სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი ნონა შარაბიძე, რომლის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია „ჯეოფაქტსს” არაერთხელ გადაუმოწმებია (1; 2; 3), უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან დაკავშირებით დეზინფორმაციას ავრცელებს. პოსტში ვკითხულობთ: „მას შემდეგ, რაც მერცი კიევს 5 მილიარდ ევროს დაჰპირდა, ზელენსკიმ თქვა, რომ მას არასდროს უნახავს ასეთი გამორჩეული გერმანიის კანცლერი“. სინამდვილეში, გავრცელებული ინფორმაცია ტყუილია.
მსგავსი ინფორმაცია სანდო მედიასაშუალებების გვერდებზე არ იძებნება. იდენტური შინაარსის ციტატას მხოლოდ რუსულენოვან გვერდებზე ვპოულობთ (1; 2; 3).
პოსტს თან ახლავს ფოტო, რომელზეც ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიის კანცლერთან, ფრიდრიხ მერცთან ერთადაა. ფოტო 2025 წლის 28 მაისს ბერლინში, ერთობლივ პრესკონფერენციაზეა გადაღებული. უკრაინა და გერმანია მომავალში სამხედრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ, რომლის ფარგლებშიც ბერლინი უკრაინის ტერიტორიაზე შორ მანძილზე მოქმედების იარაღის წარმოებას დააფინანსებს. ამასთან, გერმანიამ უკრაინას ახალი 5 მილიარდი ევროს დახმარების პაკეტი გამოუყო.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეთანხმების შესახებ X-ზეც დაწერა და განაცხადა: „უკრაინამ და გერმანიამ მიაღწიეს ახალ შეთანხმებებს ერთობლივ თავდაცვით საწარმოო პროექტებზე. მოხდება ინვესტირება უკრაინაში შეიარაღების, განსაკუთრებით დრონების წარმოებაში, რაც ჩვენი ჯარისკაცების სიცოცხლის გადასარჩენად უმნიშვნელოვანესია.“
ამგვარად, ინფორმაცია, თითქოს დახმარების გამოყოფის შემდეგ ზელენსკიმ განაცხადა, რომ „მას არასდროს უნახავს ასეთი გამორჩეული გერმანიის კანცლერი“, ტყუილია.