გადამოწმებული ფაქტები კონტექსტის გარეშე

სოციალურ ქსელში „ტვ პირველის“ ჟურნალისტის ვიდეო მანიპულაციურად ვრცელდება

სოციალურ ქსელში Facebook-გვერდი ავრცელებს „TV პირველის“ ეთერში გასული გადაცემის ნაწყვეტს, რომელშიც ჟურნალისტი საუბრობს 2025 წლის 8 სექტემბერს თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. მარცხნივ კი პოლიციისა და აქციის მონაწილეების შეტაკების კადრებია.

Facebook-ზე გავრცელებული ვიდეო ეკა მიშველაძის გადაცემა „საჯარო პოლიტიკის“ ნაწყვეტია. მოჭრილ ვიდეოში „TV პირველის“ კორესპონდენტი ირაკლი ბახტაძე ამბობს: „როგორც ჩანს, დღეს გელა გელაძის უწყებამ გადაწყვიტა, რომ მელიქიშვილის გამზირზე არცერთი პოლიცია არ გაუშვას. დაპირისპირება რამდენიმე ხნის განმავლობაში გრძელდებოდა, სამართალდამცველები ამ ტერიტორიაზე არ იმყოფებოდნენ და…“ ვიდეო სპეციალურად წყდება ამ მომენტზე, რათა მნიშვნელოვანი კონტექსტის გამოტოვებით, შეიქმნას შთაბეჭდილება, თითქოს ჟურნალისტი ცრუობს.“  (არქივირებული ბმული)

პირდაპირი ეთერის სრულ ვერსიაში ჩანს, რომ „ტვ პირველის“ კორესპონდენტი იმაზე კი არ საუბრობს, როგორ განვითარდა მოვლენები 8 სექტემბერის აქციაზე, მთელი საღამოს განმავლობაში, არამედ დასაწყისზე, როდესაც კახა კალაძის შტაბთან მისულ პროტესტის მონაწილეებს თავს დაესხნენ:

„რაც შეეხება დღეს განვითარებულ მოვლენებს, თავდაპირველად უნდა დავიწყოთ იმით, რომ მელიქიშვილის გამზირზე ქართული ოცნების მერობის კანდიდატის, კახა კალაძის, საარჩევნო შტაბთან 8 საათზე იყო საპროტესტო აქცია დაგეგმილი. ეს გავრცელებული ინფორმაცია იყო. სხვადასხვა წყაროს მეშვეობით, მათ შორის, მედიაშიც არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 8 საათზე აქციის მონაწილეები ქალაქის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის  საარჩევნო შტაბთან შეიკრიბებოდნენ, თუმცა ამის მიუხედავად, რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები მელიქიშვილის გამზირზე არ იყვნენ მობილიზებული. ამ დღეების განმავლობაში, როდესაც აქციის მონაწილეები გეგმავენ საპროტესტო აქციას მელიქიშვილის გამზირზე, განსაკუთრებული მობილიზება არის როგორც საპატრულო და კრიმინალური პოლიციის, თუმცა, როგორც ჩანს, დღეს გელა გელაძის უწყებამ გადაწყვიტა, რომ მელიქიშვილის გამზირზე არცერთი პოლიცია არ გაუშვას. დაპირისპირება რამდენიმე ხნის განმავლობაში გრძელდებოდა, სამართალდამცველები ამ ტერიტორიაზე არ იმყოფებოდნენ და შესაბამისად, მმართველი პარტიის მხარდამჭერებმა, გულშემატკივრებმა და „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა შეძლეს მოქალაქეების ცემა. ქუჩა-ქუჩა დასდევდნენ აქციის მონაწილეებს, მათ შორის, ქალებს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა და ამის შემდგომ, უკვე გამოჩდნენ საპატრულო და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები მელიქიშვილის გამზირზე…

ვიდეოს სრული ვერსია ცხადყოფს, რომ ჟურნალისტი კონფლიქტის საწყის პერიოდზე გვიყვება, როდესაც კახა კალაძის შტაბს აქციის მონაწილეები მიუახლოვდნენ. იმ დროისათვის ტერიტორიაზე პოლიცია არ იმყოფებოდა, რასაც ინტერნეტსივრცეში კერძო პირებისა და მედიასაშუალებების მიერ გამოქვეყნებული კადრებიც ადასტურებს. თავდაპირველად, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი შენობიდან მომავალი მარშის მონაწილეები მივიდნენ.  აღნიშნული მონაკვეთი კარგად ჩანს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ ხატია სიჭინავას Instagram-ამბებში (Story). კადრებში ისმის მარშის მონაწილეების რუტინული შეძახილები, რომლებსაც ისინი  მარშებზე ყოველდღიურად იყენებენ: „საკუთარი ერის მტერი არ დარჩება დაუსჯელი“; „არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა“.

რუტინული შეძახილების შემდეგ, აქციის ერთ-ერთი მონაწილე სიტყვით გამოდის და ამბობს: „კახი კალაძე ისტორიას დარჩება, როგორც ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული მერი. მაშინ, როდესაც თბილისში 45 ათასი ადამიანი ყოველდღე იკვებება სოციალურ სასადილოებში. 45 ათასი ადამიანი ყოველდღე…“.  ამ დროს მელიქიშვილის გამზირზე, აქციის მონაწილეების უკან, რამდენიმე ავტომობილი ჩერდება. კადრებში ჩანს, რომ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები აქციის მონაწილეებს  ფიზიკურად დაუპირისპირდნენ (1234). შტაბთან პოლიციელები მხოლოდ რამდენიმე წუთის შემდეგ  გამოჩნდნენ„ტვ პირველის“ პირდაპირ ეთერში ასევე ჩანს, რომ ადგილზე იმყოფებოდა ვაკე-საბურთალოს პოლიციის მაღალჩინოსანი გოგი ბაგიანიც. 2025 წლის 8 სექტემბერს მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე მოვლენები დეტალურად აღწერილია „ჯეოფაქტსის“ სტატიაში.

ამგვარად, „ტვ პირველის“ ვიდეო მანიპულაციურად არის რედაქტირებული. სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს კორესპონდენტი იტყუება და აღნიშნული ტექსტით, რომ პოლიცია ადგილზე არ იმყოფებოდა, ზოგადად, 8 სექტემბრის მოვლენებზე საუბრობს. ვიდეო შეცდომაში შემყვანია, ვინაიდან პირდაპირი ეთერის სრულ ვერსიაში ირაკლი ბახტაძე საუბრობს თავდასხმის საწყის ეტაპზე, როდესაც კალაძის შტაბის წინ პოლიცია მართლაც არ იყო მობილიზებული.

იხილეთ ყველა სტატია

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 info@geofact.ge