სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი Shalva Qavtaradze, რომლის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია „ჯეოფაქტსს“ წარსულშიც გადაუმოწმებია (1, 2, 3, 4), წერს (დაარქივებული ბმული): „მეგობრებო; კიევი ჩაბარდა , როგორც წმინდა მამების წინასწარმეტყველება, დიდ რუსეთს ასეთი გადაწყვეტილება მიიღო ტრამპმა“. სინამდვილეში, მსგავსი ინფორმაცია სანდო წყაროებში არ დასტურდება.
პირველ რიგში, კიევის ჩაბარების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა არც ერთ სანდო მედიასა თუ ღია წყაროში, არც ერთი ქვეყნის წარმომადგენლების ოფიციალურ განცხადებებში.
კიევი უკრაინის დედაქალაქია, შესაბამისად, მისი ჩაბარება უკრაინის სახელმწიფოს კაპიტულაციას ნიშნავს ომში, რომელიც რუსეთმა 2022 წლის 24 თებერვალს წამოიწყო. ომი დღემდე მიმდინარეობს და, მიუხედავად დასრულებისკენ მიმართული პოლიტიკური ძალისხმევებისა, იგი 5 სექტემბრის მონაცემებით 1289-ე დღეს ითვლის. სამხედრო თვალსაზრისით აღსანიშნავია, რომ რუსი ჯარისკაცების კიევის აღების მცდელობა ომის დასაწყისში მარცხით დასრულდა, 2022 წლის ოქტომბრისთვის კი მათ სრულად დატოვეს უკრაინის ჩრდილოეთ ნაწილი და მას შემდეგ, ომი ძირითადად უკრაინის აღმოსავლეთ ტერიტორიებზე მიმდინარეობს. ამრიგად, კიევში რუსული ჯარი არ შესულა და ის დღემდე უკრაინული მთავრობის კონტროლქვეშაა. უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე მითითებულ მისამართში სწორედ კიევი, ბანკოვას ქუჩა 11 ნომერია მითითებული.
წყარო: liveuamap.com
ამასთანავე, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მკაცრად აქვს გაცხადებული, რომ უკრაინელები საკუთარ მიწას ოკუპანტს არ გადასცემენ: „[უკრაინა] რუსეთს არანაირ ჯილდოს არ მისცემს მის მიერ ჩადენილი ქმედებებისთვის“. აღნიშნული განცხადება უკრაინის პრეზიდენტის მხრიდან პასუხად მოჰყვა რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო პროცესების ფარგლებში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ტერიტორიები გაიცვლება ორივე მხარის საკეთილდღეოდ. მიუხედავად იმისა, რომ სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად დონალდ ტრამპი ტერიტორიულ დათმობებს განიხილავს, კიევის რუსეთისთვის ჩაბარება დღის წესრიგში არ დგას.
ამდენად, პოსტში გამოტანილი მტკიცება კიევის ჩაბარების შესახებ ტყუილია.