გადამოწმებული ფაქტები კონტექსტის გარეშე

სოციალურ ქსელში ამერიკელ აქტივისტ ჩარლი კირკთან დაკავშირებით, კონსპირაცია ვრცელდება

სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში ცნობილი კონსერვატორი აქტივისტის, ჩარლი კირკის, ფოტოებს ავრცელებს (დაარქივებული ბმული). მარცხენა ფოტოზე კირკს ბეჭედი -არათითზე, ხოლო მარჯვენა ფოტოზე ნეკა თითზე უკეთია. Facebook-ანგარიში: „ეს აბსოლუტურად შეშლილობაა! შეგიძლიათ, ვინმემ ამიხსნას? რამდენიმე ვიდეო აჩვენებს, რომ როდესაც მას ესვრიან, მისი ქორწინების ბეჭედი მყისიერად გადადის საჩვენებელ თითზე [როგორც ჩანს, ანგარიში გულისხმობს ნეკა თითს]. ეს როგორ აიხსნება?“. პოსტი მომხმარებელს უქმნის შთაბეჭდილებას, რომ კირკის მკვლელობის კადრები დამონტაჟებულია.

რეალურად, როგორც კირკის გამოსვლების წინა ვიდეოებშიც ჩანს,  მისი ოქროსფერი  ბეჭედი რეგულირებადია და უკანა მხარეს სპეციალური სამაგრი აქვს, რაც ბეჭდის გადაადგილებას და ასევე, ზომის რეგულირებას ამარტივებს. კადრებში ჩანს, რომ მკვლელობისას კირკმა ხელი სწრაფად აიქნია და სავარაუდოდ, სწორედ ამ მიზეზით, ბეჭედი არათითიდან  ნეკა თითზე ჩაცოცდა.

ჩარლი კირკს, ცნობილ ამერიკელ კონსერვატორ აქტივისტს, 10 სექტემბერს  იუტა ველის უნივერსიტეტში, სტუდენტებთან შეხვედრისას, ტყვია ყელში ესროლეს. კირკი, საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ, მალევე გარდაიცვალა. ამერიკელი აქტივისტი დონალდ ტრამპის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მხარდამჭერი და MAGA-ს მოძრაობის ერთ-ერთი სახე იყო. სწორედ მან დაწერა 2020 წელს ბესტსელერი წიგნი  „The Maga Doctrine“ („MAGA-ს დოქტრინა“).

მისი მკვლელობის კადრებში მართლაც ჩანს, რომ მკვლელობამდე ბეჭედი არათითზე ეკეთა, ხოლო მკვლელობის შემდეგ – ნეკზე (იხილეთ ფოტოები). აღნიშნულ ფაქტს სოციალურ ქსელებში არაერთი კონსპირაციული მტკიცების გავრცელება მოჰყვა. მათ შორის, მომხმარებლები ამტკიცებდნენ,  რომ კირკის სიკვდილის კადრები  გაყალბებული იყო და აქტივისტი  ცოცხალია.  მსგავსი კონსპირაციული მტკიცებების გავრცელებას  კანადური CBC News გამოეხმაურა.

 

სინამდვილეში, ოქროსფერ ბეჭედს, რომელსაც კირკი ხშირად ატარებდა, უკანა მხარეს შესაკრავი აქვს.  ეს ბეჭედი ეკეთა კირკს მიმდინარე წლის მაისში სტუდენტებთან შეხვედრის დროს. ვიდეოს ერთ-ერთ მონაკვეთში ჩანს, თუ როგორ მარტივად იხსნის კირკი ბეჭედს და ხელში ათამაშებს.   კადრებში ასევე კარგად ჩანს ბეჭდის უკანა გახსნილი  ნაწილიც (იხილეთ ფოტო).  სავარაუდოდ, სროლამდე ბეჭედი გახსნილ მდგომარეობაში იყო, შესაბამისად, ხელის ძლიერი გამოძრავების შემდეგ, გადაადგილდა.

ფოტო: CBC.News

ამდენად, ჩარლი კირკის მკვლელობის კადრებში ბეჭდის გადაადგილების გამოყენება იმის მტკიცებულად, რომ კადრები ხელოვნურადაა შექმნილი და რეალურად კირკი არ მომკვდარა, კონსპირაციაა და სიმართლეს არ შეესაბამება.

 

იხილეთ ყველა სტატია

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 info@geofact.ge