სოციალურ ქსელში პარტია „კონსერვატორების“ წევრის, კონსტანტინე მორგოშიას ხელოვნური ინტელექტით შექმნილი ვიდეო (დაარქივებული ბმული) ვრცელდება. ვიდეოში ასახულია, თითქოს მორგოშია „ტვ პირველთან“ ინტერვიუში რუსულად საუბრობს და უხამსი სიტყვებით აცხადებს, რომ საკუთარი ინტერესებისთვის ყველაფრისთვის მზადაა. სინამდვილეში, რეალურ ვიდეოში, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მიერ დამუშავდა, მორგოშია ქართულად საუბრობს ოთარ ფარცხალაძის შესახებ.

2026 წლის 6 იანვარს „ტვ პირველმა“ ოფიციალურ Facebook-გვერდზე გაავრცელა ვიდეო (დაარქივებული ბმული), რომელშიც კონსტანტინე მორგოშიასთან ინტერვიუა მოცემული. სწორედ აღნიშნული მასალაა გამოყენებული ხელოვნური ინტელექტის მიერ დამუშავებული ვიდეოს შესაქმნელად.
ორიგინალ ინტერვიუში მორგოშია ოთარ ფარცხალაძის შესახებ საუბრობს: „ძალიან ბევრმა ადამიანმა იცოდა ისე, რომ [ფარცხალაძე] „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენდა რუსეთის ფედერაციაში. მას შემდეგ, რაც ეს ყველასთვის ღიაა, რომ მას ეძებს „ქართული ოცნება“, სავარაუდოდ, იქ ბევრ ადამიანს კითხვები გაუჩნდება…ოთარ ფარცხალაძე ლილუაშვილის ფორმაციის „ქართულ ოცნებაში“ რომ მოსკოვში მაგას იძახდა, რომ მე წარმოვადგენ „ქართულ ოცნებას“ და მე ვარ ყველაფერიო, ეგ ფაქტია, ამაზე ორი აზრი არ არსებობს…ფარცხალაძეს ბრალი რომ წაუყენეს, მაშინ გაიგეს რუსეთში, რომ თურმე ეს კაცი დაპირისპირებულია ახლანდელ მთავრობასთან“.
ხელოვნური ინტელექტის კვალზე მიანიშნებს სხვა დეტალებიც. პირველ რიგში, რედაქტირებულ ვიდეოში კონსტანტინე მორგოშიას ხმა და ტემბრი არ ემთხვევა რეალურს. არაბუნებრივია მისი პირის მოძრაობებიც. ამასთანავე, ზოგიერთი რუსული სიტყვა არასწორადაა გამოთქმული.







