სოციალურ ქსელ Facebook-ზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ 1959 წლის 21 დეკემბერს უინსტონ ჩერჩილი სტალინის დაბადების 80 წლის აღსანიშნად ეკლესიაში ფეხშიშველი მივიდა და მის სახელზე წირვა აღავლინა.
პოსტში ასევე მოცემულია ციტატები, რომელსაც პოსტის ავტორი უინსტონ ჩერჩილს მიაწერს.
„ჯეოფაქტსმა“ ეს ინფორმაცია გადაამოწმა.
გადამოწმების შედეგად დგინდება, რომ საჯაროდ ხელმისაწვდომ წყაროებში მსგავსი ფაქტი, თითქოს უინსტონ ჩერჩილი სტალინის დაბადების 80 წლის აღსანიშნად ეკლესიაში ფეხშიშველი მივიდა და მის სახელზე წირვა აღავლინა, არ მოიძებნება.
მეტიც, საჯარო წყაროებში ხელმისაწვდომია ინფორმაცია, რომლის მიხედვით, ჩერჩილმა 1953 წლის მარტში იოსებ სტალინის გარდაცვალებისას „არ გამოხატა სამძიმარი, არ წარმოთქვა არანაირი სიტყვა ან თანაგრძნობის ბარათიც კი“.
რაც შეეხება პოსტში გაჟღერებულ ციტატებს, უინსტონ ჩერჩილს ნამდვილად უსაუბრია სტალინზე წარსულში, მათ შორის დადებით კონტექსტშიც, თუმცა სოციალურ ქსელში გავრცელებული ციტატები ჩერჩილის რეალური გამონათქვამების გაზვიადებული ვერსიაა, ხოლო პოსტში აღნიშნული ზოგიერთი ციტატა, გამოგონილია.
კერძოდ, „ჩერჩილის საერთაშორისო საზოგადოების“ ვებგვერდზე ისტორიის პროფესორმა ანდრეა გრაზიოსიმ დასვა კითხვა, მართალი იყო, თუ – არა, სტალინის საგარეო საქმეთა მინისტრის, მოლოტოვის მემუარებში ნახსენები ინფორმაცია, რომ ჩერჩილმა 1959 წელს სტალინის შესახებ თქვა „Staline a ete un homme d’une energie exceptionelle“ (სტალინი განსაკუთრებული ენერგიის ადამიანი იყო).
„ჩერჩილის საერთაშორისო საზოგადოებამ“, რომელიც 1968 წელს ჩერჩილის ისტორიული მემკვიდრეობის შენარჩუნებისთვის დაარსებული ორგანიზაციაა, კითხვაზე პასუხი გასცა. ორგანიზაციამ აღნიშნა, რომ ჩერჩილს სტალინის შესახებ განცხადება 1959 წელს არ გაუკეთებია, მეტიც, თემთა პალატაში მისი გადადგომის შემდეგ (1955 წ) უინსტონ ჩერჩილს საერთოდ არ ჰქონია მიმართვა, თუმცა ეს კონკრეტული ციტატა ნამდვილად არსებობს მის 1942 წლის გამოსვლაში.
ჩერჩილის სიტყვის სრული ტექსტი შინაარსობრივად ნაწილობრივ ჰგავს იმ ტექსტს, რაც სოციალურ ქსელში გაავრცელეს, თუმცა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ციტატებში არის შეუსაბამობები, უზუსტობები და ისეთი ნაწილები, რომლებიც ჩერჩილის სიტყვაში საერთოდ არ გვხვდება:
სოციალური ქსელის პოსტის ტექსტი: „ბატონებო თუ გვინდა, დავრჩეთ თავისუფალი სამყაროს სათავეში, ჩვენი ვალია, ვიცოდეთ და ჯეროვნად შევაფასოთ ჩვენი მტრები, განსაკუთრებით გამოჩენილი პიროვნებები. დღეს ასეთად მინდა დავასახელო გენერალისიმუსი სტალინი. რუსეთისთვის დიდი ბედნიერება იყო, რომ ქვეყანას მძიმე განსაცდელის ჟამს სათავეში ჩაუდგა გენიოსი და ურყევი მხედართმთავარი სტალინი. იგი იყო ყველაზე გამოჩენილი პიროვნება, რომელიც შეეფერებოდა ჩვენი ცვალებადი და მკაცრი დროის იმ პერიოდს, რომელშიც მას უხდებოდა ცხოვრება“.
