გადამოწმებული ფაქტები კონტექსტის გარეშე

ანონიმური Facebook-გვერდი „Marketing Fair“ საქართველოს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით შეცდომაში შემყვან პოსტებს არეკლამებს

Facebook-გვერდი „Marketing Fair“ დარეკლამებული სახით პოსტს აქვეყნებს (დაარქივებული ბმული). ფოტოზე  მგზავრისა და მესაზღვრის კარიკატურაა წარმოდგენილი. ფოტოს მიხედვით, მესაზღვრე მგზავრს (საქართველოს მოქალაქეს) ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე საქართველოს პასპორტით არ უშვებს. კარიკატურაზე დატანილია წარწერა „სასჯელი დამოუკიდებლობისთვის“, რაც მესაზღვრის აკრძალვასთან ერთად, საბოლოოდ შთაბეჭდილებას ქმნის, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში ევროკავშირის ამჟამინდელი უარი ან შესაძლო ვიზალიბერალიზაციის გაჩერებაც გაერთიანების პასუხია საქართველოს „დამოუკიდებლობაზე“. ამდენად, არაპირდაპირ პოსტი მომხმარებლებს მიანიშნებს, რომ ევროკავშირი საქართველოს მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ ის საკუთარ დამოუკიდებლობაზე უარს იტყვის. აღნიშნული კი, სინამდვილეში, ფაქტებით არ დასტურდება და შეცდომაში შემყვანია.

Facebook-გვერდ „Marketing Fair-ის“, რომელსაც ამჟამად 6 გამომწერი ჰყავს და 2024 წლის აგვისტოში შეიქმნა, შესავალ ნაწილში ვკითხულობთ, რომ გვერდი რეკლამას/მარკეტინგს ეხება. ამჟამად, გვერდზე ხელმისაწვდომია მხოლოდ პროფილის ფოტო.

 

თუმცა გვერდს გაშვებული აქვს 4 აქტიური რეკლამა, მათგან ყველა პოლიტიკური, მათ შორის, ანტიდასავლური შინაარსის მქონეა (იხილეთ ფოტოები).  აღნიშნული რეკლამები იმგვარადაა გაშვებული, რომ ისინი გვერდის „Marketing Fair“ კედელზე არ ჩანს. მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური შინაარსის რეკლამებია, სარეკლამო ბიბლიოთეკაში რეკლამისა და მისი დამკვეთის შესახებ დეტალური ინფორმაცია არ ჩანს. მსგავსი  გვერდების აქტივობას წარსულში სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) გამოეხმაურა. ორგანიზაცია კვლევაში აღნიშნავდა, რომ გვერდები, რომლებიც პროპაგანდისტულ „მიმებს” ან გაყალბებულ მასალებს აწვდიდნენ ფეისბუქმომხმარებლებს და ამასთანავე, დეზინფორმაციულ ნარატივებს ფეისბუქზე გაუმჭვირვალე რეკლამების სახით აქვეყნებდნენ, რუსეთთან დაკავშირებული ქართულენოვანი ქსელის ნაწილს წარმოადგენდნენ. სავარაუდოდ, „Marketing Fair“ სწორედ აღნიშნული ქსელის ნაწილია. მსგავსი ტექნიკით მოქმედი ანონიმური გვერდის შესახებ წარსულში „ჯეოფაქტსაც“ დაუწერია.

რეალურად, რა აფერხებს საქართველოს წინსვლას ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე?

2022 წლის 23 ივნისს მიღებული გადაწყვეტილებით, ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის პერსპექტივა მიანიჭა და გამოხატა მზადყოფნა, ქვეყანას კანდიდატის სტატუსიც მიანიჭოს მას შემდეგ, რაც ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 12 პრიორიტეტი შესრულდება. ევროპული საბჭოს ზემოხსენებული გადაწყვეტილების შემდგომ, საქართველო, როგორც პოტენციური კანდიდატი-ქვეყანა, ევროკავშირის გაფართოების პაკეტის ნაწილი გახდა და შესაბამისად, ევროკომისია ყოველწლიურად აფასებს საქართველოს შესაბამისობას ევროკავშირის წევრობის კრიტერიუმებთან.

