მოკლედ საკითხავი
-
სოციალურ ქსელში ვრცელდება ფოტო, რომლის თანახმადაც კამჩატკაზე მოსულმა თოვლმა 9-სართულიანი სახლები დაფარა;
-
ფოტო ხელოვნური ინტელექტის მიერაა გენერირებული;
-
კამჩატკაზე რეკორდული რაოდენობის ნალექი ნამდვილად მოვიდა, თუმცა მხოლოდ შენობების შესასვლელები დაფარა;
-
ფოტოზე არსებული უზუსტობები და პირველწყარო მიუთითებს, რომ ის ხელოვნური ინტელექტითაა გენერირებული.
სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა ფოტო, რომელზეც თოვლით დაფარული მრავალსართულიანი სახლები ჩანს. აღწერის თანახმად, ფოტო კამჩატკაზე, რუსეთშია გადაღებული (1; 2; არქივირებული ბმული).

სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში მდებარე კამჩატკის ნახევარკუნძულზე ბოლო 60 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერმა თოვლმა რამდენიმე მეტრის სიმაღლეს მიაღწია, რის შედეგადაც შენობების შესასვლელები ჩაიკეტა და ავტომობილები თოვლის ქვეშ მოექცა. Reuters წერს, რომ მეტეოროლოგიური სადგურების მონაცემებით, დეკემბერში დაფიქსირებული 3.7 მეტრის შემდეგ, იანვრის პირველ ნახევარში ზოგიერთ რაიონში 2 მეტრზე მეტი თოვლი მოვიდა.
Reuters-ის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოებში ჩანს თოვლით დაფარული მანქანები და შენობების შესასვლელები (ფოტოები იხ. ბმულზე), თუმცა ინფორმაცია, რომ 9-სართულიანი შენობები თოვლით დაიფარა, არ დასტურდება.
რაც შეეხება ფოტოსურათს, ინტერნეტსივრცეში ძიებისას აღმოჩნდა, რომ პირველად ფოტო Threads-ის ანგარიშმა @ibotoved 2026 წლის 17 იანვარს 16 საათზე გაავრცელა. ფოტოს აღწერაში ავტორი წერს: „კამჩატკა დღეს, Threads-ს აზრით“ (Камчатка сегодня по мнению тредс). ამის შემდეგ ფოტო ვირუსულად გავრცელდა, რის შედეგადაც მან კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა, რომელსაც თან ვიდეო დაურთო, რომელშიც ხელოვნურ ინტელექტს აღწერას უგზავნის (რუსული ქალაქის ფოტო მრავალსართულიანი შენობებით, რომელიც თოვლმა დაფარა) და თოვლით დაფარულ შენობების ფოტოებს იღებს. აღწერაში წერს: „აი თქვენ კამჩატკა“ (Вот вам и Камчатка), ხოლო ვიდეოზე წერია: „თქვენ ისევ გჯერათ ინტერნეტის?“

გარდა ამისა, ფოტო სხვადასხვა უზუსტობას შეიცავს. მაგალითად, თოვლის საფარი ტალღისებურ ფორმებს ქმნის და არაბუნებრივად გამოიყურება. ერთი და იმავე სიმაღლის გვერდიგვერდ მდგომი შენობები სხვადასხვა რაოდენობის თოვლითაა დაფარული.
ამგვარად, ფოტოსურათი ხელოვნური ინტელექტითაა გენერირებული.