უინსტონ ჩერჩილის 1942 წელს წარმოთქმული სიტყვა: „პრემიერ სტალინთან შეხვედრა ჩემთვის ძალიან საინტერესო გამოცდილება იყო. ჩემი ვიზიტის მთავარი მიზანი იყო იმავე ნდობისა და სრული გახსნილობის ურთიერთობების დამყარება, რაც პრეზიდენტ რუზველტთან დავამყარე. მე ვფიქრობ, რომ ბაბილონის კოშკის შემთხვევის მიუხედავად, რომელიც მრავალ სფეროში ძალიან სერიოზულ ბარიერად რჩება, მე მნიშვნელოვან წარმატებას მივაღწიე. დიდი ბედნიერებაა რუსეთისთვის, რომ მას ასეთ ტანჯვაში ასეთი დიდი, მკაცრი სამხედრო მეთაური ჰყავს სათავეში. ის არის უაღრესად გამორჩეული პიროვნების კაცი, რომელიც შეეფერება იმ პირქუშ და ქარიშხლიან პერიოდს, რომელშიც მისი ცხოვრება წარიმართა;
სოციალური ქსელის პოსტის ტექსტი: „სტალინი იყო არაჩვეულებრივად ენერგიული და ერუდირებული, უდრეკი ნებისყოფის, სასტიკი, ულმობელი ადამიანი, როგორც საქმეში, ისე საუბრისას, ვისაც მეც კი აქ, ბრიტანეთის პარლამენტში აღზრდილი, ვერ ვუწევდი წინააღმდეგობას. სტალინს, უწინარეს ყოვლისა, იუმორისა და სარკაზმის დიდი გრძნობა და თქმულის ზუსტად აღქმის განსაცვიფრებელი ნიჭი ჰქონდა, თავის სტატიებსა და გამოსვლებს მხოლოდ თავად წერდა და მათში ყოველთვის იგრძნობოდა შემსრულებლის ძალა, რომელიც სტალინში იმდენად დიდი იყო, რომ ყველა ხალხისა და დროის ქვეყნის ხელმძღვანელთა შორის განუმეორებლად წარმოჩნდებოდა“.
უინსტონ ჩერჩილის 1942 წელს წარმოთქმული სიტყვა: „ადამიანი ამოუწურავი გამბედაობითა და ნებისყოფით, პირდაპირი და თუნდაც უხეში მეტყველებით, რაც, თემთა პალატაში აღზრდის შემდეგ, საერთოდ არ მაწუხებს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საკუთარი სათქმელი მაქვს. უპირველეს ყოვლისა, ის არის ადამიანი, რომელსაც აქვს გადამრჩენი იუმორის გრძნობა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ადამიანისთვის და ყველა ერისთვის, განსაკუთრებით კი დიდი ადამიანებისა და დიდი ერებისთვის. სტალინმა ჩემზე ღრმა, ცივი სიბრძნისა და ყოველგვარი ილუზიების სრული არარსებობის შთაბეჭდილებაც დატოვა. მე მჯერა, რომ მას ვაგრძნობინე, რომ ამ ომში ჩვენ კარგი და ერთგული თანამებრძოლები ვართ – მაგრამ, საბოლოო ჯამში, ეს არის საკითხი, რომელსაც საქმეები დაამტკიცებს და არა სიტყვები. მოსკოვში ამ ვიზიტიდან ერთი რამ ყველაზე მეტად მახსოვს – საბჭოთა რუსეთის ურყევი გადაწყვეტილება, ბოლომდე ებრძოლა ჰიტლერიზმის წინააღმდეგ, მის საბოლოო დამარცხებამდე. პრემიერ-მინისტრმა სტალინმა მითხრა, რომ რუსი ხალხი ბუნებით მშვიდობიანია, მაგრამ გერმანელების მიერ მათ მიმართ ჩადენილმა სასტიკმა სისასტიკემ ისინი ისეთ მძვინვარებამდე მიიყვანა, რომ მათი მთელი ბუნება შეიცვალა“.
