მოკლედ საკითხავი
-
სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს უკრაინელებს იუდაიზმის მიღებისკენ მოუწოდებენ;
-
მტკიცების პირველწყარო მოსკოვის საპატრიარქოსთან დაკავშირებული კრემლისტური გამოცემაა;
-
უკრაინელი სასულიერო პირის კომენტარი, რომლითაც ამტკიცებენ, რომ უკრაინელებს იუდაიზმის მიღებას აიძულებენ, გაყალბებულია.
სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, რომლის აღწერის თანახმად უკრაინელებს იუდაიზმის მიღებისკენ მოუწოდეს. ვიდეო რუსულენოვანია და მასზე რუსულენოვანი სტატიის ფოტო და ერთ-ერთი ტელეგრამ არხის (Валькирия света) სახელი ჩანს (არქივირებული ბმული).

ვიდეო რუსულენოვან ინტერნეტსივრცეში 2024 წელს გავრცელდა. თავდაპირველად ის 2024 წლის 28 დეკემბერს „მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირმა“ (СПЖ) გაავრცელა, სადაც წერდნენ, რომ მღვდელმა ვასილი კოსიაჩენკომ უკრაინის მოქალაქეებს იუდაიზმის მიღებისკენ მოუწოდა. გავრცელებული ინფორმაციით, მოწოდებას მღვდელი იმ არგუმენტით ხსნიდა, რომ ერთიანი რელიგია საზოგადოების გაერთიანებას და რუსეთზე გამარჯვებას უზრუნველყოფდა, მით უმეტეს, რომ იუდაიზმის მიმართ ქვეყნის პირველი პირებიც სიმპათიას გამოხატავდნენ. СПЖ-ის ინფორმაციით, აღნიშნული განცხადება კოსიაჩენკომ Facebook-ზე უკრაინის მთავარი რაბინის, მოშე რუვენ ასმანის პოსტზე კომენტარის სახით დაწერა. СПЖ-ის სტატიაში ამ კომენტარის ფოტოანაბეჭდიცაა დამატებული.
ინფორმაცია 2025 წელს უკრაინულმა ფაქტების გადამმოწმებელმა ორგანიზაციამ VoxUkraine გადაამოწმა. მათი ინფორმაციით, ვასილი კოსიაჩენკოს რეალური კომენტარი უკრაინის მთავარი რაბინის პოსტზე სრულად განსხვავებული შინაარსის იყო და იუდაიზმის მიღებისკენ მოწოდებებს არ შეიცავდა. СПЖ-ის მიერ გავრცელებული კომენტარის ფოტო კი გაყალბებული იყო.
რაბინის პოსტი უკრაინის ეროვნული გვარდიის მეთაურთან ერთად ჰანუქას მენორის დანთებას შეეხებოდა. კოსიაჩენკომ კი მის ქვემოთ ასეთი კომენტარი დაწერა:
„მიყვარს ებრაელი ერი. დედაჩემის ხალხი. თუ უკრაინის ტერიტორიაზე ებრაელები და უკრაინელები უახლოეს მომავალში ერთ ერად არ ჩამოყალიბდებიან, პუტინის რუსეთი უკრაინის ოკუპაციას მოახდენს. კვლავ დაიწყება ებრაელთა დევნა. ახლა უკრაინის გადარჩენა, კეთილდღეობა და აყვავება, რაბინებსა და უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის (ПЦУ) მღვდელმსახურებზეა დამოკიდებული. ასევე რუსეთზე გამარჯვება. რუსების ხელახლა აღზრდა მტაცებლები და მონებისგან – ადამიანებად“.
საგულისხმოა, რომ 2026 წლის 21 იანვრის მონაცემით, აღნიშნული კომენტარი არ იძებნება, თუმცა შემონახულია VoxUkraine-ის მიერ გავრცელებული ფოტოანაბეჭდი.

წყარო: VoxUkraine
გარდა ამისა მსგავსი მოწოდება რომ უკრაინელ სასულიერო პირს გაეკეთებინა, ამის შესახებ უკრაინული მედიებიც დაწერდნენ. თუმცა ინფორმაციის ინტერნეტში ძიებისას უმრავლესად რუსული კრემლისტური გამოცემები და სოციალური ქსელის ანგარიშები იძებნება. (1; 2; 3)
ამგვარად, მტკიცება, თითქოს უკრაინელებს იუდაიზმის მიღებისკენ მოუწოდეს, სიმართლეს არ შეესაბამება.
“მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი” (СПЖ) თავდაპირველად 2015 წელს უკრაინაში დაარსდა. დროთა განმავლობაში მათ საქმიანობა სხვა ევროპულ ქვეყნებშიც გააფართოეს, ძირითადად იმ ქვეყნებში, სადაც მართლმადიდებელი ქრისტიანული მოსახლეობა ჭარბობს. საგულისხმოა, რომ СПЖ მოსკოვის საპატრიარქოსთან დაკავშირებული ორგანიზაციაა. СПЖ-ის ქართულენოვანი ვებ და Facebook გვერდები 2020 წლიდან ფუნქციონირებენ. უკრაინაში კი 2024 წლიდან დაბლოკილია.







