გადამოწმებული ფაქტები კონტექსტის გარეშე

სოციალურ ქსელში გიორგი მუმლაძის ციტატა მანიპულირებულად ვრცელდება

Facebook-გვერდი „შიგ ევროპაში“,  რომლის გავრცელებული დეზინფორმაცია „ჯეოფაქტსს“ წარსულშიც გადაუმოწმებია (1, 2, 3, 4), ოპოზიციონერი აქტივისტის გიორგი მუმლაძის ციტატას ავრცელებს: „რეჟიმის მხრიდან მოკლული ადამიანის ოჯახი მიიღებს 1000000 ლარს!“. პოსტი  აღწერასთან ერთად, „უკვე აღარც მალავენ, საოცნებო სცენარს!“, ქმნის წარმოდგენას, რომ აქტივისტი სამომავლო მკვლელობაზე საუბრობს. სინამდვილეში, მუმლაძის სრულ ციტატაში გაცხადებულია, რომ იგი არა მომავალ, არამედ წარსულში მომხდარი რეპრესიების შესახებ საუბრობს.

2025 წლის 27 აგვისტოს „ხაბეს პოდკასტში“ „მოძრაობა რუსთაველის გამზირის“ წევრმა გიორგი მუმლაძემ გააჟღერა ინიციატივა, რომელიც, მისი თქმით, რეჟიმის მხრიდან რეპრესირებულთა კომპენსაციას ითვალისწინებს: „ქართველი პატრიოტები, რომლებმაც თავი არ დაუხარეს რუსულ რეჟიმს და საქართველოს რუსეთიზაციას შეეწინააღმდეგნენ, ეს ხალხი თავიდან ბოლომდე მოხვდა რეპრესიების ქვეშ, რაც გამოიხატა – კონკრეტული ადამიანების რუსული რეჟიმის ზემოქმედების შედეგად, ბიძინა ივანიშვილის „ქართულმა ოცნებამ“ რა რეჟიმიც შექმნა, აი, ამის ზემოქმედების შედეგად – ადამიანები გარდაიცვალნენ, ადამიანები დაპატიმრებულნი არიან, ადამიანები სამსახურებიდან გააგდეს, ადამიანები ემიგრაციაში გააქციეს… ამიტომ, ჩვენ, „მოძრაობა რუსთაველის გამზირს“ გვაქვს ასეთი ინიციატივა, რომ მოდი შევქმნათ სამართლებრივი და პოლიტიკური აქტი. ამ შემთხვევაში დავარქვათ ამ სამართლებრივ-პოლიტიკურ აქტს პირობითად „ქართული ოცნების“ რუსული რეჟიმის მხრიდან რეპრესირებულთა კომპენსაციის აქტი“.

მოძრაობის ინიციატივით, „ყველა ის ადამიანი, ვინც რეპრესირებულია რუსული რეჟიმის მხრიდან, უფლებამოსილია, მიიღოს სათანადო კომპენსაცია სახელმწიფოსგან, რეჟიმის ცვლილების შემდეგ! ამისთვის ჩვენ ვქმნით რეპრესირებულთა რეესტრს, სადაც ყველა საქართველოს მოქალაქეს, როგორც კერძო, ისე იურიდიულ პირს შეეძლება დარეგისტრირება, ვინც თვლის რომ ქართული ოცნების მხრიდან რეპრესირებულია! ჩვენი მიზანია, საქართველოს მომავლის მცველ პატრიოტებს, შეძლებისდაგვარად ავუნაზღაუროთ ის მატერიალური და მორალური ზიანი, რომელიც წლების განმავლობაში მიადგათ ქართული ოცნების ხელისუფლების მხრიდან!“. ინიციატივის მიხედვით, რეჟიმის მხრიდან მოკლული ადამიანის ოჯახი 1 000 000 ლარის ოდენობის კომპენსაციას მიიღებს, რეჟიმის მხრიდან მიყენებული ჯანმრთელობის გამოუსწორებელი ზიანის მქონე პირი – 300 000 ლარს, სისხლის სამართლის წესით დაკავებული პოლიტპატიმარი – 1000 ლარს და ა.შ.

30 აგვისტოს გიორგი მუმლაძემ დამაზუსტებელი პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც წერს: „ცნობისთვის რეჟიმმა უკვე მოკლა: თემირლან მაჩალიკაშვილი, ია კერზაია, ლუკა სირაძე, თამარ ბაჩალეიშვილი, მარიტა მეფარიშვილი, ალან ყაყიტაშვილი, დემურ სტურუა და ბევრი კიდევ! ამიტომაც ვემზადებით 4 ოქტომბრისთვის, რომ დავასრულოთ რუსული მკვლელი რეჟიმი და დაცული იყოს თითოეული მოქალაქე ქვეყანაში!“

ამრიგად, გიორგი მუმლაძე, პირველ რიგში, წარსულში „ქართული ოცნების“ მიერ რეპრესირებულთა კომპენსაციაზე საუბრობს. პოსტში გამოთქმული მტკიცება კი იმის შესახებ, რომ „საოცნებო სცენარს“ გეგმავს, შეცდომაში შემყვანია.

იხილეთ ყველა სტატია

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 info@geofact.ge