სოციალურ ქსელში Facebook-ის მომხმარებელმა Giga Patatishvili-მა, რომლის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია „ჯეოფაქტსს“ აქამდეც გადაუმოწმებია, ონლაინ მედია News.on.ge-ს სტატიის ფოტოანაბეჭდს ავრცელებს (დაარქივებული ბმული). ფოტოანაბეჭდზე ვკითხულობთ: „თვითმკვლელობის მცდელობის გამო, პროკურატურამ თორნიკე რიჟვაძე 15 000 ლარით დააჯარიმა“. სინამდვილეში, On.ge-ს ვებგვერდზე მსგავსი შინაარსის სტატია არ იძებნება. ამავდროულად, თორნიკე რიჟვაძის დაჯარიმების შესახებ ინფორმაცია არ დასტურდება.
პირველ რიგში, არც ონლაინ მედიის ვებგვერდზე და არც Facebook და Instagram გვერდებზე მსგავსი შინაარსის სტატია არ იძებნება. სავარაუდოდ, გაყალბებული ფოტოანაბეჭდის შესაქმნელად გამოყენებულია გამოცემის 9 ივლისის სტატია, რომელშიც თორნიკე რიჟვაძის თურქეთში გადაყვანის შესახებ ინფორმაციაა მოცემული.
საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ გაყალბებული ფოტოანაბეჭდის შრიფტიც და ტექსტის ფერიც განსხვავდება გამოცემის რეალური დიზაინისგან.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ რიჟვაძის დაჯარიმების შესახებ ღია წყაროებში ინფორმაცია არ იძებნება. ინფორმაცია ხელმისაწვდომი არაა არც პროკურატურის ვებგვერდზე.
ცნობისთვის, აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე 2025 წლის 7 ივლისს, საგარეჯოში, „ჯეოჰოსპიტალსში“ გულმკერდის არეში ჭრილობით მიიყვანეს, მოგვიანებით კი სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს. იარაღის დაუდევრად შენახვისთვის დააკავეს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს უფროსი ალექსი ახვლედიანი, რომლის სახლშიც რიჟვაძე 7 ივლისის ღამით იმყოფებოდა. მალევე, ალექსი ახვლედიანს 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდეს. პროკურორი თქმით, რიჟვაძის თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს.
საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ საქართველოს კანონმდებლობით, თვითმკვლელობის მცდელობისთვის პირის დაჯარიმება არ ხდება. ქართულ კანონში ამის შესახებ ჩანაწერი არ იძებნება.
ამდენად, გავრცელებული ფოტოანაბეჭდი გაყალბებულია, ხოლო რიჟვაძის დაჯარიმებასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ დასტურდება.