Facebook-გვერდი „შიგ ევროპაში“, რომლის გავრცელებული დეზინფორმაცია „ჯეოფაქტსს“ წარსულშიც გადაუმოწმებია (1, 2, 3, 4), „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილისა და მხატვარ გია ბუღაძის ფოტოს ავრცელებს. ხაბეიშვილისა და ბუღაძის ფონზე კი ჩანს ნახატი, რომელზეც ლევან ხაბეიშვილია გამოსახული თითქმის სრულად შიშველი; Facebook-გვერდის მიხედვით, ნახატს „შიშველი ანიტა“ ჰქვია. სინამდვილეში, ფოტო ყალბია და რეალურ ნახატზე ლევან ხაბეიშვილის პორტრეტია ასახული.
2025 წლის 20 აგვისტოს „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა საკუთარ ოფიციალურ Facebook-გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი (დაარქივებული ბმული): „დიდი მადლობა, ბატონ გია ბუღაძეს მისი ნაშრომისთვის. უდიდესი პატივია ჩემთვის მისი ძვირფასი, დრო, ენერგია და შემოქმედება. მასთან სტუმრობის დროს გამიზიარა ნახატი, რომელზეც მე ვარ წარმოდგენილი რუსული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში“.
პოსტს თან ახლავს ფოტო, რომელზეც ლევან ხაბეიშვილი და გია ბუღაძე მხატვრის მიერ შექმნილი ნახატის ფონზე არიან გამოსახულნი. ნახატზე კი ხაბეიშვილის პორტრეტია ასახული, და არა – შიშველი პოლიტიკოსი. კერძოდ, ლევან ხაბეიშვილის პორტრეტს სისხლნაჟღენთები და დაზიანებები აქვს მკვეთრად გამოსახული. ის 2024 წლის 1-ელი მაისის შემთხვევას ეძღვნება, როდესაც ე.წ. აგენტების შესახებ კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციაზე ხაბეიშვილს სცემეს.
ამრიგად, სოციალურ ქსელში ნახატის ყალბი ვერსია ვრცელდება და რეალურ პორტრეტზე არა შიშველი ლევან ხაბეიშვილი, არამედ მისი პორტრეტია ასახული.