„ჯეოფაქტსი“ ფაქტების გადამოწმების მედია პლატფორმაა, რომელიც მკითხველს ქართულ და რუსულ ენებზე გადამოწმებულ და ფაქტებზე დაფუძნებულ ინფორმაციას სთავაზობს. მასალების ნაწილი მკითხველისთვის ხელმისაწვდომია ინგლისურ ენაზეც.
“GeoFacts.ge” მფლობელია საქართველოში რეგისტრირებული ორგანიზაცია შპს ვერიტას მედია ფროდაქშენი . შპს ვერიტას მედია ფროდაქშენის დამფუძნებელი და 100%-იანი წილის მფლობელია მალხაზ რეხვიაშვილი, წლების განმავლობაში პირველი ქართული ფაქტების გადამოწმების პლატფორმის „ფაქტ-მეტრის“ (FactCheck.ge) მთავარი რედაქტორი.
„ჯეოფაქტსის“ სარედაქციო პოლიტიკას განსაზღვრავს მისი სარედაქციო საბჭო.
„ჯეოფაქტსის“ მიზნებია:
- საზოგადოებას მიაწოდოს გადამოწმებული და ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაცია.
- მასალის მომზადების პროცესისა და მეთოდოლოგიის იმგვარი გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, რომ მკითხველს თავადაც შეეძლოს მასალაში მოყვანილი ყველა წყაროს შემოწმება და მის ნამდვილობაში დარწმუნება.
- საზოგადოებაში კრიტიკული აზროვნებისა და მედიაწიგნიერების ხელშეწყობა.
პოლიტიკური მიუკერძოებლობა და სარედაქციო დამოუკიდებლობა
პოლიტიკური მიუკერძოებლობა ფაქტების გადამოწმების ერთ-ერთი მთავარი პრინციპია. „ჯეოფაქტსისთვის“ ამ პრინციპს კრიტიკული მნიშვნელობა აქვს, რათა კეთილსინდისიერად ემსახუროს საზოგადოებისა და დემოკრატიის ინტერესებს, მკითხველის ნდობასა და ფაქტების გადამოწმების საერთაშორისოდ აღიარებულ პრინციპებს, რომლებიც მთლიანად სფეროს, ფაქტების გადამოწმების საზოგადოების სანდოობას განსაზღვრავს.
პოლიტიკურ მიუკერძოებლობასა და სარედაქციო დამოუკიდებლობას „ჯეოფაქტსი“ სხვადასხვა შიდა და გარე მექანიზმების ერთობლიობით უზრუნველყოფს:
- მუშაობის გამჭვირვალე მეთოდოლოგია – „ჯეოფაქტსის“ სარედაქციო კოდექსი დეტალურად განსაზღვრავს მუშაობის პროცესს გადასამოწმებელი მტკიცების შერჩევიდან სტატიის გამოქვეყნებამდე. „ჯეოფაქტსის“ კოდექსი ეფუძნება ფაქტების გადამმოწმებელთა საერთაშორისო ქსელის (International Fact Checking Network – IFCN) და ევროპის ფაქტების გადამოწმების სტანდარების ქსელის (European Fact-Checking Standards Network – EFCSN) შემუშავებულ საუკეთესო პრაქტიკას, პრინციპებსა და სტანდარტებს.
- საჯარო სივრცეში ქცევის კოდექსი – „ჯეოფაქტსის“ქცევის კოდექსი თანამშრომლებისთვის საჯარო სივრცეში, ტრადიციულ და სოციალურ მედიაში ქცევის იმ რეკომენდაციებს განსაზღვრავს, რომლებიც უზრუნველყოფენ, რომ როგორც მათი, ასევე რედაქციის პოლიტიკური მიუკერძოებლობისა და ნეიტრალურობის პრინციპები იყოს დაცული. ქცევის კოდექსის დარღვევაზე რეაგირების მექანიზმებს ორგანიზაციის შინაგანაწესი არეგულირებს.
- ინტერესტთა კონფლიქტის საკითხი – “ფაქტების გადამოწმების სამუშაო წესების” მიხედვით, „ჯეოფაქტსის“ ანალიტიკოსი რომელსაც კონკრეტული მტკიცების გადამოწმებისას ინტერესთა კონფლიქტი შეიძლება ჰქონდეს, ჩამოცილდება ამ საკითხზე მუშაობას და მკითხველს შენიშვნის სახით მიეთითება აღნიშნულის შესახებ. თუკი ინტერესთა კონფლიქტი „ჯეოფაქტსის“ მიმართ არსებობს, უზრუნველყოფილი იქნება ამ მტკიცების შესახებ მომზადებული მასალის გარე შემფასებლის მიერ რედაქტირება (აღნიშნული მკითხველისთვის იქნება მკაფიოდ განმარტებული).
- დამოუკიდებელი და პროფესიული წრეების გარე აუდიტი და შეფასებები – „ჯეოფაქტსისთვის“საერთაშორისო ფაქტების გადამოწმების ქსელისა (International Fact Checking Network – IFCN) და ევროპის ფაქტების გადამოწმების სტანდარების ქსელის (EFCSN) დასკვნები ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტია, რაც ორგანიზაციას ფაქტების გადამოწმების ინდუსტრიაში არსებულ მაღალპროფესიულ შეფასებას ნიშნავს. „ჯეოფაქტსი“ორივე ორგანიზაციას აკრედიტაციისთვის მიმართავს.
- მესამე მხარესთან დადებული შეთანხმებები გამორიცხავს სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევას. „ჯეოფაქტსი“ არ იღებს დაფინანსებას პოლიტიკური პარტიებისგან და გამორიცხავს ნებისმიერ სხვა ტიპის შეთანხმებაში შესვლას პოლიტიკურ სუბიექტებთან ან იმგვარი აქტივობის განხორციელებას, რამაც შესაძლოა რედაქციის დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას საფრთხე შეუქმნას. „ჯეოფაქტსის“ შინაგანაწესი თანამშრომლებს უკრძალავს, ისეთი საჩუქრის, დახმარების ან სასარგებლო პირობებით მომსახურების მიღებას, რაც ცდება თავაზიანობისა და პატივისცემის გამოხატვის ზოგად ჩარჩოებს.
- „ჯეოფაქტსი“ არ ასაქმებს და, როგორც კი ცნობილი ხდება, დაუყოვნებლივ წყვეტს კონტრაქტს იმ პირებთან, რომლებიც პოლიტიკურ პარტიებში ან სახელმწიფო უწყებებში არიან დასაქმებულნი.