ნინო წილოსანი: არცერთი ფაქტი მე არ მინახავს, რომ პოლიციელების მხრიდან ყოფილიყო ჟურნალისტებზე რაიმე არაკორექტული
ვერდიქტი: „ჯეოფაქსტის“ დასკვნით, ნინო წილოსანის განცხადება არის ტყუილი
ანალიზი:
10 მაისის პლენარულ სხდომაზე „ქართული ოცნების“ პარლამენტმა ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის 2024 წლის ანგარიში მოისმინა.
სხდომაზე, „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა ნინო წილოსანმა განაცხადა, რომ მას არ უნახავს არცერთი შემთხვევა, სადაც პოლიციელების მიერ ჟურნალისტების მიმართ რაიმე არაკორექტული ქმედება განხორციელდა. მისი თქმით, შესაძლოა, არსებობდეს ერთეული შემთხვევები, თუმცა ეს არ შეიძლება განზოგადდეს – „არცერთი ფაქტი მე არ მინახავს, რომ პოლიციელების მხრიდან ყოფილიყო ჟურნალისტებზე რაიმე არაკორექტული. ან რაიმე თუ ერთეულ შემთხვევაზეა საუბარი, ეს არ შეიძლება იყოს განზოგადებული“.
„ჯეოფაქტსმა“ ნინო წილოსანის განცხადება გადაამოწმა.
სახალხო დამცველმა 2024 წლის საპარლამენტო ანგარიში 2025 წლის მარტში წარადგინა. ლევან იოსელიანმა 10 მაისის პლენარულ სხდომაზე, წარდგენილი ანგარიშის შესაბამისად, უფლებათა ფართო სპექტრი მიმოიხილა.
ანგარიშში გაზაფხულისა და ზამთრის საპროტესტო აქციები არის მიმოხილული. სახალხო დამცველის აპარატის შეფასებით, 2024 წელი საპროტესტო აქციებზე უფლებადარღვევების კონტექსტში განსაკუთრებით მძიმე და დასამახსოვრებელი იყო, რაც ღირსების ხელშეუვალობის უფლების, წამებისა და სხვა სახის არასათანადო მოპყრობის აკრძალვის პრინციპის დარღვევის ინტენსივობამ განაპირობა.
ანგარიშის მიხედვით, განსაკუთრებით პრობლემური აღმოჩნდა მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტთა უსაფრთხოების საკითხები. დოკუმენტში ხაზგასმით აღინიშნა, რომ აქციებზე სამართალდამცავი სტრუქტურების განსაკუთრებული აგრესიის მსხვერპლები თავად ჟურნალისტებიც გახდნენ. მათ მიმართ ადგილი ჰქონდა როგორც ფიზიკურ ძალადობასა და არასათანადო მოპყრობას, ასევე მათ პროფესიულ საქმიანობაში შეგნებულად ხელის შეშლას. ანგარიშში ასევე ხაზგასმულია, რომ ჟურნალისტებზე თავდასხმებისას ჩადენილი ძალადობრივი ქმედებების უმეტესობა დაუსჯელი დარჩა.
სახელმწიფოს წარმომადგენლების მხრიდან ჟურნალისტებზე თავდასხმას, მათ საქმიანობაში ხელშეშლასა თუ სიტყვიერ შეურაცხყოფას არაერთი მტკიცებულება, მათ შორის, მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ვიზუალური მტკიცებულებებიც მოწმობს.
კვლევის, სადაც მედიაგარემოა შეფასებული, თანახმად „2024 წელს „რუსული/აგენტების კანონის“ რეინიციირების შემდეგ ხელისუფლების მხარდამჭერმა ძალადობრივმა ჯგუფებმა გააძლიერეს ჟურნალისტების დაშინებისა და სტიგმატიზაციის პრაქტიკა, რაც მიზნად ისახავდა მედიაში კრიტიკული ხმების ჩახშობას“.
„რეპორტიორები საზღვრების გარეშე“ (RSF) ანგარიშის თანახმად, 3 აპრილიდან 14 მაისამდე საქართველოში ახალი კანონის მესამე მოსმენით მიღებამდე 15-ზე მეტი ჟურნალისტი ძალადობისა და დაშინების მსხვერპლი გახდა. ამ პერიოდში დაიწყო სატელეფონო მუქარები სამოქალაქო აქტივისტების, პოლიტიკოსების, ჟურნალისტებისა და მათი ოჯახების მისამართით. მუქარები რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა და საბოლოოდ ფიზიკურ ძალადობაში გადაიზარდა.
