანარჩენი უფრო ადრინდელი პერიოდისაა.







