სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში „მაია თვალთვაძე“, რომლის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია „ჯეოფაქტსს“ წარსულშიც გადაუმოწმებია (1, 2, 3, 4, 5), ვიდეოს ავრცელებს (დაარქივებული ბმული). ვიდეოს აღწერის მიხედვით, ლათინურად AstraZeneca (ბრიტანულ-შვედური ფარმაცევტული და ბიოტექნოლოგიური კომპანია, აწარმოებდა იმავე სახელწოდების კოვიდ ვაქცინებს) „სიკვდილისკენ მიმავალ გზას“ ნიშნავს: „ისე კარგად თუ გაარკვევთ , ლათინურად თარგმნილში „astra ze neka“ -ს ნათლად აჩვენებს, რა სურთ მათ. A STRA ZE NEKA, თარგმანი, გზა- სიკვდილისკენ“-წერს Facebook-ანგარიში.
რეალურად, ზემოთ მოცემული თარგმანი არასწორია, „a stra ze neca“ ლათინური ფრაზა არ არის. AstraZeneca-მ ასევე აღნიშნა, რომ კომპანიის სახელწოდებას არაფერი აქვს აქვს საერთო ზემოთ მოცემულ თარგმანთან.
აღნიშნული მტკიცება ფართოდ გავრცელდა, რასაც ფაქტების გადამოწმებელი ამერიკული ორგანიზაცია Snopes-ი გამოეხმაურა.
საგულისხმოა, რომ Google Translate-ში „A stra ze neca“-ს თარგმნისას მართლაც აჩვენებს ფრაზას „სიკვდილის გზა“ (ინგლისურად (“A road to death”) (იხილეთ ფოტო), თუმცა, „A stra ze neca“ არ არის ნამდვილი ლათინური ფრაზა. თანაც, ასოებს შორის სივრცის ცვლილება ასევე ცვლის Google Translate-ის თარგმანის შედეგებსაც.
Google Translate-ს შეუძლია შეცდომების დაშვება. თავად Google მომხმარებლებს ურჩევს, რომ აპლიკაცია ადამიანური რესურსის შემცვლელად არ ჩათვალონ, რადგან თარგმანი ყოველთვის სრულყოფილი არ არის.
Snopes აღნიშნულ თემაზე ლათინური ენის სპეციალისტებს დაუკავშირდა. ყველა მათგანმა აღნიშნა, რომ ზემოთ მოცემული თარგმანი არასწორია და „a stra ze neca“ ნამდვილი ლათინური ფრაზა არ არის. ბარნარდის კოლეჯის კლასიკური ლიტერატურის პროფესორმა, კრისტინა მილნორმა, Snopes დაუდასტურა, რომ „Astra” მართლაც ლათინური სიტყვაა, მაგალითად, ფრაზაში „ad astra“, ნიშნავს „ვარსკვლავებისკენ“. ხოლო “Ze” და “Neca” პროფესორის თქმით, ლათინური სიტყვები არ არის. ნიუ-იორკის უნივერსიტეტის ლათინური ენის სპეციალისტმა მიკაელ პაპადიმიტრიუმის თქმით, „astra“ ლათინური არსებითი სახელის „astrum“-ის მრავლობითი რიცხვია, რაც „ვარსკვლავს“ ნიშნავს.
რაც შეეხება კომპანიის სახელწოდებას და მის წარმომავლობას. AstraZeneca-ს სახელი 1999 წელს ორი კომპანიის, Astra AB-სა და Zeneca Group-ის შერწყმის შედეგად წარმოიშვა. 2019 წლის ოქტომბერში, კომპანია AstraZeneca-მ X-ზე გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც კომპანიის სახელწოდების წარმოშობის ისტორიაა წარმოდგენილი. პოსტში აღნიშნულია, რომ „Astra“ „ვარსკვლავს“ ნიშნავდა, „Zeneca“ კი გამოგონილი სახელწოდება იყო.
ამდენად, გავრცელებული მტკიცება, რომ ლათინური ფრაზა „A STRA ZE NEKA“ ნიშნავს „ გზა სიკვდილისკენ“, სიმართლეს არ შეესაბამება.
ცნობისთვის, გასულ წელს AstraZeneca-მ Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების მსოფლიო მასშტაბით გაყიდვის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო და ევროპის მედიკამენტების სააგენტოს ავტორიზაციის გაუქმების მოთხოვნით მიმართა. 7 მაისიდან ვაქცინა აღარ არის ნებადართული გამოსაყენებლად. კომპანიის მიხედვით, აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ბაზარზე ახალი კოვიდ ვაქცინები გაჩნდა და „ასტრაზენეკას“ ვაქცინაზე მოთხოვნა შემცირდა.