2023 წლის 8 ნოემბერს, ევროკომისიამ საქართველოს მიერ 12 პრიორიტეტის შესრულების მდგომარეობა შეაფასა და რეკომენდაცია გაუწია საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ გადაიდგმებოდა ევროკომისიის მიერ განსაზღვრული ცხრა ნაბიჯი, რომლებიც ძირითადად დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების სფეროებში განსახორციელებელ რეფორმებს ეხება. ევროკომისიის რეკომენდაციის საფუძველზე, 2023 წლის 14 დეკემბერს ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა. ცხრა ნაბიჯის შესრულების პროცესში პროგრესის მიღწევის შემთხვევაში, საქართველო გაწევრიანების შემდგომ ეტაპზე გადავიდოდა, რაც ევროკავშირთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნას გულისხმობს.

2024 წლის 30 ოქტომბერს, ევროკომისიამ გამოაქვეყნა ევროკავშირის გაფართოების პაკეტი, რომელიც ევროპული საბჭოს მიმართ კომუნიკაციასა და კანდიდატი ქვეყნების, მათ შორის საქართველოს, შეფასების ანგარიშებს მოიცავს.

ევროკომისიის კომუნიკაციის თანახმად, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, რომელიც 9 ნაბიჯის შესრულების პირობით განხორციელდა, ხელისუფლების მხრიდან არ მოჰყოლია საკმარისი პოლიტიკური ერთგულება, რომ ევროკავშირის გზაზე ქვეყნის პროგრესისთვის საჭირო რეფორმები განეხორციელებინათ (კომუნიკაციის მე-17 პუნქტი).

ასევე, ევროკომისიის თანახმად, „2024 წლის გაზაფხულიდან საქართველოს მთავრობის მიერ არჩეული კურსი საქართველოს ევროკავშირის გზას აზიანებს და დე ფაქტო მის შეჩერებას იწვევს“. კერძოდ, 28 აპრილს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება და 17 სექტემბერს ოჯახური ღირებულებებისა და მცირეწლოვნების დაცვის შესახებ კანონების პაკეტის მიღება ეწინააღმდეგება საქართველოს მთავრობის ევროკავშირის გზისადმი ერთგულებას. აღნიშნულ კანონთან ერთად საქართველოს ევროკავშირის ტრაექტორიის შეცვლის მიზეზად ევროკავშირი ასახელებს საქართველოს ოფიციალური პირების მხრიდან მომდინარე „ძლიერ ევროკავშირის საწინააღმდეგო ნარატივებს“. შედეგად, კომუნიკაციაში აღნიშნულია, რომ საქართველოს გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერდა.

ამასთან, გაფართოების პაკეტის თანახმად, საქართველომ 2023 წლის გაფართოების კომუნიკაციით განსაზღვრული 9 ნაბიჯის შესრულებაში უმნიშვნელო პროგრესს მიაღწია. სწორედ 9 ნაბიჯის შესრულება იყო ის კრიტერიუმი, რომლის შესრულების შემთხვევაშიც საქართველოს გაწევრიანების შემდგომ ეტაპზე – ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების ეტაპზე – გადავიდოდა.

ცხრა ნაბიჯის შესრულების შეფასება ევროკავშირის გაფართოების ანგარიშში

ევროკავშირის გაფართოების ანგარიშის თანახმად, ცხრა ნაბიჯი ძირითადად, დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ფუნდამენტური უფლებების სფეროებში რეფორმებს უკავშირდება. ამ მიმართულებითაც გაფართოების ანგარიში საკმაოდ კრიტიკულია. ჯამში, შეფასებულია, რომ პროგრესი მხოლოდ უმნიშვნელო იყო. გაფართოების ანგარიშში 9 ნაბიჯის შესრულების შეფასებაში ბევრგან, პირიქით, რეგრესი იკითხება:

