სოციალურ ქსელში ანტიოპოზიციური Facebook-გვერდები „შიგ ევროპაში“ და „ბრძენი კრიტიკოსი“, რომელთა გავრცელებულ დეზინფორმაციაზე „ჯეოფაქტს“ აქამდეც დაუწერია (1, 2, 3, 4, 5), ვიდეოს აქვეყნებენ (დაარქივებული ბმული). ვიდეოში „ტვ პირველის“ ჟურნალისტი ამბობს: „ქართველი მაშასადამე ევროპელი“, სწორედ ეს აქცია-მარში მიემართება ევროკავშირის წარმომადგენლობისაკენ. ეს არის მართალია სტუდენტების მიერ დაორგანიზებული აქცია“. ამის შემდეგ, კადრში აქციის ზრდასრული ან ასაკოვანი მონაწილეები, მათ შორის, პროევროპულ აქციაზე დაკავებულების ოჯახის წევრები ჩანან.
რეალურად, ვიდეო იმ მონაკვეთში წყდება, როდესაც ჟურნალისტი ხატია სამხარაძე თავადვე ამბობს, რომ სტუდენტების გარდა აქციას სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები და აგრეთვე სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები უერთდებიან. ვიდეოს ამგვარი სახით გავრცელება მაყურებელს უჩენს შთაბეჭდილებას, რომ ჟურნალისტი თითქოს ცრუობს და აქციის მონაწილეებს სტუდენტებად წარმოაჩენს.
თბილისში 30 აგვისტოს მორიგი აქცია, სახელწოდებით „ქართველი მაშასადამე ევროპელი“, გაიმართა. აქციის მონაწილეებმა დაახლოებით 17:00 საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან დაიწყეს შეკრება და მსვლელობით ევროკავშირის ოფისისკენ გადაინაცვლეს. აქციის ორგანიზატორი იყო სტუდენტური მოძრაობა „დაფიონი“, ინფორმაცია Facebook-ის ღონისძიებების სექციაშია ხელმისაწვდომი.
სწორედ აღნიშნული აქციიდან ჩაერთო ჟურნალისტი ხატია სამხარაძე გადაცემას „დღის ამბები“. ჟურნალისტი დასაწყისშივე ამბობს: „ქართველი მაშასადამე ევროპელი“, სწორედ ეს აქცია-მარში მიემართება ევროკავშირის წარმომადგენლობისაკენ. ეს არის, მართალია სტუდენტების მიერ დაორგანიზებული აქცია-მსვლელობა, თუმცა მას უერთდებიან ყველა, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, აგრეთვე სინდისის პატიმრების მშობლები, ადამიანები, რომლებმაც ყველაზე უკეთ და ყველაზე მეტად გამოცადეს საკუთარ თავზე, თუ რას ნიშნავს „ქართული ოცნების“ სისასტიკე“.
ამგვარად, ვიდეო ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს ჟურნალისტი აქციის მონაწილეებთან დაკავშირებით ცრუ ინფორმაციას ავრცელებს. სინამდვილეში კი, მისი სრული განცხადება აქციაში სტუდენტებთან ერთად სხვადასხვა ჯგუფების მონაწილეობას უსვამს ხაზს.