ამდენად, სოციალურ ქსელში გავრცელებული ციტატების ნაწილი შინაარსობრივად ჰგავს ჩერჩილის სიტყვებს. თუმცა მაგალითად ის ნაწილი, სადაც ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი თითქოს ამბობს, რომ სტალინისთვის საუბარში წინააღმდეგობის გაწევა არ შეეძლო, სავარაუდოდ, ჩერჩილის ნამდვილი სიტყვების არასწორი თარგმანის შედეგად მიიღეს. სინამდვილეში, მან თქვა, რომ მიუხედავად სტალინის პირდაპირი და უხეში მეტყველებისა, ეს მას საერთოდ არ აწუხებდა, რადგან ის თემთა პალატაში იყო აღზრდილი.
პოსტის ის ნაწილი კი, სადაც ჩერჩილი თითქოს სტალინზე ამბობს, რომ „ის იყო კაცი, რომელიც თავის მტრებს თავისივე მტრის ხელით ანადგურებდა, გვაიძულებდა ჩვენ, ვისაც დაუფარავად იმპერიალისტებს გვიწოდებდა, იმპერიალისტების წინააღმდეგ გვებრძოლა“, საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროებით არ დასტურდება.
ამასთანავე, თუ Facebook-ზე გამოქვეყნებული მთლიანი პოსტი თემთა პალატაში ჩერჩილის ერთ გამოსვლას ასახავს, აბსურდულია პოსტის ის ნაწილი, რომელშიც თითქოს ჩერჩილი იალტის კონფერენციაზე სტალინის ოთახში შემოსვლას იხსენებს („როცა, ის იალტის საკონფერენციო დარბაზში შემოდიოდა, ჩვენ, თითქოს გვიბრძანესო, ვდგებოდით და, რა საოცრადაც უნდა მოგეჩვენოთ, ხელები რატომღაც შარვლის ნაკერების გასწვრივ გვქონდა გაჭიმული“). კერძოდ, როგორც აღვნიშნეთ, პოსტში ნახსენები ციტატების ნაწილი არა 1959 წელს, არამედ ჩერჩილის მიერ 1942 წელს ნათქვამ სიტყვას ჰგავს. ამ შემთხვევაში 1942 წელს შეუძლებელია ჩერჩილს 1945 წელს ჩატარებულ იალტის კონფერენციაზე ესაუბრა და ამ კონფერენციიდან სტალინის ოთახში შესვლის ეპიზოდი გაეხსენებინა.
იმ შემთხვევაშიც კი, თუ პოსტში გაჟღერებული ციტატები, ჩერჩილის ერთი გამოსვლიდან არაა აღებული და ის შეიძლება 1945 წლის შემდგომ პერიოდში ჩერჩილის მიერ ნათქვამ სიტყვებს მოიცავდეს, პოსტის ის მონაკვეთი, სადაც თითქოს სტალინის საკონფერენციო ოთახში შესვლის მომენტს იხსენებ, სანდო საჯარო წყაროებით არ დასტურდება და საძიებო სისტემების ძებნის სანდო შედეგებში არ გვხვდება.
ამდენად, სოციალურ ქსელში ჩერჩილის მიერ სტალინის შეფასება გამძაფრებულია და მრავალ არაზუსტ, მცდარ დეტალს შეიცავს. ამასთანავე, არცერთი წყარო არ ადასტურებს, რომ ჩერჩილი სტალინის მე-80 დაბადების დღის აღსანიშნავად ეკლესიაში ფეხშიშველი მივიდა და წირვა ჩაატარა.