გადამოწმებული ფაქტები კონტექსტის გარეშე

სოციალურ ქსელში მწერალ ლაშა ბუღაძეზე ვიდეო კონტექსტის გარეშე ვრცელდება

სოციალურ ქსელში ვრცელდება ერთ-ერთი გადაცემის ნაწყვეტი, რომლის დასაწყისში წამყვანი ამბობს: „სამი ქართველი დრამატურგი, ლაშა ბუღაძე, მანანა დოიაშვილი და ბასა ჯანიკაშვილი მოსკოვში გაემგზავრნენ ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად. ფესტივალს „ნოვაია დრამა“ ეწოდება…“. ვიდეოს მეორე ნაწილში კი ლაშა ბუღაძე ფესტივალში მონაწილეობის შესახებ კომენტარს აკეთებს.

ვიდეოს თან არ ახლავს ინტერვიუს ჩაწერის თარიღი, რაც ქმნის მცდარ შთაბეჭდილებას, რომ ლაშა ბუღაძე რუსეთისადმი ამჟამინდელი კრიტიკული დამოკიდებულების პარალელურად რუსულ ფესტივალში მონაწილეობდა.

იმას, რომ ვიდეო მომხმარებლებისთვის შეცდომაში შემყვანია, პოსტის ქვეშ კომენტარებში  არსებული გამოხმაურებაც ადასტურებს.

სინამდვილეში, გავრცელებული ვიდეო გადაცემიდან „ინფორმატორი“ მოჭრილი ნაწყვეტია, რომელიც ეთერში 2003 წლის 23 სექტემბერს გავიდა. შესაბამისად, ბუღაძე მოსკოვში „ნოვაია დრამას“ („ახალი დრამა“) ფესტივალს 2003 წელს დაესწრო, გაცილებით ადრე, ვიდრე საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობები დაიძაბებოდა და საბოლოოდ, 2008 წლის ომის შემდეგ დიპლომატიური ურთიერთობები გაწყდებოდა.

ცნობისთვის, საქართველოში 2008 წელს რუსეთის სრულმასშტაბიან შემოჭრამდე,  საქართველოსა და რუსეთს შორის როგორც დიპლომატიური, ასევე კულტურული ურთიერთობებიც არსებობდა. ქართველ ხელოვანთა ნაწილი 2008 წლის ომამდე ხშირად მართავდნენ კონცერტებსა თუ გასტროლებს რუსეთში. მაგალითად, ანსამბლი „ერისიონი“, ვახტანგ კიკაბიძე, ნინო ქათამაძე და სხვები.

იხილეთ ყველა სტატია

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 info@geofact.ge