გადამოწმებული ფაქტები ტყუილი

დეზინფორმაცია: ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 51 დეპუტატის წერილობითი განცხადება არ არსებობს და „ოპოზიციურმა მედიებმა“ გამოიგონეს

სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 51 დეპუტატის განცხადების შესახებ პოსტს აქვეყნებს (დაარქივებული ბმული). პოსტის მიხედვით,  განცხადების შესახებ ინფორმაცია ყალბია და ის ოპოზიციურმა მედიებმა „შიდა პოლიტიკურ თემაზე ზეწოლის ან პროპაგანდის“ მიზნით გამოიყენეს: „ოფიციალურ დოკუმენტებსა და სანდო საერთაშორისო წყაროებში არ არსებობს დადასტურებული ფაქტი, რომ თითქოს „51 დეპუტატი ითხოვს, თუ საქართველო კურსს არ შეცვლის, ევროსაბჭოდან მის გამოგდებას განიხილავს“. ეს უფრო მოგონილი ან გაბუქებული პოლიტიკური მესიჯია, რომელიც მედიასაშუალებამ — განსაკუთრებით ოპოზიციურმა — გამოიყენა შიდა პოლიტიკურ თემაზე ზეწოლის ან პროპაგანდის სახით“, – წერს ანგარიში.

სინამდვილეში, ევროსაბჭოს დეპუტატების განცხადება სახელწოდებით „ავტორიტარული უკუსვლა საქართველოში“ საპარლამენტო ასამბლეის ვებგვერდზე გამოქვეყნდა და საჯაროდ ხელმისაწვდომია.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 51 დეპუტატის განცხადება მიმდინარე წლის 19 აგვისტოს, ასამბლეის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

მასში ხაზგასმულია, რომ იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანა არ შეიცვლის კურსს,  საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილებებს გაასაჩივრებენ და ამის შემდეგ, მოუწოდებენ ასამბლეასა და მინისტრთა კომიტეტს, საქართველოს ევროსაბჭოდან გაძევების პროცესი დაიწყოს.  განცხადებაში ვკითხულობთ: „სიტუაცია მკვეთრად გაუარესებულია, ოპოზიციის ლიდერები დააპატიმრეს. სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტები და ჟურნალისტები პოლიტიკურად მოტივირებულ სისხლისსამართლებრივ დევნას განიცდიან. ეს აღარ არის ცალკეული ინციდენტები, ეს არის დემოკრატიული ოპოზიციის გაძევების, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისა და სამოქალაქო საზოგადოების გაჩუმებისკენ მიმართული უწყვეტი კამპანია (…) თუ საქართველო არ მიაღწევს პროგრესს თავისი ავტორიტარული კურსის შეცვლის მხრივ, ჩვენ გავასაჩივრებთ საქართველოს დელეგაციის რწმუნებათა სიგელებს და მოვიწოდებთ საპარლამენტო ასამბლეას და მინისტრთა კომიტეტს, დაიწყონ საქართველოს გაძევების პროცესი ევროსაბჭოს წესდების მე-3 მუხლში მითითებული ძირითადი პრინციპების სერიოზული დარღვევების გამო“.

Facebook-ანგარიშის მტკიცებით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დეპუტატების განცხადებაზე ინფორმაცია მხოლოდ „ნაცების ტელევიზიებმა“ [სავარაუდოდ, ანგარიში ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილ მედიასაშუალებებს გულისხმობს] გაავრცელეს. თუმცა, ამ თემაზე სტატია „საზოგადოებრივმა მაუწყებელმაც“ გამოაქვეყნა. მედიების (1, 2, 3, 4) მიერ გამოქვეყნებულ მასალებში განცხადების წყაროს ბმულიც არის მითითებული.

ამდენად, Facebook-ანგარიშის მტკიცება, რომ საქართველოსთან დაკავშირებით ევროსაბჭოს დეპუტატების განცხადება ოფიციალურ წყაროებში არ იძებნება და „ოპოზიციური მედიების“ მიერ არის გამოგონილი, სიმართლეს არ შეესაბამება.

 

 

იხილეთ ყველა სტატია

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 info@geofact.ge