არაავთენტურმა Facebook-გვერდმა „არ აგარევინებთ“, რომლის მიერ გავრცელებული რედაქტირებული ვიდეოები „ჯეოფაქტსს“ წარსულშიც გადაუმოწმებია (1, 2), ისტორიკოსის, გუბაზ სანიკიძის და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან სანიკიძის ვიდეო (დაარქივებული ბმული) გაავრცელა, რომელიც, სავარაუდოდ, ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული აუდიოთი არის რედაქტირებული.
რედაქტირებული ვიდეოს ნაწყვეტები YouTube-ის არხის, „მისმინეს“ გადაცემა „აპოლიტიკური კოდიდან“ არის მოჭრილი. რედაქტირებული ვიდეო ოთხი მოჭრილი კადრისგან შედგება, აქედან სამზე, სავარაუდოდ, ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული აუდიო არის გადადებული, რაც მომხმარებელს უჩენს წარმოდგენას, რომ გუბაზ სანიკიძე ბილწსიტყვაობს. რეალურად, სიტყვები, რომელიც არაავთენტური Facebook-გვერდის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში ისმის, გუბაზ სანიკიძეს არ უთქვამს.
რედაქტირებული ვიდეოს პირველი კადრი „მისმინეს“ გადაცემის 1:40:54 წუთიდან არის აღებული, რა დროსაც გუბაზ სანიკიძე ამბობს: „გავრილოვი რომ ჩასვეს, მე ვთქვი, რომ ზვიადის სავარძელში ჩასვეს-თქო და, მდინარაძე გამოვიდა ტელევიზორში და თქვა ესო ზვიადის სავარძელი კი არ იყო, ესო სავარძელიაო“.
მეორე კადრში, სადაც პოლიტიკოსი ლევან სანიკიძე ჩანს, 1:42:30 წუთიდან არის მოჭრილი. ამ დროს პოლიტიკოსი ლევან სანიკიძე ამბობს: „უწიგნური უარესია. უწიგნური, რომელსაც ჰგონია, რომ რაღაც იცის“. იგივე მონაკვეთიდან არის აღებული რედაქტირებული ვიდეოს მესამე კადრიც, რა დროსაც გუბაზ სანიკიძე ვიდეოს ორიგინალ ვერსიაში ლევან სანიკიძის პარალელურად ამბობს: „განათლებული კიდევ არა უშავს“.
რედაქტირებული ვიდეოს მეოთხე კადრი, რომელშიც ჩანს ლევან სანიკიძის სიცილი, გადაცემის 1:42:01 წუთიდან არის მოჭრილი. მოცემულ მომენტში ლევან სანიკიძე გუბაზ სანიკიძის აღნიშნულ კომენტარზე იცინის – „დავით აღმაშენებელი იყო მესიის მახვილი და მართლა იყო. ესენი [ქართული ოცნება] არიან მესიის აგურები“.
არაავთენტური Facebook-გვერდი „არ აგარევინებთ“, ხშირად აქვეყნებს პოლიტიკური შინაარსის მქონე სატირულ ვიდეოებს, თუმცა, აღნიშნულ შემთხვევაში, ვიდეოს ქვეშ არსებული კომენტარები ცხადყოფს, რომ მომხმარებლების უმრავლესობამ ყალბი ვიდეო ავთენტურად მიიჩნია.
ამდენად, Facebook-გვერდ „არ აგარევინებთ“ მიერ გამოქვეყნებული გუბაზ და ლევან სანიკიძეების ვიდეო რედაქტირებულია და მომხმარებელი შეცდომაში შეჰყავს.