საილუსტრაციოდ, გავრცელებული კადრები მოწმობს, რომ კანონპროექტის წინააღმდეგ პარლამენტის შენობასთან 16-17 აპრილს გამართული აქციის დროს „პუბლიკას“ ჟურნალისტ ალექსანდრე ქეშელაშვილს პროფესიული მოვალეობის შესრულებისას პოლიციელებმა სცემეს. სპეცრაზმელებმა ასევე სცემეს „ტაბულას“ ჟურნალისტ გიორგი ბადრიძეს. წინა შემთხვევის მსგავსად, პოლიციამ მას ტელეფონი მაშინ წაართვა, როცა ის აქციას იღებდა.
ჟურნალისტების უფლებების დარღვევა შემოდგომა-ზამთრის აქციებზეც გაგრძელდა.
მაგალითად, ამ კადრებში ჩანს, თუ როგორ ესხმის სპეცრაზმელი თავს „ფორმულას“ ჟურნალისტ – გურამ როგავას. თავდასხმის შედეგად, ჟურნალისტმა სახის ძვლები და კისრის მალა მოიტეხა. იძალადეს, ასევე, TV პირველის გადამღებ ჯგუფზე – ჟურნალისტმა მარიამ გაფრინდაშვილმა თავის არეში დაზიანებები აქციის გაშუქებისას მიიღო. ბესიკის ქუჩაზე, „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფს შავებში ჩაცმული უცნობი პირები ფიზიკურად გაუსწორდნენ. თავდასხმა პირდაპირ ეთერში მოხდა. „ტვ პირველის” ოპერატორმა, გიორგი შეწირულმა თავის არეში მძიმე დაზიანებები მიიღო.
მხოლოდ 28-29 ნოემბრის ღამეს პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის პოლიციის მიერ დარბევის დროს 20-ზე მეტი ჟურნალისტი დაშავდა.
პრობლემის ინტენსივობა და სისტემურობა, არა მხოლოდ ადგილობრივ, არამედ საერთაშორისო დონეზეც დადასტურდა.
Amnesty International-ის 2024 წლის 13 დეკემბრის ანგარიშში ნათქვამია, რომ:
-
- ჟურნალისტები იყვნენ მიზანმიმართული ძალადობის მსხვერპლები;
- დოკუმენტირებულია ჟურნალისტების მიმართ გამოყენებული გადამეტებული ძალის მინიმუმ ათზე მეტი შემთხვევა;
- 50-ზე მეტი ჟურნალისტი დაშავდა ან არ მიეცა პროფესიული საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობა, მიუხედავად იმისა, რომ მათი, როგორც ჟურნალისტის იდენტიფიცირება შესაძლებელი იყო.
Human Rights Watch-ის შეფასებით:
- პოლიციისა და სავარაუდოდ, ხელისუფლებასთან აფილირებული ჯგუფების მხრიდან ადგილი ჰქონდა დამოუკიდებელ მედიაზე ფიზიკურ თავდასხმებს და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლას;
- „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ“ 70-ზე მეტი დარღვევა დაადასტურა.
სახალხო დამცველის ანგარიშში, ხაზგასმულია, რომ ევროკომისიის შეფასებით, მედიის თავისუფლებას, პლურალიზმს და ჟურნალისტების უსაფრთხოებას საფრთხე შეუქმნა მაღალი თანამდებობის პირებისა თუ პოლიტიკოსების მხრიდან წარმოებულმა ნეგატიურმა რიტორიკამ. მსგავსი დამოკიდებულება ქმნის დაუსჯელობის კლიმატს და ხელს უწყობს მედიის წინააღმდეგ ძალადობის გაგრძელებას.
ნინო წილოსანის მიერ 10 მაისს გაკეთებული განცხადება, რომლის მიხედვითაც პოლიციის მხრიდან ჟურნალისტების მიმართ არაკორექტული ქმედებების არცერთი შემთხვევა მას არ უნახავს და მხოლოდ „ერთეულ შემთხვევებს“ თუ ჰქონდა ადგილი, არ შეესაბამება რეალობას. როგორც სახალხო დამცველის ანგარიში, ასევე ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებები ცალსახად აჩვენებს, რომ 2024 წელს მედიის წარმომადგენლები გახდნენ სამართალდამცავთა ძალადობის, არასათანადო მოპყრობისა და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის სისტემური მსხვერპლები. შესაბამისი მტკიცებულებები, მათ შორის – ვიდეომასალა და დაზარალებულთა განცხადებები, ხაზს უსვამს, რომ პრობლემა არ არის ერთეული, არამედ აქვს მასშტაბური ხასიათი.
ზემოთ თქმულზე დაყრდნობით, „ჯეოფაქტსი“ ნინო წილოსანის განცხადებას აფასებს ვერდიქტით ტყუილი.