სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი „ირაკლი ჯანყარაშვილი“ ვიდეოს აქვეყნებს (დაარქივებული ბმული) და წერს, რომ საბერძნეთში პოლიციამ ისრაელ ტურისტებს ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლის უფლება არ მისცა: „ტურისტები გემით მგზავრობდნენ, როცა სამართალდამცველებმა მათი შესვლა აღკვეთეს. შემთხვევის ადგილას შეტაკება მოხდა“. რეალურად, კადრებში პროპალესტინელ დემონსტრანტებს და ბერძენ პოლიციელებს შორის შეტაკება ჩანს. დემონსტრანტები ისრაელ ტურისტებს კუნძულ როდოსზე გადასვლის საშუალებას არ აძლევდნენ.
კადრები საბერძნეთის კუნძულ როდოსზე 28 ივლისს არის გადაღებული, როცა პროპალესტინელი დემონსტრანტებსა და საბერძნეთის სპეცრაზმს შორის შეტაკება მოხდა. დემონსტრანტები ღაზაში ომს აპროტესტებდნენ და კუნძულზე ისრაელის გემის შესვლას ეწინააღმდეგებოდნენ. როდესაც გემი პორტში შევიდა, პოლიციამ დაპირისპირების აღსაკვეთად მომიტინგეები გემის გაჩერების ადგილიდან მოშორებით გადაიყვანა. ისრაელის საკრუიზო გემს „Crown Iris“, სავარაუდოდ, 600-ზე მეტი ტურისტი გადაჰყავდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დემონსტრაციის დროს 14 ადამიანი დააკავეს, მათ შორის ადგილობრივი პოლიტიკოსი ულტრამემარცხენე პარტიიდან „თავისუფლების კურსი“. საბერძნეთის პოლიციის განცხადების თანახმად, ადგილზე განლაგებულმა პოლიციის ძალებმა არაერთხელ მოუწოდეს შეკრებილ პირებს, დაეტოვებინათ ტერიტორია, რასაც დემონსტრანტები უგულებელყოფდნენ. პოლიციის თანახმად, შეკრებილი ხალხის ნაწილმა „სცადა პოლიციის ბარიერის გარღვევა, ძლიერი წინააღმდეგობის გაწევით და პოლიციელების მიმართ ძალადობით. ამავდროულად, ზოგიერთმა პირმა უარი თქვა პირადობის მოწმობის წარდგენაზე და პოლიციის შემდგომი მითითებებს ტერიტორიის დატოვების შესახებ არ დაემორჩილა“. განცხადებაში მითითებულია, რომ დაკავებული პირების ნაწილს ბრალი თანამდებობის პირებისა და სამართალდამცავების მიმართ ძალადობაში, ასევე რასიზმის საწინააღმდეგო კანონის დარღვევისთვის ედება. ბერძნული მედიის ცნობით, საკრუიზო გემის მგზავრებმა როდოსზე ინციდენტების გარეშე გადასვლა შეძლეს.
საგულისხმოა, რომ გასულ კვირას Crown Iris-მა კიდევ ერთი ბერძნული კუნძული სიროსი, ნაადრევად დატოვა. მგზავრებმა კუნძულზე გადასვლა 150-ზე მეტი პროპალენსტინელის აქციის გამო ვერ შეძლეს. გემის გაჩერების ადგილას მათ პალესტინის დროშები გაშალეს. აქციის დროს პოლიციასთან შეტაკების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. მოგვიანებით, საბერძნეთის ჯანდაცვის მინისტრმა ადონის გეორგიადისმა პლატფორმა X-ზე ბოდიში მოუხადა იმ ადამიანებს, რომლებიც იძულებულნი გახდნენ, კუნძული დაეტოვებინათ: „ჩვენი ქვეყანა ყველას მიმართ სტუმართმოყვარე რჩება და ანტისემიტიზმის ადგილი აქ არ არის“, – ვკითხულობთ პოსტში.
ამდენად, Facebook-ანგარიშის მიერ გავრცელებულ ვიდეოში პროპალესტინელ დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება ჩანს. მტკიცება, რომ საბერძნეთის პოლიციამ ისრაელელი ტურისტები კუნძულზე არ შეუშვა, სიმართლეს არ შეესაბამება.