  • პირველი ნაბიჯის შემთხვევაში, პირიქით გაიზარდა ევროკავშირთან დაკავშირებული საინფორმაციო მანიპულაციები, მათ შორის, მმართველი პარტიისა და მთავრობასთან აფილირებული მედიის მხრიდან;
  • მეორე ნაბიჯის შესახებ ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს შესაბამისობის დონე ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან დაბალი რჩება;
  • მესამე ნაბიჯის შესახებ აღნიშნულია, რომ პოლარიზაცია, პირიქით, კიდევ უფრო გაღრმავდა;
  • მეოთხე ნაბიჯთან დაკავშირებით უარყოფითად ფასდება არჩევნებამდე განხორციელებული საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებები და ყურადღებაა გამახვილებული ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის მიერ დაფიქსირებულ დარღვევებზე, რამაც საარჩევნო პროცესისადმი საზოგადოების ნდობაზე უარყოფითად იმოქმედა;
  • მეხუთე ნაბიჯთან დაკავშირებით უარყოფითად ფასდება უსაფრთხოებისა და სხვა სექტორების საპარლამენტო ზედამხედველობისა და ინსტიტუტების დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის ირგვლივ არსებული მდგომარეობა;
  • მეექვსე ნაბიჯის შესახებ ანგარიშში ნათქვამია, რომ სასამართლო სისტემასთან დაკავშირებული რეფორმები ევროკავშირის მოთხოვნებსა და სტანდარტებს არ პასუხობს და სასამართლო სისტემაში არსებული სხვადასხვა პრობლემაზეა ყურადღება გამახვილებული;
  • მეშვიდე ნაბიჯის ფარგლებში ანტიკორუფციული კანონმდებლობა, პოლიტიკა, ზომები, ინსტიტუტების ხელმძღვანელების დანიშვნის პროცედურები და გამოძიებების, მათ შორის, ფართომასშტაბიანი მიყურადების საქმის, არარსებობა, უარყოფითადაა შეფასებული;
  • მერვე ნაბიჯის შესახებ ნათქვამია, რომ მთავრობის დეოლიგარქიზაციის გეგმაში ნაკლოვანებებია, ხოლო მასთან დაკავშირებულ სფეროებში მიღებული კანონები საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკებს არ შეესაბამება;
  • მეცხრე ნაბიჯში, ძირითადად, საუბარია, რომ ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ გადადგმული ნაბიჯები არასაკმარისია, მიღებული კანონები, პირიქით, ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებების შესახებ ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს და სამოქალაქო საზოგადოების მდგომარეობას აუარესებს.

შესაბამისად, 9 ნაბიჯის შესრულების მხრივ ანგარიში ძირითადად უარყოფითია და უფრო მეტად რეგრესზე მიუთითებს, ვიდრე რაიმე არსებით პროგრესზე.

კოპენჰაგენის კრიტერიუმები და ფუნდამენტური უფლებების საკითხის მნიშვნელობა საქართველოს გაწევრიანების კონტექსტში

ამავე კონტექსტში მნიშვნელოვანია ევროპული საბჭოს მიერ 1993 წელს დამტკიცებული ევროკავშირში გაწევრიანების კრიტერიუმები – ცნობილი როგორც „კოპენჰაგენის კრიტერიუმები“ – რომელთა დაკმაყოფილებაც ევროკავშირის წევრობისთვის სავალდებულოა. ესენია:

  • ინსტიტუტების სტაბილურობა, რომელიც უზრუნველყოფს დემოკრატიას, კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებებსა და უმცირესობების პატივისცემასა და დაცვას (პოლიტიკური კრიტერიუმი),
  • ფუნქციური საბაზრო ეკონომიკა და უნარი, გაუმკლავდეს ევროკავშირში არსებულ კონკურენციისა და საბაზრო ძალების ზეწოლას (ეკონომიკური კრიტერიუმი),
  • უნარი, იკისროს წევრობის ვალდებულებები, მათ შორის, იმ წესების, სტანდარტებისა და პოლიტიკების ეფექტური აღსრულების შესაძლებლობა, რომელიც ევროკავშირის კანონმდებლობას შეადგენს, და [ევროპის] კავშირის პოლიტიკური, ეკონომიკური და მონეტარული მიზნებისადმი ერთგულება (სამართლებრივი კრიტერიუმი).

პირველი კრიტერიუმი სწორედ ფუნდამენტური უფლებების საკითხებს – დემოკრატიას, კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებებისა და უმცირესობების პატივისცემას – ითვალისწინებს, რაც 9 ნაბიჯშიცაა ასახული. აღნიშნულ ნაწილში პროგრესის არარსებობა და პირიქით – უკუსვლა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას შეუძლებელს ხდის.

