სოციალურ ქსელში გავრცელდა პოსტი, რომლის თანახმად, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანს ომი გამოუცხადა. სინამდვილეში, მსგავსი ინფორმაცია არ დასტურდება.

28 დეკემბერს ირანში, სხვადასხვა ქალაქში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები დაიწყო ინფლაციისა და რთული სოციო-ეკონომიკური მდგომარეობის წინააღმდეგ. პროტესტი მალე მასობრივ ანტისამთავრობო დემონსტრაციებში გადაიზარდა, რომლის მოთხოვნაც რეჟიმის ცვლილებაა. პროტესტის საპასუხოდ ირანის ხელისუფლებამ უკიდურესი ზომები მიიღო, მათ შორის ინტერნეტის სრული გათიშვა, მასობრივი დაკავებები და მკვლელობები. ამერიკაში დაფუძნებული ადამიანის უფლებებზე მომუშავე აქტივისტთა ჯგუფი HRANA წერს, რომ 18 იანვრის მონაცემებით, ირანში მიმდინარე პროტესტს 3919 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის პროტესტის 3685 მონაწილე. Reuters-ის ცნობით, მათ ირანელმა ოფიციალურმა პირმა განუცხადა, რომ ხელისუფლებამ ირანში გამართული საპროტესტო აქციების დროს, სულ მცირე, 5 000 ადამიანის, მათ შორის დაახლოებით 500 სამართალდამცავის, დაღუპვა დაადასტურა.
იანვრის დასაწყისში, ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ ირანის მხრიდან პროტესტის მონაწილეების მკვლელობის შემთხვევაში, ამერიკა პროტესტის მონაწილეების გადასარჩენად იმოქმედებდა. მოგვიანებით, 12 იანვარს პრეზიდენტმა ტრამპმა Truth Social-ზე გამოაქვეყნა პოსტი, სადაც პროტესტის მონაწილეებს ბრძოლის გაგრძელებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ამერიკის დახმარება გზაში იყო. 14 იანვარს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ირანი დაკავებულ პროტესტის მონაწილეებს სიკვდილით დასჯიდა, ამერიკა „ძალიან ძლიერ საპასუხო ნაბიჯს გადადგამდა“. მოგვიანებით პრეზიდენტმა პრესასთან საუბრისას აღნიშნა, რომ მას ირანის რეჟიმმა აცნობა, რომ პროტესტის მონაწილეების სიკვდილით დასჯა არ იგეგმებოდა. მოგვიანებით, 17 იანვარს, Politico-სთან ინტერვიუში პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ „საუკეთესო გადაწყვეტილება, რომელიც რეჟიმმა ოდესმე მიიღო, 800 ადამიანის სიკვდილით არდასჯა იყო“. ამავე ინტერვიუში მან თქვა, რომ ირანში ახალი ხელისუფლების ძებნის დროა.
აღნიშნული განცხადებებისა და ირანში კვლავ მიმდინარე პროცესების მიუხედავად, 19 იანვრის მონაცემებით, ირანსა და აშშ-ს შორის სამხედრო ესკალაციას ადგილი არ ჰქონია. არც ერთ სანდო მედიასაშუალებას თუ ამერიკის ოფიციალურ სახელმწიფო უწყებას არ დაუდასტურებია ამერიკის სამხედრო პასუხი ირანში მიმდინარე მოვლენებზე. ამდენად, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ამერიკამ ირანს ომი გამოუცხადა, არ დასტურდება.







