სოციალურ ქსელში Facebook-გვერდი „რეა ლობა“ გადაცემიდან „რეაქცია“ ელენე ხოშტარიას ინტერვიუს მონაკვეთს ავრცელებს (დაარქივებული ბმული). ვიდეოში ელენე ხოშტარია ამბობს: „რომელი დასავლური სპეცოპერაცია მოხდა ან რა მოხდა, რომ დღეს ადგილობრივი თვითმმართველობის ე.წ. არჩევნებს ჰქვია არჩევნები“. Facebook-გვერდი ვიდეოს აღწერაში წერს: „ბალშოი თეატრის“ სტიპენდიანტი, საქართველოში დასავლური სპეცოპერაციის ჩატარებას ითხოვს“. რეალურად, გადაცემაში ელენე ხოშტარია ქვეყანაში დასავლური სპეცოპერაციის ჩატარებას ინტერვიუს არც ერთ მონაკვეთში არ ითხოვს და მისი ციტატა კი კონტექსტის გარეშეა მოჭრილი.
გავრცელებული მონაკვეთი ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას გადაცემა „რეაქციიდან“ არის აღებული, რომელიც ეთერში 2025 წლის 3 ივლისს გავიდა. გადაცემაში ხოშტარია თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობის თემას შეეხო (იხილეთ ბმულზე 05:05 წუთიდან): „ნულოვან თანამშრომლობას როცა ვამბობთ [ქართულ ოცნებასთან], ეს შედგება დღევანდელი დღისთვის რამდენიმე კომპონენტისგან: ეს იყო პარლამენტში არ ყოფნა იმიტომ, რომ ეს პარლამენტი არ ასახავს ხალხის ნებას, ეს არის კომისია და ამ კომისიაში არ მისვლის გამო, რომელსაც გუშინ ვთქვათ გახარია ელაპარაკებოდა (გახარია არ არის ჩემთვის აქტუალური, მაგალითად მომყავს უბრალოდ), ამის გამო, არ მისვლის გამო არ აღიარების გაუტეხლობის გამო, ციხეში სხედან დღეს პოლიტიკური პარტიის ლიდერები და მესამე ეს არის, რა თქმა უნდა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, ინგა, არჩევნებს სიტყვას შინაარსი ხო უნდა გააჩნდეს?! ჩვენ თუ 27 ოქტომბერს პრეზიდენტთან ერთად ამაყად მდგარი ყველა, მთელი ოპოზიცია, პრეზიდენტი წინ იდგა და იძახდა, რომ ეს [26 ოქტომბრის არჩევნები] არის რუსული სპეცოპერაცია, ვინმემ დედამიწის ზურგზე ამიხსნას ამ რუსული სპეცოპერაციის შემდეგ რომელი დასავლური სპეცოპერაცია მოხდა ან რა მოხდა, რომ დღეს ადგილობრივი თვითმმართველობის ე.წ. არჩევნებს ჰქვია არჩევნები?! რა შეიცვალა, რომ ჩვენ ვიცვლით პოზიციას“.
ამდენად, ვიდეოს სრულ მონაკვეთში ჩანს, რომ ელენე ხოშტარია „დასავლურ სპეცოპერაციას“ არ ითხოვს. ის გადაცემაში ოპოზიციის ერთიანობის თემას შეეხო და რიტორიკული კითხვა დასვა, რომ თუ 27 ოქტომბერს, არჩევნების მეორე დღეს, ოპოზიციური პარტიები არჩევნებს „რუსულ სპეცოპერაციას“ ეძახდნენ, რა შეიცვალა ამის შემდეგ. პარტია „დროას“ ლიდერი სარკასტულად კითხულობს „რუსული სპეცოპერაციის“ საპირისპიროდ „დასავლური სპეცოპერაცია“ ხომ არ მოხდა, რამაც ოპოზიციის ნაწილს ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით პოზიცია შეუცვალა.
ცნობისთვის, ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) განცხადებით, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნები 2025 წლის 4 ოქტომბერს ჩატარდება. ამჟამად, რვა ოპოზიციური პარტია ბოიკოტს უცხადებს ადგილობრივ არჩევნებს. ამის შესახებ 1 ივლისს ელენე ხოშტარიამ განაცხადა. ეს პარტიებია: „თავისუფლების მოედანი“, „ევროპული საქართველო“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ახალი“, „გირჩი-მეტი თავისუფლების“, „დროა“ და „ფედერალისტები“. აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე, გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ ერთადერთი ოპოზიციური პარტიაა, რომელიც გადაჭრით აცხადებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას არ გამორიცხავს პარტია „ლელოც“.