გაფართოების კომუნიკაციაში აღნიშნულია, რომ გაფართოების პროცესში განსაკუთრებული ყურადღება სწორედ ფუნდამენტურ საკითხებს ენიჭება, რომლებიც უკავშირდება დემოკრატიას, კანონის უზენაესობასა და ფუნდამენტურ უფლებებს. ხოლო გაფართოების ანგარიშის თანახმად, სასამართლოსა და ფუნდამენტური უფლებების თავში (23-ე თავი) საქართველოს უკუსვლა ჰქონდა.

ფუნდამენტური უფლებების საკითხის მნიშვნელობას ხაზს უსვამენ ევროკავშირის წარმომადგენლებიც. ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ, 2024 წლის 30 ოქტომბერს ჩატარებულ პრესკონფერენციაზე ევროკომისიის ანგარიშზე საუბრისას, სასამართლო სისტემისა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებებთან დაკავშირებულ მდგომარეობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა: „ნება მიბოძეთ, მკაფიოდ ვთქვა: ეს უკუსვლა [სასამართლო სისტემასა და ფუნდამენტურ უფლებებში] უპრეცედენტოა ქვეყნისთვის, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანებისკენ ისწრაფვის“.

აღსანიშნავია, რომ გასული წლის 28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხს არ დააყენებენ: „დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხი. ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარს ვამბობთ ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან. 2028 წლის ბოლო არის ის დრო, როდესაც საქართველო იქნება მზად, ეკონომიკური თვალსაზრისით სათანადოდ მომზადებული, რათა გახსნას მოლაპარაკებები 2030 წელს ევროკავშირში გასაწევრიანებლად“.  კობახიძის აღნიშნულ განცხადებას ქვეყანაში საპროტესტო აქციები და წინააღმდეგობა მოჰყვა, რომელიც დღემდე გრძელდება.

ევროკავშირის საბჭო 2024 წლის 17 დეკემბერს ამ განცხადებას გამოეხმაურა, სინანული გამოთქვა „ქართული ოცნების“ „უახლეს გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმად ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს 2028 წლამდე აჩერებს“ და მოუწოდა „საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ დაუბრუნდეს ევროკავშირის გზას“. საბჭომ დაგმო ძალადობა მშვიდობიანი მომიტინგეების, მედიის წარმომადგენლებისა და პოლიტიკოსების მიმართ და მოუწოდა ხელისუფლებას, პატივი სცეს შეკრების და გამოხატვის თავისუფლების უფლებას და თავი შეიკავოს ძალის გამოყენებისგან. განცხადების მიხედვით, ევროკავშირის „სერიოზულ შეშფოთებას“ გამოხატავს  „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ქმედებებთან მიმართებით, მათ შორის, უცხოელი აგენტების შესახებ და იმ სხვა კანონების მიღებასთან დაკავშირებით, რაც წარმოადგენს „უკუსვლას იმ ნაბიჯებთან მიმართებით, რომლებიც კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკომისიამ განსაზღვრა“.

გაწევრიანების პროცესის შეჩერებასთან ერთად, „ქართულმა ოცნებამ“ განაგრძო ევროკავშირის პრინციპებსა და ღირებულებებთან შეუთავსებელი კანონპროექტების მიღება, რომელთა შორის არის „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“, ასევე „მაუწყებლობის შესახებ“ და „გრანტების შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებები. აღნიშნულთან დაკავშირებით, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისარმა მარტა კოსმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც პირდაპირ არის ნათქვამი, რომ „ასეთი ქმედებები არსებითად შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან, როგორიცაა დემოკრატია, კანონის უზენაესობა და მედიის პლურალიზმი და შორს არის იმისგან, რასაც კანდიდატი ქვეყნისგან მოველით“.

აღსანიშნავია, რომ 8 მაისს ვარშავაში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს არაფორმალური სხდომაზე საქართველოს არმიწვევის მიზეზებზე საუბრისას, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე-ქვეყნის, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნა, რომ „ეს გამოწვეულია მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღებული პირადი გადაწყვეტილებით, რომელმაც გასული წლის ნოემბერში შეაჩერა ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი“.

