სოციალურ ქსელში ვრცელდება პოსტი, რომელზეც „ტოიოტას“ ფირმის ავტომობილი ჩანს და ქვემოთ რამდენიმე ციფრი. აღწერა შემდეგია: „ჯერჯერობით ვერავინ იპოვა 604-ის გარდა სხვა ნომერი; შესაბამისად, 2026 წლის Toyota RAV4-ის გამარჯვებული არ არსებობს. მხოლოდ ორი გამარჯვებული დარჩა.” რეალურად პოსტი „ტოიოტას“ წარმომადგენლებს არ ეკუთვნით და ის სავარაუდოდ თაღლითური სქემის ნაწილია. (არქივირებული ბმული)
პოსტის ქვემოთ, მომხმარებლების მიერ დაწერილ ყველა კომენტარს გვერდი შემდეგი ტექსტით პასუხობს: „გამარჯობა! შეამოწმეთ თქვენი შეტყობინებები ახლავე. საჩუქარი გელოდებათ.“

პოსტის ნამდვილობას რამდენიმე დეტალი აყენებს ეჭვქვეშ. პირველ რიგში, გვერდი, რომელიც ამ პოსტს აქვეყნებს 2025 წლის 12 თებერვალს, სავარაუდოდ, სწორედ ამ თაღლითური სქემის ასამუშავებლად, შეიქმნა.
2026 წლის 19 იანვრის მონაცემით, გვერდს 1800-ზე მეტი გამომწერი ჰყავს. სექციაში „ინფორმაცია“ გვერდს არ აქვს მითითებული საკონტაქტო ან სხვა სახის ინფორმაცია, რაც მის სანდოობაში დაგვარწმუნებდა. ამასთან, გვერდზე მხოლოდ ორი პოსტია განთავსებული, ორივე ერთი და იმავე შინაარსის. გარდა ამისა, გვერდის შექმნისას მისი სახელი „Timor Plaza“ იყო.


Facebook-ზე საქართველოში “ტოიოტას” სახელი ფიგურირებს ორ გვერდზე. პირველი – „Toyota Center Tbilisi/ტოიოტა ცენტრი თბილისის“ გვერდი, რომელიც ბრენდის პირველი ოფიციალური დილერია საქართველოში, 2013 წლის 2 სექტემბერს შეიქმნა. გვერდს დეტალურად აქვს მითითებული ყველა სახის საჭირო ინფორმაცია, მისამართი, ტელეფონის ნომერი და ა.შ. 2026 წლის 19 იანვრის მონაცემით გვერდს 52 ათასი გამომწერი ჰყავს.


მეორე გვერდი, სადაც „ტოიოტა“ ფიგურირებს, “Toyota Center Tegeta/ტოიოტა ცენტრი თეგეტაა“, რომელიც ასევე ბრენდის ოფიციალურ დილერს წარმოადგენს. აღნიშნული Facebook-გვერდი 2013 წლის 8 ნოემბერსაა შექმნილი და 2026 წლის 19 იანვრის მონაცემით 89 ათასი გამომწერი ჰყავს. გვერდსაც დეტალურად აქვს მითითებული საკონტაქტო ინფორმაცია – ვებგვერდი, ტელეფონის ნომერი, მისამართი და სხვა. ეს გვერდიც, პირველის მსგავსად, ავტომობილებთან და კომპანიის სერვისებთან დაკავშირებულ სხვადასხვა შინაარსის სიახლეს ხშირად აქვეყნებს. თუმცა მანქანის გათამაშებასთან დაკავშირებით „ “-ის მსგავსი პოსტი არ ერთ ოფიციალურ გვერდს არ გამოუქვეყნებია.


ამგვარად, „ტოიოტას“ სახელით გავრცელებული ინფორმაცია რეალობას არ შეესაბამება. პოსტი სავარაუდოდ თაღლითური სქემის ნაწილია და Facebook-მომხმარებლების პირადი ინფორმაციისა თუ საკრედიტო ბარათის მონაცემების მოპოვებას ისახავს მიზნად. საგულისხმოა, რომ წარსულში მსგავსი შინაარსის პოსტი სუპერმარკეტების შესახებაც გავრცელდა (იხ. სტატიები: 1; 2; 3).







