გადამოწმებული ფაქტები

ინსტაგრამ-მოდელი თუ მერცის შვილი? მცდარი მტკიცება გერმანიის კანცლერის ოჯახზე

მოკლედ საკითხავი:

  • ინფორმაცია, რომ ვიდეოში გერმანიის კანცლერის ქალიშვილი ჩანს, რუსულმა ანგარიშებმა ვირუსულად გაავრცელეს;

  • რეალურად, ვიდეოში ინსტაგრამ-მოდელი ემა სანტი ჩანს;

  • ფრიდრიხ მერცს ორი ქალიშვილი ჰყავს – კაროლა და კონსტანცე. გოგონა, რომელიც ვიდეოში ფიგურირებს, არც ერთ მათგანს არ ჰგავს. 

სოციალურ ქსელში ვრცელდება ახალგაზრდა ქალის ვიდეო. აღწერის თანახმად, ის გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის ქალიშვილია. Facebook-ანგარიშები პოსტის აღწერაში ქალის ჩაცმულობას უსვამენ ხაზს (1; 2; დაარქივებული ბმული). ვიდეო რუსულენოვანმა ანგარიშებმაც ვირუსულად გაავრცელეს (1; 2; 3; 4). საგულისხმოა, რომ რუსული წყაროები მერცის სავარაუდო შვილს მოიხსენიებენ სახელით – ემა.

„ჯეოფაქტსმა“ ვიდეოს ძიებისას მასში მყოფი პიროვნების რეალური ვინაობა დაადგინა. ის გერმანელი ინსტაგრამ-მოდელია, სახელად Ema Santi.

საკუთარ პროფილზე მას რამდენიმე ვიდეო აქვს გამოქვეყნებული, რომელშიც იდენტური ტანისამოსი აცვია (1; 2; 3).

მარცხნივ რუსული წყაროების მიერ გავრცელებული ვიდეო, მარჯვნივ ვიდეო ემა სანტის ინსტაგრამ-ანგარიშიდან

მოდელს რამდენიმე საკუთარ ვიდეოს აღწერაში უწერია, რომ ის ფრიდრიხ მერცის ქალიშვილია, თუმცა პროფილის აღწერაში მითითებული აქვს, რომ კონტენტის ნაწილი სახუმაროა: „გერმანია, გამარჯობა. ყველაფერს ასე სერიოზულად ნუ მიუდგებით, ასე ცხოვრება უფრო სახალისოა“, – ვკითხულობთ ინსტაგრამ-ანგარიშის აღწერაში.

რაც შეეხება ფრიდრიხ მერცის ოჯახს. საჯარო ინფორმაციის თანახმად, მერცს მეუღლე და სამი შვილი ჰყავს – ერთი ვაჟი და ორი ქალიშვილი – კაროლა და კონსტანცე.  შესაბამისად, ემა არც ერთს არ ჰქვია და არც გარეგნობით ჰგვანან გოგონას, რომელიც გავრცელებულ ვიდეოში ჩანს.

შუაში მერცის მეუღლე შარლოტა, მარცხნივ კაროლა, ხოლო მარჯვნივ კონსტანცე. წყარო: GettyImages

 

 

იხილეთ ყველა სტატია

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 info@geofact.ge