ამ ყველაფრის ფონზე, ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების მხრიდან მაღალ დონეზე არაერთი განცხადება კეთდება იმასთან დაკავშირებით, რომ ევროკავშირის კარი ღიაა საქართველოსთვის, მაგრამ ქვეყანას დემოკრატიული განვითარების გზაზე დაბრუნება სჭირდება. 9 მაისს კი, ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ „2023 წელს, ევროკავშირმა საქართველოს ევროპული ოჯახის კარი გაუხსნა… დღეს კი, სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლების ქმედებების შედეგად, ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია. თუ ეს ვითარება არ შეიცვლება, საქართველომ, შესაძლოა, დიდი ხნით დაკარგოს ევროკავშირის წევრობის შანსი“.

გასული წლის 16 დეკემბერს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მსჯელობა დაიწყეს ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის გაუქმებაზე, 27 იანვარს კი ეს გადაწყვეტილება მიიღეს.

მიმდინარე წლის 15 ივლისს ევროკავშირმა „ქართულ ოცნებასთან“ უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხიც დააყენა. კერძოდ, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა 15 ივლისს, წევრი ქვეყნების მინისტრების შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების” მხრიდან დემოკრატიაზე თავდასხმა სულ უფრო მძიმდება“ და „დემოკრატიის უკუსვლას მაღალი ფასი ექნება“, ეს „ფასი“ კი შესაძლოა უვიზო მიმოსვლის შეჩერება აღმოჩნდეს. კაია კალასის თქმით, „ქართულ ოცნებას“  გაეგზავნება წერილი და მიეცემა ვადა, აგვისტოს ბოლომდე. ამ ვადაში მან უნდა შეასრულოს ვიზის შეჩერების მექანიზმის მე-7 ანგარიშში ასახული რეკომენდაციები – გაწერილი 8 პუნქტში. პუნქტები, მათ შორის, მოიცავს: ყველა იმ კანონმდებლობის გაუქმებას, რომლებიც ზღუდავს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს; საქართველოს სავიზო პოლიტიკის შესაბამისობაში მოყვანა ევროკავშირის ნუსხასთან; ანტიკორუფციული ბიუროს შესახებ კანონის შეცვლა და სხვ.

ამდენად, როგორც საქართველოს ევროკავშირში გაერთიანების პროცესის შეფერხება, ასევე, კონკრეტულად ვიზა-ლიბერალიზაციის შესაძლო შეჩერება დაკავშირებულია საქართველოს მიერ ევროკავშირის ნორმებისა და სტანდარტების საწინააღმდეგო კანონმდებლობების მიღებასთან და ანტიდემოკრატიული ნაბიჯების გადადგმასთან.

დამატებით, აღსანიშნავია ისიც, რომ ევროკავშირი საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში უჭერს მხარს. საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი პოზიცია მრავალჯერ დაფიქსირდა როგორც ევროკავშირის ინსტიტუტების, ასევე ცალკეული წევრი ქვეყნების მიერ. ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები მხარს უჭერენ საქართველოს „არაღიარების პოლიტიკას“ და ოკუპირებულ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას არ ცნობენ. მიმდინარე წლის 15 თებერვალს საქართველოს სეპარატისტულ აფხაზეთის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ევროკავშირმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის არ აღიარებს საკონსტიტუციო და იურიდიულ ჩარჩოს, რომელშიც ეს არჩევნები ჩატარდა. „ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, როგორც ეს საერთაშორისო სამართლით არის აღიარებული“, – აღნიშნულია ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის განცხადებაში.

ამდენად, შეცდომაში შემყვანია მტკიცება, თითქოს, ევროკავშირი საქართველოს „დამოუკიდებლობაზე“ უარის ართქმის გამო საუბრობს ვიზა-ლიბერალიზაციის შესაძლო შეჩერებაზე ან ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებაზე.

ევროკომისიის შეფასებები, ასევე ევროკავშირი საგარეო სამსახურისა თუ  წევრი სახელმწიფოების შეფასებები ადასტურებს, რომ საქართველო შეფერხებას ევროინტეგრაციის გზაზე ხელისუფლების მიერ მიღებული ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან შეუთავსებელი ნაბიჯებია.

იხილეთ ყველა სტატია

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 info@geofact.ge