Facebook-გვერდი „შიგ ევროპაში“, რომლის გავრცელებული დეზინფორმაცია „ჯეოფაქტსს“ წარსულშიც გადაუმოწმებია (1, 2, 3), „ტვ პირველის“ ეთერში გასული ლევან ხაბეიშვილის ინტერვიუდან ვიდეოს ავრცელებს (დაარქივებული ბმული). ვიდეოში ხაბეიშვილი ამბობს: „ჩვენ ვართ ჩმორები“, პოსტს კი თან ახლავს აღწერა „რაც ხართ, იმას ვერავინ წაგართმევთ“. სინამდვილეში, ვიდეო მანიპულირებულად ვრცელდება.
2025 წლის 24 ივლისს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ხაბეიშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში გადაცემა „რეაქციაში“ მისცა ინტერვიუ, რომელშიც იგი „ქართული ოცნების“ პარტიაში არსებულ სავარაუდო შიდა დაპირისპირებაზე, თორნიკე რიჟვაძის საქმესთან დაკავშირებულ შესაძლო გარემოებებსა და 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნების საკითხებზე საუბრობს. სწორედ აღნიშნულ ინტერვიუში ლევან ხაბეიშვილი აკრიტიკებს ირაკლი კობახიძესაც:
„კობახიძე ხომ გინახავთ ნიკა მელიასთან მინიმალურ დაპირისპირებაში, აი, ეს მართლა ჩმორი. აჩვენეთ საზოგადოებას, ბევრჯერ აჩვენეთ, ყოველდღე აჩვენეთ, როგორი ჩმორია ერთი ერთზე ეს კაცი. იცი, როდის არის მაგარი? აი, როცა 2000 სპეცრაზმელი შეიარაღებული დგას, მაშინ მაგარი ბიჭია; როცა მარტო თავის პროპაგანდისტებთან ერთადაა, მაშინ მაგარი ყოჩაღია. ძალიან ჩმორია, ძალიან მხდალია. ზოგადად, ქოცის პროტოტიპი ეგეთია – ჩმორები. ყველაფერს აკეთებენ, რომ ჩვენ ვართ ჩმორები, მხდალები. აჩვენებენ, რომ ჩვენ არ შეგვიძლია ერთიანობა. შეგვიძლია ერთიანობა, შეგვიძლია და გაგვიკეთებია. მიხეილ სააკაშვილს 2003 წელს ეს გაუკეთებია ქართველ ხალხთან ერთად. შეგვიძლია, რომ გავაკეთოთ. ოღონდ, ერთადერთი დამაბრკოლებელია აქ, ნიჰილიზმი და უიმედობა, რომელიც არის ბიძინა ივანიშვილის მოკავშირე“.
აღსანიშნავია, რომ ინტერვიუში რამდენიმე წუთით ადრე ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციური სპექტრის ერთიანობაზე ამახვილებს ყურადღებას: „ყველას სოლიდარობა, მაგრამ დაგვიჭერენ, გვდევნიან, გაგვლახავენ, კვერცხს გვესვრიან, ქვას, ჰაიმარს გვესვრიან, სანამ ცალ-ცალკე ვიქნებით. ბუნებრივი დედლაინია 4 [ოქტომბერი], 4-მდეც შეიძლება მოხდეს, მაგრამ ჩვენ უნდა ვიყოთ მობილიზებულები, არავითარ შემთხვევაში არ უნდა ვიყოთ ასე ცალ-ცალკე, გათითოკაცებული. ის იმას არ დაელაპარაკოს, ეს ამას არ დაელაპარაკოს. უნდა გავწიოთ წინააღმდეგობა. მე პირობას გაძლევთ, მამუკა მდინარაძე და კობახიძე შეიხვეწება აეროპორტში გზის გახსნას, რომ გაიქცნენ ამ ქვეყნიდან. ნურავის ნუ ჰგონია, რომ ჯეკა, თუ გეკა თუ ფოხანაშვილი თუ ეს პროკურორი ან ვინმე არის ამათი დამცველი. შეუძლებელია, 200,000 ქართველის წინ დადგეს 2000-2500 [სპეცრაზმელი], მათ შორის, არ დაგვავიწყდეს ეს დაღესტნელები და კადიროვშიკები რომ ჩამოჰყავთ ქართველების საცემად, ჩამოჰყავთ ჩეჩნები, ჩამოჰყავთ დაღესტნელები და დაბერეს ნახევარი საქართველო ცემით რუსთაველზე“.
ამდენად, სრული გადაცემის კონტექსტის გათვალისწინებით, ცხადი ხდება, რომ ლევან ხაბეიშვილი სიტყვით „ჩმორი“ „ქართული ოცნების“ წევრებს მოიხსენიებს, რომლებიც, მისი თქმით, ძალაუფლების დაკარგვის შემთხვევაში, გაიქცევიან და ქართველი ხალხის წინაშე სპეცრაზმის გარეშე ვერ წარდგებიან. ამასთანავე, ხაბეიშვილი ამბობს, რომ „ქართული ოცნება“ ცდილობს, წარმოაჩინოს, თითქოს ოპოზიციური სპექტრია მხდალი, რომელიც გაერთიანებას, საჭიროების მიუხედავად, ვერ ახერხებს.
ამრიგად, მანიპულირებულად გავრცელებულ ვიდეოში, სინამდვილეში, ლევან ხაბეიშვილი არა საკუთარ თავსა და ოპოზიციურ სპექტრზე, არამედ „ქართული ოცნების“ წევრებზე საუბრობს.