გადამოწმებული ფაქტები ტყუილი

დეზინფორმაცია: საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, აქციაზე 350 უკრაინელი დეზერტირი დაფიქსირდა

სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში პოსტს ავრცელებს (დაარქივებული ბმული), რომლის მტკიცებითაც, სუს-ის ინფორმაციით,  აქციაზე 350 დეზერტირი უკრაინელი დაფიქსირდა. „ანტი-მაიდანი უნდათ“, – წერს ანგარიში. რეალურად, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუსი)  მიერ მსგავსი ინფორმაცია არ გამოქვეყნებულა. აღნიშნული „ჯეოფაქტსს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურშიც დაუდასტურეს.

როგორც წესი, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ინფორმაციას საკუთარ ვებგვერდსა და სოციალურ ქსელში Facebook-გვერდზე აქვეყნებს. საპროტესტო აქციებში „უკრაინელი დეზერტირების“ მონაწილეობის  შესახებ მათ გვერდებზე ინფორმაცია არ იძებნება.

მიმდინარე აქციებთან დაკავშირებით საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განცხადება ორჯერ 30 ნოემბერსა და 10 დეკემბერს გამოაქვეყნა, თუმცა „უკრაინელი დეზერტირების“ აქციებში მონაწილეობის შესახებ საუბარი არც ერთ მათგანში არ არის.

დამატებით, გავრცელებული ინფორმაციის გადასამოწმებლად „ჯეოფაქტსი“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაუკავშირდა. მათი თქმით, სუს-ის მიერ გავრცელებული ყველა ინფორმაცია  მათ ვებგვერდსა და ოფიციალურ Facebook-გვერდზე ქვეყნდება.

ამდენად, მტკიცება, რომ სუს-ის ინფორმაციის თანახმად, საპროტესტო აქციებზე  უკრაინიდან ჩამოსული 350 დეზერტირი დაფიქსირდა, არ დასტურდება.

საპროტესტო აქციების პარალელურად, უკრაინელების, მათ შორის, უკრაინელი   მებრძოლების,  მონაწილეობის შესახებ დეზინფორმაცია აქამდეც გავრცელებულა (აღნიშნულ თემაზე იხილეთ „ჯეოფაქტსის“ სტატია). ამავდროულად, სოციალურ ქსელში კოორდინირებულად სხვა მტკიცებაც გავრცელდა, რომლის მიხედვითაც, უკრაინაში მებრძოლი „ქართული ლეგიონის“ წევრები საქართველოში დაბრუნებას გეგმავდნენ. „ჯეოფაქტსმა“ აღნიშნული ინფორმაციაც გადაამოწმა (იხ. სტატიის ბმული).

 

იხილეთ ყველა სტატია

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 info@geofact.ge